Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

418-ე გამოშვება


წამყვანი ბიძინა რამიშვილი, პრაღა 418-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი: ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 418-ე გამოშვებას. როგორ ესმით ერთმანეთის საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს – ამ თემაზე საუბრით დავიწყებს დღევანდელ ”მეათე სტუდიას”; მოგითხრობთ საკანონმდებლო ინიციატივების წესახებ სიტყვის თავისუფლების დასაცავად; გესაუბრებით იმაზე, თუ რა მიზნით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ეკონომიკური საკითხების ექსპერტთა საბჭო; გავიხსენებთ მსოფლიო ქირურგიის ერთ-ერთ პიონერს იუსტინე ჯანელიძეს; ლიტერატურისა და კინოს ლეგენდარული პერსონაჟი, სუპერაგენტი ჯეიმს ბონდი, ამ დღეებში ორმაგ იუბილეს ზეიმობს. ამ თემას ეძღვნება ჩვენ დღევანდელი გამოშვების უკანასკნელი სიუჟეტი. პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს ერთმანეთის არ ესმით

ბიძინა რამიშვილი: წლიდან წლამდე საქართველოს ბიუჯეტის მიმართ დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ იცვლება. როგორც წესი, მთავრობა ბოლო წუთებში ამზადებს ქვეყნის უმთავრესი საფინანსო კანონის პროექტს, პარლამენტი კი, კრიტიკის ქარცეცხლში გატარების მიუხედავად, მაინც ამტკიცებს ბიუჯეტს, რომლის შესრულების თავადაც არ სჯერა. საბოლოოდ, ბიუჯეტი არ სრულდება, რაც პირველ რიგში ყველაზე დაუცველი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის. თამარ ჩიქოვანის ცნობით, პარლამენტის საგანგენო სხდომის მიმდინარეობა მოწმობს, რომ ამჯერადაც ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ძველი სცენარით მოხდება.

თამარ ჩიქოვანი: 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას სიახლე მაინც შეიმჩნევა – 16 იანვარს სპეციალურად ბიუჯეტის პროექტის განსახილველად მოწვეულ საგანგებო სხდომაზე გაირკვა, რომ პარლამენტარებს ბიუჯეტის პროექტი, უბრალოდ, არც უნახავთ, რადგან მთავრობისა და შემთანხმებელი კომისიის მუშაობის შედეგი ქაღალდზე არ არსებობს. 16 იანვარს, სხდომის ბოლოს პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე უშედეგოდ ცდილობდა ვიცე –სპიკერთან გიგი წერეთელთან იმის დადგენას, როდის დაურიგდებოდა ბიუჯეტის პროექტი პარლამენტარებს.

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “ თუ ჭკუათმყოფელი ადამიანები ვართ აქ, როგორ წარმოგიდგენიათ – 11 საათზე მოვალთ და რაზე დავიწყებთ ლაპარაკს? ზეპირად ვამბობთ, მე ის ვუთხარი, იმან ეს ჩადო, ეს გაითვალისწინა... ბიუჯეტი არ გვიჭირავს ხელში...არა, ისე რას ამბობენ, როდის გვექნება...”

სხდომაზე კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი გაირკვა. მაგალითად, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე აცხადებს, რომ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა და პარლამენტარების მოთხოვნების ბიუჯეტის პროექტში ასახვა.
[ავთანდილ ჯორბებაძის ხმა] “ გამოიძებნა საშუალებები იმისთვის, რომ საშემოსავლო ნაწილი გაზრდილიყო დაახლოებით 25 მილიონი ლარით, გამოიძებნა საშუალებები იმისა, რომ რეალურად შეჯერებულიყო მოთხოვნები, რომლებიც გააჩნდა დეპუტატების სხვადასხვა ჯგუფებს, წარმომადგენლებს, ფრაქციებს. მათ შორის, განსაკუთრებულად მაჟორიტარებს, აგრეთვე მოქალაქეთა კავშირს, ალიანსს და თითქმის ყველა ფრაქციას, ვინც გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების გატარებას ითხოვდნენ მიმდინარე წლის ბიუჯეტში”

