Accessibility links

logo-print

დეპუტატი ლომინაძე გაზეთ “მერიდიანის” წინააღმდეგ


სოზარ სუბელიანი, თბილისი უკვე მეორე წელია გრძელდება აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ფრაქცია “აფხაზეთის” თავმჯდომარის გივი ლომინაძისა და გაზეთ “მერიდიანის” სასამართლო დავა.

მიუხედავად მონდომებისა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თემურ ტაბატაძემ 18 იანვარს პროცესის დამთავრება ვერ შეძლო და იძულებული გახდა, სასამართლო 23 იანვრისთვის გადაეტანა.

ხსენებული პროცესი 2001 წლის 29 მარტს მოპასუხეების, გაზეთ “მერიდიანისა” და ჟურნალისტ ილნარ გორელიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ლომინაძე მოპასუხეებისგან შელახული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის აღსადგენად ბოდიშის მოხდასა და 20 ათას ლარს ითხოვდა, მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი მორალური ზარალის საკომპენსაციოდ ბოდიშის მოხდას, სიმბოლური თანხის – 1 ლარის გადახდას, სასამართლოს ხარჯის – 30 ლარისა და ადვოკატისთვის გადახდილი თანხის – 800 ლარის ანაზღაურებას ითვალისწინებდა.

რამდენადაც მოსარჩელე – პარლამენტარი გივი ლომინაძე და მისი ადვოკატები 29 მარტს დანიშნულ პროცესზე არ გამოცხადდნენ, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იოსებ ხურციძემ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა. ლომინაძის ადვოკატი ოთარ ბერიშვილი აღიარებდა, რომ სასამართლოზე გამოუცხადებლობა შეცდომა იყო, თუმცა, შეცდომა ვის არ დაუშვია:

[ოთარ ბერიშვილის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“შეცდომა მე კი არა, თვითონ…”
-
“სტალინსაც მოსვლია, არა?”
-
“თვითონ უფალს შეიძლება მოუვიდეს, უფალს… სტალინს რომ მოსვლია, მაგი… სტალინს არაფერი არ მოსვლია, ჩვენ ვაძაგებთ, ტყუილად, ქართველები, რუსებზე უფრო, საუბედუროდ… ჩვენ გვაქვს პრიორიტეტი მაგ საქმეში”.

მოსარჩელეებმა ხურციძის გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე განსახილველად ისევ ვაკე-საბურთალოს სასამართლოში დააბრუნა.

ლომინაძის აღშფოთება მისი ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებამ და, როგორც თვითონ ამბობს, ჟურნალისტის ირონიამ გამოიწვია, შეგებებულ სარჩელს კი საფუძვლად დეპუტატის წერილში გამოყენებული ეპითეტები დაედო. ლომინაძე თავის შეფასებებს არც სასამართლოზე უარყოფდა და შესვენების დროს ერთ-ერთ მოპასუხეს, გაზეთ “მერიდიანის” რედაქტორს, თამაზ ცერცვაძეს “საქმეს ურჩევდა”:

[გივი ლომინაძის და თამაზ ცერცვაძის ხმა]
-
“თქვენ შეურაცხყოფა მომაყენეთ მე იმხელა, რომ…”
-
“შეურაცხყოფაა, რომ თქვენი სიძე პრეზიდენტის დაცვის უფროსია?”
-
“არავითარი, რატოა შეურაცხყოფა?”
-
“აბა, სად ხედავთ შეურაცხყოფას?”
-
“მაგრამ თქვენ ირონიას, თქვენ რა გგონიათ, თქვენ განათლებული ხართ, თქვენ შეგიძლიათ ირონიით საუბარი, ჩვენ გაგება არ შეგვიძლია, მკითხველი სულელია და ვერ გაიგებს ამას?”
-
“ტვინგაყინულები, ტვინნაღრძობები, ასეთი ეპითეტებით გვამკობთ ყველას…”
-
“მე ეს წერილი გამოგიგზავნეთ თქვენ…”
-
“ესე იგი, მე მომაყენეთ შეურაცხყოფა?”
-
“მე ჩემი შეფასება მოგეცით თქვენ, როგორც რედაქტორს და წერილის ავტორს. ეს შეფასება აბსოლუტურად სწორია და აბსოლუტურად ვეთანხმები დღესაც!”
-
“ტვინნაღრძობები და ტვინგაყინულები, არა?”
-
“აბსოლუტურად, დღესაც ორივე ხელით მოვაწერ ხელს…”

დეპუტატის უკმაყოფილებას არა მხოლოდ ირონია, არამედ პროცესზე ჟურნალისტების დასწრებაც იწვევდა:

[გივი ლომინაძის და თამაზ ცერცვაძის ხმა]

“აი, ეს რას დაგყავთ, ეს ხალხი, მითხარით… თქვენ ზემოქმედებას ახდენთ ვითომ, ახლა, თქვენი ჭკუით სასამართლოზე, ჩემზე…”

“რატომ ვახდენთ, ბატონო გივი, ეს არის გამჭვირვალე პროცესი და ყველას აქვს უფლება დაესწროს…”

“რა გამჭვირვალე პროცესი, რომელ პროცესზე არიან ესენი, აი, მითხარი…”

ლომინაძის აზრით, ეს პროცესი ჭკუის სასწავლებლად გამოდგება:

[გივი ლომინაძის და თამაზ ცერცვაძის ხმა]
-
“თქვენ მადლობელი უნდა იყოთ იმისი, რომ ერთი მაინც შეგხვდათ ისეთი პრინციპული, რომელმაც არ გაპატიათ შეცდომა კი არა, აი ასეთი დაუდევარი… აი, ასეთი, მე ვერ ვიტყვი, როგორი მიდგომა…”
-
“ეს თქვენი თვალსაზრისია, ბატონო გივი…”
-
“ჩემი თვალსაზრისი კი არა, თქვენ სწავლობთ ახლა, ამაზე, თქვენ უნდა ისწავლოთ”.

მოსამართლე თემურ ტაბატაძე მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის განხილვაზე მხოლოდ საღამოს შვიდ საათზე გადავიდა. პარლამენტარი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მას მოპასუხეებისთვის “ტვინნაღრძობი” და ტვინგაყინული” არასდროს უწოდებია, მოგვიანებით კი სცადა, მის მიერ ამ სიტყვების გამოყენება დროებითი აღელვებით აეხსნა, მაგრამ რადიო თავისუფლების დღევანდელ გადაცემაში გამოყენებული მისი სიტყვები სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
XS
SM
MD
LG