Accessibility links

logo-print

თალიბანისა და “ალ ყაიდის” დაკავებული წევრების მომავალი გაურკვეველია


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ხუთშაბათს, 17 იანვარს, კუბაში მდებარე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე ავღანეთიდან კიდევ 30 პატიმარი ჩაიყვანეს, მათ შორის თალიბანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამად ფაზელი.

ამრიგად, გუანტანამოზე მყოფ პატიმართა რიცხვმა 110-ს მიაღწია. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, “ამნესტი ინტერნეშნლისა” და “ჰიუმან რაიტს უოჩის” თქმით, პატიმრები არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან. ისინი სხედან გალიებში, ღია ცის ქვეშ, და მათ უმოწყალოდ ჰკბენენ მოსკიტები.

ხუთშაბათსვე, ბაზაზე “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციის ოთხი წარმომადგენელი ჩავიდა იმის დასადგენად, თუ როგორ ეპყრობა შეერთებული შტატები პატიმრებს. “ჩვენ შევისწავლით პირობებს და ამის შესახებ კონფიდენციალურად მოვახსენებთ ციხის ადმინისტრაციასო”, თქვა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ურს ბოეგლიმ. მის ოთხკაციან ჯგუფში შედიან, აგრეთვე, ერთი ექიმი, ერთი ლინგვისტი და ერთიც – ციხის პირობების სპეციალისტი.

ადამიანის უფლებათა დამცველების მტკიცებით, პატიმრებს უნდა მიენიჭოთ “სამხედრო ტყვეების” კვალიფიკაცია, რაც მათ გარკვეული უფლებებით უზრუნველყოფდა. მაგრამ პენტაგონი გუანტანამოში მყოფთა მიმართ მხოლოდ ორ ტერმინს იყენებს. ეს ტერმინებია “არაკანონიერი მებრძოლები“ ან “დაკავებულები”.

გუანტანამოს ბაზის უფროსმა ბრიგადის გენერალმა მაიკ ლენერტმა განაცხადა: “ჩვენ ვალდებული ვართ დაკავებულებს ჰუმანურად, საერთაშორისო კანონების შესაბამისად მოვეპყროთო.” ლენერტმა “წითელი ჯვრის” კომისიას წარუდგინა ბაზის 12-კაციანი სამედიცინო პერსონალის ორი წევრი. სამხედრო-საზღვაო ძალების ექიმის, კაპიტან ალ შიმკუსის თქმით, პატიმრებმა გუანტანამოში ჩასვლისთანავე გაიარეს სამედიცინო შემოწმება და მას შემდეგ მათ ყოველდღიურად სინჯავენ.

პენტაგონს ჯერაც არ გადაუწყვეტია, რას უპირებს ამ ადამიანებს. როგორც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, განუსაზღვრელი ვადით დარჩეს პატიმრობაში, თუ მათ საზოგადოებისთვის საშიშ პირებად სცნობენ.

პენტაგონი აცხადებს, რომ დაკავებულთაგან სურს მიიღოს ინფორმაცია გლობალური ტერორიზმისა და “ალ ყაიდის” ქსელის შესახებ. თუ რა ბედი ეწევა ამ ხალხს, დამოკიდებული იქნება დაკითხვების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზეო, დასძინა რამსფელდმა.

ამ კვირაში გუანტანამოს ბაზაზე სამხედრო იურისტებიც ჩავიდნენ. ყველა იმ გაუგებრობის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარე კამპანიისა თუ “მტრის” განმარტებას ეხება, პატიმრები ბაზაზე ალბათ კარგა ხანს დარჩებიან.

“საკითხავია, როგორ განსაზღვრავთ ტერორიზმის წინააღმდეგ ომის დამთავრებას. თეორიულად, პატიმრები აქ სამუდამოდ შეიძლება დარჩნენო,” თქვა პენტაგონის ერთ-ერთმა იურისტმა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღიარებენ, რომ სიტუაცია მართლაც რთულია. “შეუძლებელია, ადამიანი სამუდამოდ ამყოფო ციხეში ბრალდების წარუდგენლად… მოსაზრება, რომ დაკავებული პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, ვერ გაამართლებს განუსაზღვრელი ვადით პატიმრობას. ამერიკის ქუჩებში ბევრი საშიში ადამიანი დადის, მაგრამ არ შეიძლება მათი დაკავება იმ მოტივით, რომ ოდესმე ისინი დანაშაულს ჩაიდენენო,” აღნიშნა “ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელმა ტომ მალინოვსკიმ.
XS
SM
MD
LG