Accessibility links

“ჰიუმან რაიტს უოჩი” საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ


მეოცე საუკუნეში გაჩენილი ფენომენი, ადამიანის უფლებები, მათი დაცვა და მათი დაცვისათვის ბრძოლა, პოპულარული თემაა.

ადამიანის უფლებებს იცავენ კერძო პირები და საზოგადოებები, რომელთა რიცხვი, სხვათა შორის საქართველოშიც, არ არის მცირე.

ეს სიტყვები ამოვიკითხე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის “ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2001 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას შეეხება. ანგარიშიდან ბევრს შეიტყობთ საქართველოში ადამიანთა გარკვეული ჯგუფების უფლებებისა და მათი უუფლებობის შესახებ; იმასაც, რომ ამ უფლებათა დამცველები, მაგალითად პოლიცია, არათუ არ იცავენ მოქალაქეთა უფლებებს, არამედ, პირიქით, ხშირად მათ დამრღვევებად გვევლინებიან. ასეთია “ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშის შემდგენელთა თვალსაზრისი. მეტიც, ამ ორგანიზაციის დაკვირვებით, საქართველოს მთავრობა სცოდავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული ელემენტარული უფლებების დაცვის საქმეში.

წინაწარ გაგაფრთხილებთ: ახალს ნურაფერს მოელით, დარღვევის ეს ფორმები და ფაქტები საქართველოს საზოგადოებისთვის ცნობილია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დარღვევების ალბათ უხვი რაოდენობა მოიპოვება ამ მხრივ ისეთ ჩამორჩენილ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაგრამ ეს ანგარიში ყველა შემთხვევას ვერ განიხილავს და მის ავტორებს ეს განზრახვა, ალბათ, არც ჰქონიათ.

ანგარიშის პირველ პასაჟებს “ჰიუმან რაიტს უოჩი” რელიგიური უფლებების დარღვევას უთმობს. საკითხი მთავარი ალბათ იმიტომ არის, რომ ეს ქვეყანა რელიგიური შემწყნარებლობით თავს იწონებდა ყოველთვის და ახლა ღია დევნა სხვა ეკლესიების მიმდევრებისა, გაუგებრობას იწვევს. “იეღოვას მოწმეების” სახელით ცნობილი რელიგიური გაერთიანება არის “ჰიუმან რაიტს უოჩის” დაცვის საგანი. ანგარიშის თანახმად, იეღოველებთან ერთად სდევნიან ორმოცდაათიანელებს და ბაპტისტებსაც. მათი მთავარი მტერია მართლმადიდებლობის სახელით მოქმედი ჯგუფი, რომელსაც მოქმედების ფორმად ძალადობა აქვს არჩეული და რომელსაც ყოფილი მართლმადიდებელი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი წინამძღოლობს.

ანგარიშში ჩამოთვლილია არაერთი შემთხვევა “იეღოვას მოწმეების” მრევლის ცემის, მათ შორის ჯვრის ფორმის მძიმე კეტებითა და, ნუ გაგიკვირდებათ, ბიბლიით. ანგარიშის შემდგენელთათვის ცნობილია ასევე, რომ პოლიციამ, 2001 წლის 27 თებერვალს “იეღოვას მოწმეების” შეკრების ადგილის კარი გაუღო მოძალადეებს და მათ გზა და საშუალება მისცა მლოცველების ცემისა და იქაურობის დარბევისა. “ჰიუმან რაიტს უოჩი” თავის ანგარიშში შენიშნავს, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს ფაქტი არ დაგმო, საქართველოს მასმედია კი (კონკრეტულად ტელეარხი “კავკასიონია” მოხსენიებული), პირიქით, თითქოს წაახალისებდა და ამართლებდა მკალავიშვილელების მოქმედებას.

საზოგადოების ინერტულობა, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება, გაეუქმებინა “იეღოვას მოწმეების” ოფიციალური რეგისტრაცია, მოძალადეების წისქვილზე ასხამდა წყალს და რელიგიური ჯგუფების, ცალკე პიროვნებების მიმართ ძალადობამ იმატა ქალაქსა თუ პროვინციაში. ანგარიშში საჩხერისა და მარნეულის ამბებია მოყვანილი.
“ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშში ნათქვამია, რომ არა მხოლოდ უმცირესობები, არამედ რაიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი უბრალო მოქალაქეები, ასევე უფლებააყრილი არიან. საქართველოს სასამართლოები, ანგარიშის თანახმად, განაგრძობენ ეჭვმიტანილთა იმ ჩვენებებზე დაყრდნობას, რომლებიც აშკარად პოლიციის ძალადობის გზით არის მიღებული. ამასთან, სახელმწიფო ხელს უშლის დაზარალებულებს, სასამართლოს წარუდგინონ ეჭვმიტანილის წამების შესახებ იმ ექსპერტების დასკვნა, რომლებსაც არ აქვთ სახელმწიფო ლიცენზია.

