Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა


თბილისის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიას არასტაბილურად იღებს.

"AES თელასი" ელექტროენერგიით მთელი დედაქალაქის გრაფიკის მიხედვით მომარაგებაზე გადაყვანას ერიდება და დენის გარეშე ხან ერთ უბანს ტოვებს და ხან მეორეს. 16 იანვარს „თელასის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თბილისის რამდენიმე რაიონს დენის გრაფიკს უწესებენ. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი და ის რამდენად რეალურია მისი განხორციელება?

თბილისელების უმრავლესობა ყოველ საღამოს ამჩნევს საახალწლო ფერადი ლამპიონებით განათებულ ქუჩებს, რაც ნებისმიერ მათგანში ბუნებრივ კითხვას ბადებს: თუ ქუჩების განათება ხერხდება, რატომ იქცა გადაუჭრელ პრობლემად კეთილსინდისიერი გადამხდელის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა? მით უმეტეს, რომ, თუ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დავუჯერებთ, საქართველოს ელექტროსისტემაში იმაზე მეტი სიმძლავრის ენერგიაა, ვიდრე თბილისის მოსამარაგებლად არის აუცილებელი. „AES თელასმა" კი გამოაცხადა, რომ თბილისის იმ რაიონებს, სადაც ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებელი 5 პროცენტს არ აღემატება, დენი გრაფიკით, 12-დან 17 საათამდე მიეწოდება.

კომპანიის ლობისტმა ირაკლი მელაშვილმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი ელექტროსისტემაა, რომელიც „თელასის" მიერ მოთხოვნილი ენერგიის მოცულობის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს. ირაკლი მელაშვილის მტკიცებით, საფასურის ლეგალური გადამხდელის, „თელასის" ნაცვლად, ენერგობაზარი დენს არგადამხდელ მომხმარებლებს აწვდის.

[ირაკლი მელაშვილის ხმა] "არგადამხდელები არ იხდიან იმ თანხას, რა თანხაც უნდა შევიდეს ოფიციალურ სტრუქტურებში, ოფიციალური გადასახადი რაც არის. მაგრამ სამაგიეროდ მის ნაწილს, ნაღდი ფულის სახით, უხდიან ენერგეტიკის სხვადასხვა დარგების ხელმძღვანელებს. ამიტომ "თელასისათვის" მიწოდება ამ ხალხის ჯიბეს არაფერს არ მოუტანს."

კორუფციაში ამ ზოგადი ბრალდების საპასუხოდ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ასახელებს კონკრეტულ ფაქტს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ "თელასი" თავად არაა დაინტერესებული, მთლიანად აითვისოს თუნდაც მხოლოდ მის ხელთ არსებული სიმძლავრეები. ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნინო ასათიანის განცხადებით: [ნინო ასათიანის ხმა] "გუშინ ჰქონდა ისეთ ფაქტს ადგილი, რომ დაახლოებით გვიან ღამე მათ მოხსნეს სასომხეთიდანაც და აზერბაიჯანიდანაც ტვირთი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია... დისპეჩერებიდან ინფორმაცია, სასომხეთიდან მოდიოდა 30 მეგავატი, აზერბაიჯანიდან 4 მეგავატი."

ცნობისათვის: AES-ს სომხეთიდან 150 მეგავატის, ხოლო აზერბაიჯანიდან 80 მეგავატის მიღება შეუძლია.

"თელასის" წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული ზოგადი ბრალდებები კი მის ოპონენტებს კიდევ ერთხელ აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას AES-ი ყველაფრის სხვებზე გადაბრალების გზით ცდილობს. ან კიდევ, ატეხილი აჟიოტაჟით, ადგილობრივ ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული იაფფასიანი ენერგიის მთლიანად დაუფლება სურს. იმპორტირებული დენი ხომ ადგილობრივზე გაცილებით ძვირია.

თუ ოპონენტების ვარაუდი მცდარია და AES-ი საბითუმო ბაზრის ან დისპეჩერიზაციის მხრიდან ვალდებულებების დარღვევის რაიმე კონკრეტულ ფაქტებს ფლობს, მან ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ან სასამართლოს უნდა მიმართოს.
XS
SM
MD
LG