Accessibility links

logo-print

პაუელი ავღანეთს გრძელვადიან თანადგომას ჰპირდება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ხუთშაბათს, 17 იანვარს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, ავღანეთში ჩავიდა.

პაუელი, შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომელიც კი სწვევია ავღანეთს 25 წლის განმავლობაში, ქაბულში, ყოფილ სამეფო სასახლეში შეხვდა ავღანეთის დროებითი მთავრობის მეთაურს ჰამიდ კარზაის, რომელსაც დაპირდა, რომ ვაშინგტონი დაეხმარება ავღანეთს ახლა და მომავალში.

კარზაიმ თავის საპასუხო სიტყვაში თქვა, რომ ავღანეთს, იმისთვის, რომ საკუთარი საზღვრების გაკონტროლება, საკუთარი შემოსავლის ქონა, მსოფლიო საზოგადოებრიობაში სტაბილურ და ძლიერ სახელმწიფოდ დაბრუნება შეძლოს, სჭირდება, შეერთებულ შტატებთან, მისი სიტყვით, “პარტნიორობა.”

კარზაის და მის ადმინისტრაციას ავღანეთის აღსადგენად ორი ათეული წლის ომებისა და ქაოსის შემდეგ სჭირდება ფული და რაც შეიძლება სწრაფად.

ავღანეთის მთავრობა იწყებს მუშაობას ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე. აღსადგენია გზები, ელექტრომომარაგება, სანიტარული ინფრასტრუქტურა; ავღანეთის ცენტრალური ბანკი ცარიელია; ასობით ათას სახელმწიფო მუშაკს თითქმის ერთი წელია ხელფასი არ მიუღია. მთავრობას მათთვის დაახლოვებით 70 მილიონი დოლარი ჰმართებს.

გაერო ახალ ადმინისტრაციას მუშაობის დასაწყებად 100 მილიონ დოლარს დაჰპირდა. ადრე გაერო მხოლოდ 20 მილიონის შესახებ ლაპარაკობდა. გარდა ამისა, გაეროს, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, ავღანეთს მინიმუმ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება დასჭირდება მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

პაუელმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე შეიტანა ერთი მილიონი დოლარი გაეროს საწყის – 20 მილიონიან ფონდში. მან დაამატა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დონორების კონფერენციაზე, რომელიც ტოკიოში მომავალი კვირის დასაწყისში ეწყობა.

კარზაიმ თქვა, რომ ავღანეთთან თანადგომის გამოსახატავად მხოლოდ ფული არ არის საკმარისი. კარზაის სიტყვით, ბევრი ავღანელი კითხულობს, ხომ არ მიატოვებს ვაშიგტონი მათ ქვეყანას მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაუსწორდება თალიბანს.

რობერტ ტემპლერმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის“ დირექტორმა (ჯგუფს ბინა ბრიუსელში აქვს) ასეთი კომენტარი გაუკეთა პაუელის დაპირებებს: ეს მიანიშნებს, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინიტრაცია არა მარტო სამხედრო მიზნების მიღწევას ანიჭებს მნიშვნელობას, არამედ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებასაც, რომელიც არ მისცემს ტერორისტებს მომავალში ავღანეთში დაბრუნების საშუალებას. მაგრამ რეკონსტრუქციის დაფინანსების მხარე სავსებით ნათელი არ არის. შეერთებული შტატების კონგრესსა და ადმინისტრაციაში ყველა არ არის თანახმა დიდი ფულის გაღებაზე, აღნიშნა ტემპლერმა.

ტემპლერის აზრით, ამერიკა თვლის, რომ თავისი საქმე გააკეთა – გაგზავნა ჯარები “ალ ყაიდისა” და “თალიბანის” დასამარცხებლად. რაც შეეხება ფულს, ვაშიგტონი სერიოზული თანხების გაღებას არ აპირებს. მაგრამ შეერთებული შტატების დოლარების გარეშე, ავღანეთის რეკონსტრუქციის პროგრამის განხორციელება საეჭვოა, ამბობს ტემპლერი.
XS
SM
MD
LG