განსხვავებულ განცხადებას აკეთებს პარლკამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ სხვა ფრაქციები ამბობენ, რომ არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა გათვალისწინებული. მე ძნელად წარმომიდგენია, როგორ გაქვთ იმედი იმისა, რომ ბიუჯეტი მიღებული იქნება პარლამენტის მიერ. მე მესმის, რომ ყველა წინადადება ვერ იქნება გათვალისწინებული, მაგრამ თუ არც ერთი წინადადება გათვალიწინებული არ აარის, ჩვენ ჩავთვლით, ელემენტარულად, რომ ძალიან გაგვიჭირდება ბიუჯეტის მიღება.”

ჯერჯერობით მდგომარეობა ასე გამოიყურება – ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილი სახით მხარდაჭერაზე კატეგორიულ უარს აცხადებს ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი”. ფრაქცია “აღორძინება” და ალიანსი მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სხდომების ბოიკოტირებით იმუქრება. ისინიც კი, ვინც ბიუჯეტისადმი ასე ვთქვათ შემწყნარებლურად არის განწყობილი, როგორც ჩანს, მოთმინებას კარგავს. მოთმინეაბდაკარგული ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, [ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “ მე განწყობილი ვარ იმისთვის, რომ ბიუჯეტს ხმა მივცე, მაგრამ თუ არ იქნა ზუსტად გაცემული პასუხი ან ჰო ან არა, მაშინ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დაიწყოს სულ სხვა ტონელობაში საუბარი დათანდათან ისეთი განწყობა მრჩება, რომ სპეციალურად გადავყავართ ასეთ ტონალობაში. თუ ეს ხდება ისე, რომ, მოდი, ნელნელა იყოს შეტყუებული დამტკიცებისკენ, ეს არის წარმოუდგენელი.”

თუმცა, საბოლოოდ, პარლამენტი, აუცილებლად მიიღებს ბიუჯეტის პროექტს. სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე კი პირობას დებს, რომ მხარდაჭერილი ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. სხვათაშორის, 2000 წლის აპრილში ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომის პირობას დებდა საქართველოს კიდევ ერთი სახელმწიფო მინისტრი გიორგი არსენიშვილი. მეტიც – მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში იგი მთელს მთავრობასთან ერთად გადადგომის პირობას დებდა, თუმცა, მთლიანობაში, როგორც გახსოვთ, მთავრობა და სახელმწიფო მინისტრი სულ სხვა მიზეზის გამო დაითხოვეს თანამდებობებიდან. რაც შეეხება ახალი სახელმწიფო მინისტრის პირობას – პარლამენტარების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ბიუჯეტის პროექტი უცვლელი სახით იქნა მიღებული ბიუჯეტის სოციალურად არაორიენტირებულობის გამო.

თამარ ჩიქოვანი, რადიო ”თავისუფლებისთვის” თბილისი.

[მუსიკა]

საკანონმდებლო ინიციატივები სიტყვის თავისუფლების დასაცავად

ბიძინა რამიშვილი: საქართველოში მოქმედი ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციის, ”აირის-საქართველოს” ინიციატივით 17 იანვარს გაიმართა შეხვედრა ქართველი იურისტების – მოსამართლეების, ადვოკატებისა და პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეხვედრის თემა იყო "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა ბეჭდვით მედიაში". როგორც ”აირის-საქართველოს” წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა ჩვენს კორესპონდენტს, დავით პაიჭაძეს, ასეთი შეხვედრების საბოლოო მიზანი მოქალაქეთა სამართლებრივი ცოდნის ამაღლებაა, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან, ვისაც კავშირი აქვს საზოგადოებასთან. ჩვენ გვინდა ჟურნალისტებს, მათი პროფესიული საქმიანობის უკეთ გასაშლელად, შეექმნათ უკეთესი გარემო. მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

