Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარებას ცდილობს


სანტერნეტო გამოცემამ “იურეიჟა ვიუმ” 15 იანვარს გამოაქვეყნა ჯაბა დევდარიანის სტატია პანკისი ხეობასთან დაკავშირებით.გთავაზობთ ამ სტატიის შინაარსს.



საქართველოს უშიშროების ძალებმა დაიწყეს პანკისის ხეობაში ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენისთვის მოქმედება მას მერე, რაც ოფიციალურად აღიარეს, რომ რეგიონში არიან ჩეჩენი სეპარატისტები. პანკისის კამპანის წარმატება თუ წარუმატებლობა შევარდნაძის ადმინისტრაციის სიცოცხლისუნარიანობის შემფასებელი შეიძლება გახდეს, ფიქრობს “იურეიჟა ვიუს” წერილის ავტორი.

საქართველოს მთავრობა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით, განაგრძობს ის, ინტენსიურ ზეწოლას განიცდის შინ და გარეთ. რუსეთი, რომელიც თავის მხრივ ჩეჩნეთში წესრიგის დაამყარებსკენ ისწრაფის, ცდილობს საქართველოს მთავრობა აიძულოს, დაამყაროს წესრიგი პანკისის რეგიონში, რათა შეწყდეს ჩეჩნეთში იქიდან მებრძოლების და იარაღის შესვლა.
საქართველოს მოქალაქეები კი მოითხოვენ ბოლო მოუღონ ადამიანების გატაცებას და საქონლის ქურდობას. პანკისის პრობლემა საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების გამოცდაცაა, წერს ჯაბა დევდარიანი. გაიხსენეთ ნოემბრის ამბები, როცა მთავრობა დაიშალა და არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კანონის დამცველი უწყებები დამნაშავეებთან იყვნენ დაკავშირებული, რასაც მოჰყვა საპროტესტო ტალღა. ედუარდ შევარდნაძემ გააკრიტიკა შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები, კახა ნარჩემაშვილი და ვალერი ხაბურძანია მთავრობის 9 იანვრის სხდომაზე პანკისში უკანონობის მიმართ არაადეკვატური მიდგომისათვის, ვკითხულობს საინტერნეტო გამოცემაში. ამას მოჰყვა ორივე მინისტრის ეფექტური ასვლა ხეობაში. და უკვე 11 იანვარს ხაბურძანიამ გამოაცხადა, რომ მთავრობა აპირებს ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ საგანგებო ოპერაციებს მიმართოს. ამავე დროს ნარჩემაშვილმა აკრძალა ყოველგვარი გარიგება ადამიანის გამტაცებლებთან, რაც მიჩნეულ იქნა ამგვარი დანაშაულის ჩამდენთა წინააღმდეგ ომის გამოცხადებად.

“იურეიჟა ვიუს” წერილის ავტორი მკითხველს მოკლედ პანკისის ხეობაში ჩეჩნების და იქ მცხოვრები ქისტების ურთიერთობის ამბავს მოუთხრობს. წერს, რომ ქისტები არიან ეთნიკური ჩეჩნები, რომლებიც მე-19 საუკუნეში გაექცნენ რუსეთის აგრესიას თავიანთი კავკასიონის გადაღმა სამშობლოდან. მაგრამ ქისტები შემდეგ ნაწილობრივ გაქართველდენენ, მიიღეს რა ქართული გვარები და შეითვისეს ზოგიერთი წეს-ჩვეულება.

სტატიის ავტორი წერს, რომ 1999 წელს პანკისში ჩეჩნეთიდან 7 ათასი ლტოლვილის ჩასვლის შემდეგ მოსკოვი თბილისზე ზეწოლას მიმართავს და მისგან მოითხოვს, წინ აღუდგეს ჩეჩენი სეპარატისტების მოძრაობას. 11 სექტებრის შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაც მოითხოვს შევარდნაძისგან, რომ პანკისის ხეობაში განუკითხაობას ბოლო მოუღოს.

თუკი კარგად დავუკვირდებთი პანკისის რეგიონს, დავინახავთ, განაგრძობს “იურეიჟა ვიუს” წერილის ავტორი, რომ იქ დამნაშავეობა უკვე მაშინ გავრცელდა, როცა საქართველოს პრობლემები გაუჩნდა სეპარატისტული აფხაზეთის და ოსეთის მხრიდან. ამ მძიმე ჟამს, მთავრობა ვერ ახერხებდა მიეხედა ამ რეგიონისთვისაც, რომელიც გეოგრაფიულად იზოლირებულია. ამიტომ იქაურობა, ჩეჩენთა დახმარებით, დამნაშავეებისთვის სამოთხედ იქცა. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, წერს “იურეიჟა ვიუ”, კავშირი დამნაშავეთა ჯგუფების მეთაურებსა და სამართალდამცავებს შორის 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. ლტოლვილების იქ ჩასვლამ ამ რეგიონის უშიშროების მიმართ პოლიტიკური ყურადღება გაზარდა, ჩეჩენი საველე მეთაურების პანკისში გადასვლამ კი, ხეობაში შექმნა დამნაშავეების იერარქია, რასაც მათ შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის დაწყება მოჰყვა.

ამ დროს, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს სახელი გაუტეხოს პანკისის ხეობის მდგომარეობის გამო და ამ პრობლემას საქართველოდან თავის ჯარის გაყვანასთან აკავშირებს.

ბოლო თვეში, განაგრძობს, “იურეიჟა ვიუს” წერილის ავტორი, მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა, როცა პანკისი ხეობის შესასვლელში გამაგრდა ავღანეთის ომის ქართველ ვეტერანთა ჯგუფი, რომელმაც გატაცებული ადამიანების განთავისუფლება მოითხოვა. ადგილობრივმა ქართულმა მოსახლეობამ “ვეტერანებს” მხარი აუბა და მოითხოვა სამართალდამცავთა ამოქმედება. დევდარიანი წერს, რომ ედუარდ შევარდნაძემ დაინახა რა, რომ მის პრესტიჟს პანკისი არ რგებს, რეგიონში დამნაშავეობის წინააღმდეგ კამპანიას გადაჭრით მიემხრო.
ხაბურძანია და ნარჩემაშივილი იყვნენ მოსკოვშიც, სადაც რუსეთის წარმომადგენელთან მოილაპარაკეს პანკისის ოპერაციის თაობაზე.

“იურეიჟა ვიუს” წერილის ავტორი ამბობს სტატიის ბოლოს, რომ პანკისში სამართალდამცველთა მცირე წარმატებაც კი განამტკიცებს მათ ავტორიტეტს და შევარდნაძის მთავრობის უნარიანობისადმი დაკარგულ რწმენას გააჩენს. მაგრამ, აცხადებს ის, ყოველგვარი სამხედრო ოპერაცია დიდ რისკთანააა დაკვშირებული. ამგვარი ოპერაცია მოითხოვს ქისტ და ქართველ ლიდერებს შორის, ასევე ლტოლვილთა მხრივ, დიპლომატიისთვის და კომპრომისის მზადყოფნას.

მაგრამ, წერს ჯაბა დევდარიანი “იურეიჟა ვიუში გამოქვეყნებულ სტატიაში-ის მიმომხილველთა ვარაუდს იმოწმებს-მხოლოდ დამნაშავეობის წინააღმდეგ მოწყობილი ოპერაციის წარმატება არ იქნება პანკისის რეგიონის სტაბილურობისთვის საკმარისი. მას თან უნდა ახლდეს განვითარების ხანგრძლივი პროგრამა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის შექმნა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG