Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უმთავრესი ამოცანები დგას ავღანეთის წინაშე?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ეიფორიის შემდეგ, რომელიც თალიბანის დამხობას მოჰყვა, ავღანეთი ნელ-ნელა იაზრებს, თუ რა უზარმაზარი სიძნელეების წინაშე დგას სტაბილურობისა და ქვეყნის აღდგენის გზაზე.


ამ კვირის დამდეგს ქაბულში ავღანეთის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა ჟურნალისტების მცირე ჯგუფს ესაუბრა. ამ ჯგუფში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრუს პანიერიც იყო.

ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო, გახლდათ ლოია ჯირგა – დიდი საბჭო, რომელმაც მომავალი 6 თვის განმავლობაში ავღანეთის კონსტიტუცია უნდა შეიმუშავოს. შემდეგ კი, არჩევნების მეშვეობით შექმნას მთავრობა და პარლამენტი. ამისთვის მას ორი წელი მიეცემა.

ლოია ჯირგას მუშაობას მეთვალყურეობას გაუწევს ავღანეთის ყოფილი მეფე, ლტოლვილობაში მყოფი, 87 წლის მოჰამად ზაჰირ შაჰი. აბდულამ აღნიშნა, რომ ლოია ჯირგა ავღანეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის, პუშტუნების ტრადიციას ეკუთვნის. მაგრამ, მისივე თქმით, მსოფლიოს საზოგადოებრიობა მოითხოვს, რომ მთავრობაში ქვეყნის ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი იყოს წარმოდგენილი, ასე რომ, ეს არ იქნება მე-18, მე-19 ან მე-20 საუკუნეებში მოქმედი ლოია ჯირგების ასლიო.

აბდულა შეეხო, აგრეთვე, ბონის შეთანხმებას, რომელიც გაეროს შუამავლობით იქნა მიღწეული გასული წლის დეკემბერში. მან აღიარა, რომ, მიუხედავად ზოგიერთი ხარვეზისა, არსებულ ვითარებაში ეს კარგი კომპრომისია.

[აბდულა აბდულას ხმა] “ვფიქრობ, ყველამ უნდა აღიაროს, რომ ეს საუკეთესო შეთანხმებაა, რისი მიღწევაც კი შეიძლებოდა 23 წლის ომების შემდეგ სხვადასხვა დაჯგუფებებს, სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებს შორის, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანა უჭერდა მხარს. და ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ავღანეთის ხალხისთვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭების მიმართულებით.”

დღევანდელ ავღანეთში ყველაზე აქტუალური საკითხი უსაფრთხოებაა. ქაბულში ამ მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ქვეყნის დანარჩენ ნაწილებზე და მათ დამაკავშირებელ გზებზე ეს არ ითქმის.

აბდულა ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ამჟამად 600-დან 700 ათასამდე შეიარაღებული კაცია. ავღანელები ტრადიციულად ატარებენ იარაღს, მაგრამ აბდულა გულისხმობს ყოფილ მებრძოლებს ქვეყნის სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფიდან.

ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოჰამედ ფაჰიმის თქმით, ავღანეთში უნდა იმყოფებოდეს უცხო ჯარების მინიმალური რიცხვი და ისიც მხოლოდ ქაბულში. მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სანამ ქვეყანაში საკუთარი უშიშროების ძალები შეიქმნებოდეს, იქ უშიშროების საერთაშორისო ძალების ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელია, და არა მარტო დედაქალაქში.

ხუთშაბათს, დილას, ქაბულში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ჩავიდა. მან თქვა, რომ ავღანეთის აღდგენის დონორთა კონფერენციაზე, რომელიც მომავალ კვირაში ტოკიოში ჩატარდება, ვაშინგტონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
XS
SM
MD
LG