ამავე ნაწილში მოჰყავთ ანგარიშის ავტორებს ევროპის საბჭოს მეთვალყურეთა ამ თემაზე შეგროვებული ფაქტების კახა თარგამაძისეული უარყოფა. თარგამაძეს, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრს, უთქვამს, ამ ფაქტებს საქართველოს მტრები ავრცელებენო.

“ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშში ლაპარაკია, აგრეთვე, “რუსთავი-2”-ზე, ტელეარხზე, რომელიც ყურადღების ცენტრში იყო 2001 წელს. “ჰიუმან რაიტს უოჩის”ანგარიშის ავტორები, აღწერენ იმ ამბავს, როცა ტელეარხის საბუღალტრო საბუთების შემოწმება ისურვეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და ეს საზოგადოების მიერ პრესის თავისუფლებაზე სახელმწიფოს თავდასხმად იქნა მიჩნეული. ანგარიში ცდილობს განმარტოს, რომ ეს ფაქტი სახელმწიფოსა და ტელესადგურს შორის მტრობის კულმინაციას გამოხატავდა. მანამდე კახა თარგამაძე “რუსთავი-2”-ს დამუქრებია, მოგსპობთო. უფრო ადრე კი თარგამაძე იძულებული შეიქნა, გაეთავისუფლებინა თბილისის პოლიციის უფროსი, რისი მიზეზიც ასევე “რუსთავი-2”-ის მიერ მიკვლეული ფაქტი იყო, ფარული კამერით გადაღებული მასალა იმაზე, თუ როგორ მიჰყიდდა პოლიციასთან შეკრული პირი ნარკოტიკს მსხვერპლს, რომელსაც მერე ფულის გამოძალვის ობიექტად იყენებდნენ.

ანგარიში ახსენებს გიორგი სანაიასაც, რომლის მკვლელობის გარშემო არაერთი ვერსია არსებობდა, ვიდრე მის მკვლელობაში აშკარა ეჭვმიტანილს არ დაიჭერდნენ. ანგარიშის ავტორები იცნობენ იმ ვერსიასაც, რომ თითქოს სანაიას პანკისისხეობელ ნარკომაფიასთან საქართველოს სამართალდამცველების პირდაპირი კავშირის დამადასტურებელი მასალა ჰქონდა.

შემდეგი თემა საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გარეთ მყოფი არეალებია: აფხაზეთი და დღეს ასე აქტუალური პანკისის ხეობა. ანგარიშის ავტორების თანახმად, პანკისში არ მოქმედებს საქართველოს კანონი, იქ არაერთი გატაცებული ადამიანი ეგულებათ, რომელთა გამოსასყიდ თანხასაც მოითხოვენ იქ გამაგრებული დამნაშავეთა ბანდები.

აფხაზეთის თაობაზე “ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშის ავტორები წერენ, რომ კოდორის ხეობაში, ოქტომბერში, ჩეჩნებმა ამბოხი წამოიწყეს. ერთი ვერსიით ეს ჯგუფი პანკისის ხეობიდან იქ საქართველოს უშიშროების უწყებების შუამავლობით იქნა გადაყვანილი. გალის რაიონში და აფხაზეთის ამ არეალში მოქმედი აფხაზური და ქართული შეირაღებული ჯგუფების შესახებ ანგარიში ამბობს, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, მიმართავს ადამიანების გატაცებას ფულის გამოძალვის მიზნით. აქვე ვკითხულობთ, რომ ქართულ ჯგუფს საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს.

“ჰიუმან რაიტს უოჩის” წლიურ ანგარიშში წაიკითხავთ, აგრეთვე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების პასიურობის შესახებ. მოხსენებულია მიხეილ სააკაშვილის გადადგომის ამბავიც.

ამას მოჰყვება საერთო პრობლემის განხილვა. კერძოდ კი მოქალაქეთა მძიმე ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის უგულებელყოფა და ხალხის სუსტი პროტესტი. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მაისში გვარდიის მთელი ბატალიონი აჯანყდა, რასაც აჯანყებულებთან პრეზიდენტ შევარდნაძის ჩასვლა და გარიგება მოჰყვა. მოხსენიებულია, აგრეთვე, აფხაზი ლტოლვილების მიერ ქუჩის გადაკეტვის, ასევე უშუქობის გამო თბილისში ქუჩაში გასული ხალხის, აზერბაჯანელების ჯგუფის მიერ ასევე უშუქობის გამო ქუჩის გადაკეტვის ამბები. სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უკმაყოფილებას კი, როგორც “ჰიუმან რაიტს უოჩი” წერს, მოჰყვა სომხეთთან საქართველოს ურთიერთობის დაძაბვა.

“ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშის ბოლო ნაწილი ეძღვნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს კავშირურთიერთობის განხილვას. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო საქართველოს მთავრობას გაეროს უწყებები, ასევე ევროპის საბჭო, მოუწოდებენ, დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები. გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს, რომ საქართველოს კანონით არ ისჯება რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაციისკენ წაქეზება.

“ჰიუმან რაიტს უოჩის” წლიური ანგარიშის საქართველოსადმი მიძღვნილი თავი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

http://www.hrw.org/wr2k2/europe9.html
XS
SM
MD
LG