Accessibility links

logo-print

გადაიხდის თუ არა რუსეთი ბაზების საქართველოში ყოფნის საფასურს?


სტამბოლის შეთანხმების შესაბამისად, წელს საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო დელეგაციებმა უნდა განაახლონ მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების ფუნქციონირების ვადების თაობაზე.

თუმცა, თავისი არსით აღნიშნული პროცესი სულ უფრო ემსგავსება წვრილმან ვაჭრობას წესების გარეშე. როგორც ცნობილია, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ილია კლებანოვმა ბაზების გატანისთვის საქართველოს 13 წელი და კომპენსაცია მოსთხოვა. ამას კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ორი ბაზის დახურვა ტექნიკურად სამ წელიწადშიც იოლად შეიძლება და, თავის მხრივ, ჩრდილოელ მეზობელს სამხედრო ბაზების მოქმედებისთვის საფასურის გადახდას სთხოვს.

საკითხი “არახალია” – საქართველოს ხელისუფლებას პერმანენტულად ახსენდება ხოლმე, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის საფასურად რუსეთის მთავრობამ ზუსტად ისევე უნდა გადაიხადოს ყველა სახის გადასახადი, როგორც ამას ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს. მით უფრო, რომ საქართველოს კნინ ბიუჯეტს, რომელიც ყოველწლიურად ნაკერებზე ირღვევა, დამატებითი საგადასახადო შემოსავლები ნამდვილად არ აწყენდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა ბეჟუაშვილი სწორედ აქედან გამომდინარე აცხადებს, რომ დადაგა დრო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სერიოზულად უნდა მოსთხოვოს სამხედრო ბაზების ყოფნის საფასურის გადახდა. [გელა ბეჟუაშვილის ხმა] “საუბარი არის მიწის გადასახადზე, ვთქვათ, შენობის ამორტიზების გადასახადზე, წყალი, დაბინძურება, ეკოლოგია, სიხშირეების გამოყენება. მე მეტსაც გეტყვით: ჩვენ შეგვიძლია, რომ წავუყენოთ მათ შენობების იჯარის თანხა, რაც გააკეთა ესტონეთმა, რაც გააკეთა ლატვიამ, რაც გააკეთა ლიტვამ.”

როგორც ირკვევა, ზემოხსენებული გადასახადებიდან რუსი სამხედროები დღესდღეობით მხოლოდ ელექტროენერგიისა და ნაწილობრივ წყლის გადასახადს იხდიან. რაც შეეხება შენობების იჯარას, აქ გამეფებული განუკითხაობა იმდენად საეჭვო ხასიათისაა, რომ იგი, შესაძლოა, ანტიკორუფციული ბიუროს საგანგებო შესწავლის საგანიც გახდეს.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] “აქ იყო უკუღმართი პროცესი: იქით რუსები უდებდნენ ხელშეკრულებებს სხვა ორგანიზაციებს, ხსნიდნენ აბანოებს, აკეთებდნენ სპორტულ დარბაზებს. იქით იჯარით გასცემდნენ ჩვენ ქონებას და ფული შესდიოდათ რუსეთის ოფიცრებს და გენერლებს აქ. ეს საკითხი ჩვენ დავაყენეთ წინა მოლაპარაკებებზე, ვაჩვენეთ მათ სურათები ამისი.”

უკუღმართი საქმეების გამოსწორების სურვილი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა საკითხავია, რამდენად ეყოფა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, შემდგომ მოლაპარაკებებზე რუსეთს გადაჭრით მოსთხოვოს ბაზებით სარგებლობის საფასურის გადახდა. მით უმეტეს, რომ ვალებთან დაკავშირებით მოსკოვიდან ზოგჯერ ასეთი მრავალმნიშვნელოვანი განცხადებებიც კეთდება:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] “თუ ათას კუბურ მეტრ გაზს ჩვენ დასავლეთში 110 დოლარად ვყიდით, უკრაინაში – 80-ად, ხოლო სომხეთში – 53-ად, საქართველოს მხოლოდ 50 დოლარს ვახდევინებთ. ჩვენ გამოვეხმაურეთ საქართველოს ხელისუფლების თხოვნას, მოგვეხდინა რუსეთის მიმართ საქართველოს დავალიანების რესტრუქტურიზება. და ჩვენ ეს შევასრულეთ.”

გავიხსენოთ, რომ შარშან, ოქტომბერში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ეს უბრალო შეხსენებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უეცრად შეეცვალა დამოკიდებულება აფხაზეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხში. და არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ მსგავს “ცივ შხაპს” რუსეთის ხელისუფლება ზამთრის პერიოდში კიდევ ერთხელ არ გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG