Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროსტიტუციის ლეგალიზების შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი 17 იანვარს საინფორმაციო სააგენტო კავკას-პრესმა გაავრცელა ცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრეა.

მინისტრის აზრით, ამ საკითხს სპეციალური კანონი უნდა არეგულირებდეს. პროსტიტუციის ლეგალიზების მოთხოვნა ქართულ სინამდვილეში არახალია. პირველად ის კომუნისტების დროს, 1987 წელს გაისმა. მე-15 წელიწადია, პროსტიტუციის ლეგალიზების საკითხს წამოჭრიან და დასძენენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ლეგალიზებას ეწინააღმდეგება. ამასთან, პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ლეგალიზებას უკავშირებენ, ღიად რჩება.

თითქმის ყველა არგუმენტი, აქამდე პროსტიტუციის ლეგალიზების სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ რომ გამოთქმულა, არათუ დაძველდა, გაქვავდა და არგუმენტის შინაარსიც დაკარგა. ლეგალიზების მომხრენი ამბობენ, რომ ამოდიან რეალობიდან: პროსტიტუცია და მისი მიმდევარნი ისედაც არსებობენ; პროსტიტუცია კანონით არ ისჯება, სამაგიეროდ, კანონი დევნის "ბუნაგის" ანუ "ბორდელის" მოწყობას, მოკლედ, ორგანიზებულ პროსტიტუციას.

ეს გარკვეულად წინააღმდეგობრივი ვითარებაა. მეძავთა ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ აკონტროლებს, რაც სხვადასხვა ინფექციური თუ ვენერიული დაავადების გავრცელებას უქმნის ნიადაგს. ამავე დროს, მეძავები იძულებული არიან, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებს ხარკი უხადონ ან შეღავათიანი ტარიფით მოემსახურონ. მეძავი არის ძალადობის მსხვერპლი, დამცირებული და სოციალურად მოკვეთილი. ამ პრობლემათა მოსაგვარებლად ან, თუნდაც, შესარბილებლად საჭიროა პროსტიტუციის ლეგალიზება, რასაც, ყველა დარწმუნებულია, მოჰყვება საროსკიპო სახლების დაფუძნება.

კონტრარგუმენტებიც აქედან იწყება: "ეს არის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და მორალის შეურაცხყოფა"; "აზრი, რომ საროსკიპო, როგორც ბიზნეს-ორგანიზაცია, ბიუჯეტს ფულს შემატებს, სატანურია და ქვეყნის დაქცევას მოასწავებს". მოკლედ, სოციალური რიგის არგუმენტებს მორალური არგუმენტები უპირისპირდება, რაც იმთავითვე სპობს დისკუსიის შესაძლებლობას.

მოწინააღმდეგენი სხვადასხვა სიბრტყეში არიან და შეუსაბამო კატეგორიებით კამათობენ. ამიტომაც ლაპარაკს არავინ გაცილებია. ჯანდაცვის მინისტრი ბრძანებს, რომ არსებობს დავალება, მომზადდეს კანონპროექტი; არის ზოგადი მონახაზიც. სამწუხაროდ, 17 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროში არ აღმოჩნდა არც ერთი მოხელე, ვინც გვეტყოდა, რა ძირითად დებულებებს გულისხმობს ხსენებული მონახაზი. თავად მინისტრი მოსკოვს გაემგზავრა.

პოლიტიკოსები, რომელთაც ოდესმე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ამბობენ, რომ მინისტრად დამტკიცებისას ამირან გამყრელიძეს არაფერი უთქვამს პროსტიტუციის ლეგალიზების შესახებ. ისინი არ უარყოფენ, რომ პრობლემას მოწესრიგება სჭირდება, მაგრამ საქართველოში ეს გაძნელდება. კავკას-პრესის ინფორმაციით, კანონის მიღებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა თავად მინისტრმა გამყრელიძემაც. შებრკოლების მთავარი ლოდი ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრია, რომელსაც სხვა დროს, შეიძლება ითქვას, არაფრად აგდებენ.

კავკასიის გამოკვლევათა ცენტრის შარშან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70% პროსტიტუციის ლეგალიზების წინააღმდეგი იყო. არადა, გასაგებად, მეტ-ნაკლებად ვრცლად და დამაჯერებლად ჯერ არავის განუმარტავს, კონკრეტულად რას შეიძლება ნიშნავდეს ლეგალიზება მაინცდამაინც საროსკიპოთა მასობრივად გახსნის გარდა.
XS
SM
MD
LG