Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება რუსი მშვიდობის დამცველების ჩანაცვლებას ახლო მომავალში არარეალურად მიიჩნევს


გასული წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს,

რათა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლებასა და სამშვიდობო მანდატის გაფართოებას მიაღწიოს. თუმცა საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ იდეის რეალიზება შესაძლოა მეტად ხანგრძლივი და, რაც მთავარია საშიშ რისკებთან დაკავშირებული პროცესი აღმოჩნდეს, თუკი რუსეთის მშვიდობისმყოფლები კონფლიქტის ზონას საერთაშორისო ძალების შემოსვლამდე დატოვებენ.

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო პროცესის გარიჟრაჟზე დაშვებული შეცდომების შედეგებს იმკის.

რუსულ ენაში გაწაფული ჯაბა იოსელიანის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ 1994 წლის მაისის ოთხმხრივი ხელშეკრულებით სამშვიდობო უფლებამოსილება მიანიჭა ქვეყანას, რომლის შეიარაღებულ ქვედანაყოფებს იმხანად სამშვიდობო საქმიანობის არავითარი გამოცდილება არ გააჩნდათ. ეს მდგომარეობა ნათლად არის ასახული მშვიდობის დამცველთა მანდატში, რომლის ძირითადი მოთხოვნაც უსაფრთხოების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებაა, ხოლო კრიმინალურ ელემენტებთან ბრძოლა პოლიციის ადგილობრივი ორგანოების პრეროგატივას წარმოადგენს.

ყველაზე დიდი შეცდომა კი მაინც იმაში მდგომარეობს, რომ სამშვიდობო კონტინგენტის განლაგება გადაწყდა აფხაზეთის იმ რაიონში, სადაც არც კონფლიქტის დროს და არც რუსეთის სამხედრო ნაწილების შესვლამდე სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონდა. მეტიც, შეთანხმების მიხედვით უსაფრთხოების ზონაში მოექცა ქალაქი ზუგდიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია ხობის რაიონის საზღვრებამდე. გარდა ამისა, ხელშეკრულება ავალდებულებდა ოფიციალურ თბილისს, გამოეყვანა თავისი სამხედრო ქვედანაყოფები კოდორის ხეობიდან, რომელიც ადმინისტრაციულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის დაქვემდებარებაში შედიოდა.

ერთი სიტყვით, ეს იყო კაბალური ხელშეკრულება და თითქოს არაფერი უნდა იყოს იმაში მოულოდნელი, რომ თითქმის რვა წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მისი სერიოზულად გადასინჯვის საკითხს აყენებს. მაგრამ ერთია სურვილი და მეორე - რეალობა, რაც სამშვიდობო ფორმატის რადიკალური განახლების საფუძველს ჯერჯერობით არ იძლევა.
[კახა სიხარულიძის ხმა] “მიმდინარეობს კონსულტაციები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, პირველ რიგში მიმდინარეობს გაეროსთან და მეგობარი ქვეყნების ჯგუფთან. ეს კონსულტაციები რომ დროში გაიჭიმა, არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არის რეალური პერსპექტივა, რომ ხვალ რუს სამშვიდობოებს შეცვლის საერთაშორისო კონტინგენტი.”

როგორც 18 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინამ გამოთქვა მზადყოფმა, მიიღოს მონაწილეობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციაში. თუმცა, როგორც კახა სიხარულიძე აცხადებს, საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ჯერ გაეროს უშიშროების საბჭოს, ხოლო შემდგომ უკრაინის საკანანომდებლო ორგანოს თანხმობა ესაჭიროება.

ერთი სიტყვით, ამოცანა არც ისე მარტივად გადასაჭრელი აღმოჩნდა, როგორც ამას სამი თვის წინ ეიფორიაში მყოფი საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა. ამიტომ ოფიციალური თბილისი დღეს უფრო ხშირად საუბრობს ომის განახლების საფრთხეზე, რაც სავსებით რეალურია აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გასვლის შემთხვევაში და სერიოზულად ამზადებს საზოგადოებრივ აზრს, რათა კიდევ ერთხელ გაუგრძელოს მანდატი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ რუს მშვიდობის დამცველებს. თუ, რა თქმა უნდა, უფრო ადრე კოლეგების კრიტიკით განაწყენებულმა რუსეთის ხელისუფლებამ არ თქვა უარი სამშვიდობო ოპერაციის შემდგომ გაგრძელებაზე.
XS
SM
MD
LG