დავით პაიჭაძე: შეხვედრაზე ძირითადად იურისტები ლაპარაკობდნენ, რადგან განსახილველი საკითხები მათ კომპეტენციას განეკუთვნებოდა. ესაა პრობლემები, რომელთაც აკლიათ დამუშავება მოქმედ ქართულ კანონმდებლობაში. გამსახურდიას დროს მიღებული კანონი პრესისა და ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ დღეისათვის მოძველებულია და რეალობას არ ესადაგება; ხოლო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში გაბნეული დებულებები არ არის საკმარისი სიტყვის თავისუფლების პრინციპთა რეალიზებისათვის. დისკუსიის ერთ-ერთ მონაწილეს, თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორს, ლევან რამიშვილს კი საერთოდაც მიაჩნია, რომ [ლევან რამიშვილის ხმა]: “პრესას კანონმდებლობა არ სჭირდება. კანონმდებლობა სჭირდება სახელმწიფოს, რომ პრესის თავისუფლება არ შეზღუდოს”. კანონებში ასახვას და დაზუსტებას მოითხოვს, მაგალითად, მტკიცებულებათა სტანდარტები საჯარო და კერძო პირებისათვის, ოფიციალურ პირთა პასუხისმგებლობა ყალბი განცხადებების გავრცელებისათვის, მტკიცებულებათა არსი ცილისწამებასთან დაკავშირებულ დავებში, ინფორმატორის დაცვა და საგამოძიებო ჟურნალისტიკა, განსაზღვრა სჭირდება მორალური და მატერიალური ზიანის კომპენსაციის ლიმიტს. დავით უსუფაშვილი მოკლედ ასე აყალიბებს როგორც გამართულ, ისე მომავალში გასამართ შეხვედრათა მიზნებს [დავით უსუფაშვილის ხმა]: “ჩვენ ასეთ შეხვედრებზე განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, აგრეთვე, იურიდიულ თემებს – მოქმედი კანონმდებლობა როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად, რათა ჟურნალისტმა უკეთ დაიცვას თავი ხელისუფლების ზეწოლისაგან და როგორ გაუმჯობესდეს კანონმდებლობა თანამედროვე სტანდარტების მისაღწევად”.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ადეიშვილი მიიჩნევს, რომ შეხვედრამ ყველას დაანახა კანონმდებლობაში ცვლილებათა შეტანის აუცილებლობა, რათა, ერთი მხრივ, საქართველო დაუახლოვდეს საერთაშორისო საკანონმდებლო სტანდარტებს, მეორე მხრივ კი შეასრულოს ევროპის სასამართლოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები [ზურაბ ადეიშვილის ხმა]: “ჩვენთან საჯარო პირები ჯერჯერობით საზოგადოებისაგან ხელშეუხებლები არიან. ძალიან ძნელია, საჯარო, თანამდებობის პირის წინააღმდეგ გაავრცელო ცნობა, რადგანაც მოქალაქემ უნდა ამტკიცოს ამ ცნობების სინამდვილე. ამავე დროს დაუცველია მოსაზრება, აზრის თავისუფლება და პირს უხდება პასუხისმგებლობა სასამართლოს წინაშე. არის არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რადგან კანონმდებლობა დაუხვეწავია; ამის გამო საქართველოში, ფაქტიურად, არ ხდება სიტყვის თავისუფლების დამკვიდრება. ტოტალიტარული წარსულისაგან რომ გავთავისუფლდეთ, აუცილებელია ძალიან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა; უნდა შევძლოთ დიდი ტრადიციების არქონის კომპენსირება. ეს უნდა მოხდეს მკვეთრი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც დაიცავს სიტყვის თავისუფლებას ყველა გამოვლინებაში”.

ერთი ასეთი “საკომპენსაციო” ტექსტი უკვე არსებობს: კანონპროექტი “სიტყვის თავისუფლების შესახებ”; წინა მოწვევის პარლამენტმა ის პირველი მოსმენით მიიღო. მაშინ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად წარუდგინა კომიტეტმა, რომელსაც პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. ზურაბ ადეიშვილის აზრით, შესაძლოა, კანონპროექტს შევსება ან მცირე დახვეწა სჭირდებოდეს, მაგრამ სადღეისოდ მისი მიღება საკმარისი იქნებოდა, რადგან შეიცავს ჟურნალისტის თავისუფალი მუშაობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ნორმებს. ამასთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდებას ბევრი შეეცდება, ოღონდ არა აშკარად, არამედ მისი საერთაშორისო ექსპერტიზის, დახვეწის, შევსების და სხვა მოთხოვნათა წამოყენებით, რაც სინამდვილეში საკითხის მისაჩუმათებლად კეთდება.

“სიტყვის თავისუფლების შესახებ”კანონის პროექტი ექსპერტიზისათვის უკვე გაიგზავნა ევროპის საბჭოში, ხოლო ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია, “მე-19 მუხლი”, რომელიც წარმართავს გლობალურ კამპანიას გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, უკვე გამოეხმაურა კანონპორექტს, მიუთითა განსაკუთრებით პოზიტიური ნორმები და დასახვეწი საკითხებიც.

დავით პაიჭაძე, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

რა მიზნით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ეკონომიკური საკითხების ექსპერტთა საბჭო

ბიძინა რამიშვილი: 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის ბრძანებით შეიქმნა ეკონომიკური საკითხების ექსპერტთა საბჭო, რომლის მიზანია საექსპერტო მუშაობის ჩატარება და სახელმწიფო მინისტრისათვის დახმარების გაწევა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ახალი სტრუქტურა დაკომპლექტებულია 16 მეცნიერ-ეკონომისტით, ეკონომიკურ პრობლემატიკაზე მომუშავე 4 ჟურნალისტით და საბჭოს მდივნით. ეკონომიკური საკითხების საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარეს,"საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის" ექსპერტს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ლადო პაპავას გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე: 1999 წლამდე საქართველოს პრეზიდენტთან მოქმედებდა ეკონომიკური საბჭო - მაგრამ, როგორც ლადო პაპავა აღნიშნავს- ასეთმა მოდელმა არ გაამართლა, რადგან ეს საბჭო, რომელიც, ერთი მხრივ, აერთიანებდა მინისტრებსა და მთავრობის წევრებს, მეორე მხრივ კი, მეცნიერებსა და მეწარმეებს, ძირითადად იხილავდა მთავრობის სხდომაზე გასატან საკითხებს და, საბოლოოდ, მისი მუშაობა არაეფექტური აღმოჩნდა.

სახელმწიფო მინისტრთან ახალშექმნილი ეკონომიკური საკითხების ექსპერტთა საბჭოს ძირითადადი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ამ სტრუქტურაში არ შედის არც ერთი ფუნქციონერი, არც ერთი მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე: [პაპავას ხმა] "აქ არის წარმოდგენილი მხოლოდ, ასე ვთქვათ, სპეციალისტები, ექსპერტები და მიღებული იქნა ასეთი გადაწყვეტილება, რომ სისტემატურ რეჟიმში მოხდეს ამ საბჭოს შეხვედრები, მოხდეს ექსპერტიზა საბჭოს წევრების მიერ ამა თუ იმ დოკუმენტზე და, შესაბამისად, ეს მოხსენდეს სახელმწიფო მინისტრს, ხოლო თუ სახელმწიფო მინისტრი ჩათვლის საჭიროდ, რომ წარმოდგენილი მოხსენება მოისმინონ აგრეთვე მთავრობის წევრებმა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იქნას მოწვეული მთავრობის წევრი და აგრეთვე მეორე ვარიანტიც არის შესაძლებელი, რომ თვითონ მთავრობის წევრმაც წარმოადგინოს გარკვეული თავისი მოხსენება ამა თუ იმ საპრობლემო საკითხთან დაკავშირებით."

სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის განცხადებით, ის არ აპირებს ეკონომიკურ პრობლემატიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიიღებას ექსპერტთა საბჭოს დასკვნის გარეშე. საინტერესოა ისიც, რომ ექსპერტთა საბჭოს ინიციატივით სახელმწიფო მინისტრს უკვე გადაეცა განსახილველად კანონპროექტი სახელმწიფო ქონების მართვის ახალი მოდელის შესახებ. ლადო პაპავა ამბობს: [პაპავას ხმა] "ეს არის თვისობრივად განსხვავებული მოდელი, როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო ქონება. პრაქტიკულად ეს, შეიძლება ითქვას, არის რევოლუციური მოდელი, რადგანაც უნდა შეიქმნას თვისობრივად განსხვავებული ინსტიტუტი და მექანიზმი სახელმწიფო ქონების მართვის. ეს დაფუძნებულია იმაზე, რომ გაუქმდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და შეიქმნას სახელმწიფო ქონების პალატა, ანუ ეს იქნება ის სტრუქტურა, რომელიც არ იქნება მთავრობის შემადგენლობაში და ამ შემთხვევაში მთავრობა სამეწარმეო ფუნქციიდან იქნება სრულად გათავისუფლებული."

სახელმწიფო მინისტრთან არსებული ეკონომიკური საკითხების ექსპერტთა საბჭოს უახლოესი სხდომა მიეძღვნება სოციალურ პობლემატიკას, კერძოდ კი, სოციალური დაზღვევისა და საპენსიო რეფორმის საკითხებს.

ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის მწვავე თემასაც შეეხო. ლადო პაპავა აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, [პაპავას ხმა] "ამიტომ დღეს უკვე გვიანია იმაზე ლაპარაკი, კარგია თუ ცუდია - ჯობია გვქონდეს ცუდი ბიუჯეტი, ვიდრე ის არ გვქონდეს და ასეთი ბიუჯეტის მიღება არის საწინდარი სავალუტო ფონდთან ურთიერთობის გაგრძელების. მეორე მხრივ, ჩვენ თუ ბიუჯეტს ამ პარამეტრებში არ მივიღებთ და მივიღებთ გაზრდილ პარამეტრებში, ჩვენ დავარღვევთ სავალუტო ფონდთან შეთანხმებას, რაც შეაჩერებს სავალუტო ფონდის თანამშრომლობას საქართველოსთან და ეს იქნება დიდი ზეწოლა ლარზე, დიდ ტვირთად აისახება ლარზე იმიტომ, რომ ჩვენ საგარეო ვალების მომსახურება გვესაჭიროება."

ლადო პაპავას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს ლარის კურსის დაცემა - რაც, საბიუჯეტო კრიზისის პირობებში, თავის მხრივ, შეიძლება ფართომასშტაბიანი საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის მიზეზი გახდეს.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი

[მუსიკა]

იუსტინე ჯანელიძე – მსოფლიო ქირურგიის ერთ-ერთი პიონერი

ბიძინა რამიშვილი: ამ რამდენიმე ხნის წინათ შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან სამედიცინო გამოცემაში, “ტექსას ჰართ ინსტიტიუტ ჯორნალში”, გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “იუსტინე ჯანელიძე და დაზიანებული აღმავალი აორტის პირველი წარმატებული ოპერაცია”. სტატიის სარედაქციო შესავალში ვკითხულობთ: “იუსტინე ჯანელიძე მეოცე საუკუნის გულის ქირურგიის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი პიონერია. 1913 წლის 27 ოქტომბერს, რუსეთში, სანკტ პეტერბურგში, მან წარმატებით გაკერა აორტის აღმავალი რკალის ჭრილობა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის დაზიანებულ აღმავალ აორტაზე ოპერაციის პირველი შემთხვევა, რომელიც მსოფლიოს სამედიცინო ლიტერატურაშია აღწერილი.” რა დასამალია და პიონერობით ქართველები ბევრ დარგში ვერ დავიკვეხნით. მით უმეტეს, ისეთი პიონერობით, რომელსაც მსოფლიოც აღიარებს. ამიტომ, ბუნებრივია, შევეცადეთ, მეტი გაგვეგო ჩვენს გამოჩენილ თანამემამულეზე, რომლის სახელი საქართველოში, სამწუხაროდ, მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრეში თუა ცნობილი. დავით კაკაბაძე ესაუბრა ამერიკულ ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის ერთ-ერთ ავტორს, ბერლინის გულის ინსტიტუტის ქირურგი, პროფესორ ლადო ალექსი-მესხიშვილს.

