Accessibility links

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნატოში შეერთებული შტატების მისიაში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ამ რამდენიმე დღის წინათ გიამბეთ საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე ბრიუსელში, ნატოში შეერთებული შტატების მისიაში.

დღეს განვაგრძობთ საუბარს “ნატოს ტურის” ირგვლივ.

საიდუმლო არ არის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება მალე ვერ მოხდება, მაგრამ ამ პროცესთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ბარიერი, დელეგაციის წევრთა აზრით, უკვე გადალახულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თვით ნატოს შიგნითაც.

რამდენად ითვალისწინებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რომელიმე სხვა სახელმწიფოს, მაგალითად, რუსეთის პრეტენზიებს ახალი ქვეყნების მიღებასთან დაკავშირებით?

საქართველოს დელეგაციის წევრის, სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილის შალვა ფიჩხაძის თქმით, “ნატოს ტურის” მსვლელობისას ეს საკითხი განიხილებოდა, მაგრამ როგორც შეერთებული შტატების მისიის თანამშრომლებმა, ისე ნატოს სხვა ოფიციალურმა პირებმა, მკაფიოდ განაცხადეს, რომ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნების პრეტენზიები გათვალისწინებული არ იქნება.

[შალვა ფიჩხაძის ხმა] “ეს საკითხები არის მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის ან გაწევრიანების მოსურნე ქვეყნის და ნატოს გადასაწყვეტი და არც ერთი სხვა რომელიმე მესამე ქვეყნის. რა თქმა უნდა, ყველა ითვალისწინებს ყველას ინტერესს როგორც კავკასიის რეგიონში, ისე დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ ის ინტერესი რუსეთისა, შესაძლო ინტერესი – ვიმეორებ, შესაძლო ინტერესი – რომ რომელიმე ქვეყანა არ გაერთიანდეს ნატოში, ნატოელთა სრულიად მკაფიო განცხადების თანახმად, განხილული არ იქნება.”

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯერჯერობით არც ნატოს ინტერესებია გამოხატული საკმაოდ მკაფიოდ კავკასიაში და არც საქართველო არის მზად იმისათვის, რომ ამ ალიანსის წევრი გახდეს.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტის საკითხს, რომელიც დროდადრო წამოიჭრება საქართველოს პოლიტიკურ წრეებში, შალვა ფიჩხაძე ამბობს: [შალვა ფიჩხაძის ხმა] "ნეიტრალიტეტი, მე მგონი, საქართველოს ვერ დაიცავს; დაიცავს სწორედ დასავლეთი, დასავლური ფასეულობები და დასავლური სტრუქტურები. აი, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა გვესმოდეს. ნეიტრალიტეტი დღევანდელი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის, თუ დამღუპველი არა, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ისეთი... სარისკო და ცეცხლთან თამაში."

ჩემი თანამოსაუბრის თქმით, მთავარია, ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის ნიადაგი საერთაშორისო ასპარეზზე მომწიფდეს, საერთოდ კი, ნატოში უფრო მეტად ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პარტნიორი ქვეყანა ალიანსის სტანდარტებს: [შალვა ფიჩხაძის ხმა] “თუმცა, ერთ რამეზე არ შემიძლია, რომ არ ვისაუბრო. ეს გახლავთ ე.წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპი. ხანდახან ხდება ისე, რომ ქვეყანა ნაკლებად აკმაყოფილებს, ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს – ამ შემთხვევაში, გნებავთ, ნატოს ან ევროკავშირის სტანდარტებს – მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობა უბიძგებს ხოლმე ამ ორგანიზაციებს, ქვეყანა, თუნდაც, აი, ასეთი დაბალი სტანდარტებითაც კი, მიიღოს თავის რიგებში. ჩამოთვლა რომ დავიწყო, ევროკავშირის, სულ ცოტა, ორ ან სამ ქვეყანას მაინც დაგისახელებთ, რომლის სტანდარტები გაცილებით დაბალია სხვა წევრი ქვეყნების სტანდარტებზე, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობა კარნახობს იმას, რომ ეს ქვეყნები უნდა იყვნენ ევროპის კავშირის წევრები. მსგავსი შეიძლება მე გითხრათ ნატოზეც.”

როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, – დასძენს შალვა ფიჩხაძე – ჩვენი დელეგაციის სტუმრობამ ნატოში შეერთებული შტატების მისიაში დაგვანახა, რომ მასპინძლები კმაყოფილი არიან საქართველოს დამოკიდებულებით ნატოს მიერ მისთვის გაწეული დახმარებისადმი. “ნატოს ტურის” შეხვედრებზე არაერთხელ აღინიშნა, რომ საჭიროა, გაგრძელდეს მიზანმიმართული მუშაობა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ჩარჩოებში.
XS
SM
MD
LG