[ლადო ალექსი-მესხიშვილის ხმა]

დავით კაკაბაძე: იუსტინე ჯანელიძე დაიბადა 1883 წლის 2 აგვისტოს სამტრედიაში. 1900 წელს ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ხოლო ხუთი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში. ამ უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1909 წელს, 26 წლის ახალგაზრდა რუსეთში დაბრუნდა და ერთ წელიწადში, ყველა აუცილებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ექიმის კვალიფიკაცია მოიპოვა. სულ მალე, 1911 წელს, ახალგაზრდა ქირურგმა წარმატებით დაიცვა დისერტაცია დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

მომდევნო წელს იუსტინე ჯანელიძემ მუშაობა დაიწყო პეტერბურგის პეტრე-პავლეს ჰოსპიტალში, სადაც მისი უშუალო დამრიგებელი იყო ამ საავადმყოფოს მთავარი ქირურგი, გამოჩენილი მედიკოსი, პროფესორი კადიანი.

[ლადო ალექსი-მესხიშვილის ხმა]

თუმცა, ამ აღიარებამდე ქართველ ქირურგს რთული და ეკლიანი გზის გავლა მოუხდა. თავისი სრულიად გამორჩეული ნიჭი და ცოდნა პირველად 1911 წელს გამოამჟღავნა, როცა წარმატებით განახორციელა ოპერატიული ჩარევა გულის ღია ჭრილობაზე. თანაც, როგორც ლადო ალექსი-მესხიშვილი აღნიშნავს,

[ლადო ალექსი-მესხიშვილის ხმა]

გულის ღია ჭრილობაზე, 1911-1912 წლებში ჩატარებულ ოპერაციებში იუსტინე ჯანელიძემ იმ დროისთვის წარმატების არნახულად მაღალ მაჩვენებელს – 27 პროცენტს მიაღწია, რითაც კიდევ უფრო აამაღლა პეტრე-პავლეს საავადმყოფოს ისედაც მაღალი ავტორიტეტი.

[ლადო ალექსი-მესხიშვილის ხმა]

პროფესორი ლადო ალექსი-მესხიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს იმ უზარმაზარ ავტორიტეტს, რომლითაც იუსტინე ჯანელიძე კოლეგებს შორის სარგებლობდა. საკმარისია ითქვას, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1950 წელს, ლენინგრადის გადაუდებელი ქირურგიის ინსტიტუტს მისი დამაარსებლის – იუსტინე ჯანელიძის სახელი ეწოდა.

[ლადო ალექსი-მესხიშვილის ხმა]

ტეხასის გულის ინსტიტუტის ჟურნალში ქართველ ქირურგზე სტატიის გამოქვეყნება ჩვენთვის იმითაც არის საამაყო, რომ ამით შეერთებული შტატების უაღრესად ავტორიტეტიანი სამედიცინო გამოცემა იუსტინე ჯანელიძის პიონერობას არა მხოლოდ აღიარებს, არამედ დოკუმენტურად აფიქსირებს. არადა, მედიცინის დარგში პირველობას ამერიკელები მაინცდამაინც დიდი ხალისით, მოგეხსენებათ, არავის უთმობენ.

[ლადო ალექსი-მესხიშვილის ხმა]

სამედიცინო მუზეუმის სავალალო მდგომარეობა უსახსრობის ბრალია და ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა. მაგრამ არის სხვა არანაკლებ სამწუხარო საკითხი, რომელიც არც ფულს უკავშირდება და არც რაიმე ტექნიკურ სირთულეს და რომლის მოსაგვარებლად ერთადერთი რამ იკმარებდა: საკუთარი წინაპრის ნაღვაწის პატივისცემა.

[ლადო ალექსი-მესხიშვილის ხმა]

ბიძინა რამიშვილი: ბერლინის გულის ინსტიტუტის ქირურგი, პროფესორ ლადო ალექსი-მესხიშვილს დავით კაკაბაძე ესაუბრა. ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”.

[მუსიკა კინოფილმიდან "დოქტორი ნოუ"]

ჯეიმს ბონდი ორმაგ იუბილეს ზეიმობს

ბიძინა რამიშვილი: სახელოვანი აგენტი 007 წლეულს ორმაგ იუბილეს ზეიმობს: ლონდონის მახლობლად, პაინვუდის სტუდიაში, სულ რამდენიმე დღის წინ, 14 იანვარს, დაიწყო ჯეიმს ბონდზე რიგით მეოცე ფილმის გადაღება. თან ზუსტად ორმოცი წელია გასული მას შემდეგ, რაც კინოეკრანებს პირველი ფილმი, ”დოქტორი ნოუ” მოევლინა. ახალი ფილმის სათაური გასაიდუმლოებულია; ის, როგორც ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, ჯერჯერობით ასე ჟღერს: ”XX ბონდი”. ახლა კი იმ ინფორმაციას, რომელიც ნაკლებად გასაიდუმლოებულია, მარიამ ჭიაურელი გაგიმხელთ.

მარიამ ჭიაურელი: ჯეიმს ბონდის როლის ამჟამინდელი შემსრულებელი, ანუ რიგით მეხუთე მსახიობი მისი უდიდებულესობის საიდუმლო აგენტის როლში, პირს ბროსნანი, პრესის წინაშე ტრადიციული იმიჯით წარდგა: ის ორი ლამაზმანით მხარდამშვენებული იდგა ნახევარმილიონდოლარიან ავტომანქანა ”ასტონ მარტინთან” და მშვიდად პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს. მაგალითად, ასეთს: ”განა შეიძლება ბონდი 21-ე საუკუნეშიც მაჩო იყოსო?” მაჩოს ზუსტ თარგმანს, სამწუხაროდ, ვერ შემოგთავაზებთ: ის მთელს დასავლეთში გავრცელებული ესპანური სიტყვაა და სწორედ ძვირადღირებული მანქანებით, ქალებში წარმატებითა და მსგავსი ატრიბუტებით თავმომწონე მამაკაცს ნიშნავს. და ბროსნანის აზრით, მისი გმირი მაჩოდვე უნდა დარჩეს. ”არა, ბონდი არ შეიცვლება. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ მისი თავგადასავლები თანამედროვე ეპოქას უნდა მოერგოსო” – დაუეჭვებლად მიუგო მსახიობმა ცნობისმოყვარე ჟურნალისტს.

ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა სასურველი პასუხი ვერც ჰალი ბერისაგან მოისმინეს – პირმშვენიერმა ამერიკელმა მსახიობმა თავისი როლის დეტალებზე საუბარი არ ისურვა. ცნობილია მხოლოდ, რომ ჰალი ბერი სუპერაგენტის მორიგ სატრფოს განასახიერებს და მას მხარში უდგას მოღალატე აგენტის გამოაშკარავებისას.

როგორც ამბობენ, ახალ ფილმში ჰალი ბერის მიწვევა თვით პირს ბროსნანმა მოისურვა: ”რიგიანი დიალოგები დამიწერეთ და პარტნიორად ჰალი ბერი მომიყვანეთ. მეტი არაფერი მინდაო”, მოუთხოვია მას პროდიუსერებისაგან. როგორც პრესკონფერენციაზე გაირკვა, ბროსნანი მართლაც კმაყოფილია, და თან არა მარტო როლზე ჰალი ბერის დაყოლიებით: ის ამაყობს, რომ უკვე მეოთხედ განასახიერებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კინოგმირს.

მისი ახალი თავგადასავალი სამშობლოდან შორს, ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეის გამყოფ ”საბუფერო ზონაში” იწყება. იქიდან ”აგენტი 007” ჰონკონგს, შემდეგ კუბას, შემდეგ კი მშობლიურ ლონდონს მიაშურებს, რათა, როგორც ყოველთვის, პირნათლად შეასრულოს მისი უდიდებულესობის, დედოფლის დავალება: მიაგნოს ბრიტანეთისა და კაცობრიობის მტერს, და ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთოს მისი ბოროტი ზრახვების განხორციელება.

რას ვიზამთ, სიუჟეტი ორიგინალობით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, ბონდი ბონდად დარჩება, რის გარანტიასაც არა მარტო პირს ბროსნანი გვაძლევს. ”ის არის და იქნება მსოფლიოს მხსნელი. ის ყოველთვის მიიზიდავს ლამაზ ქალებს, იარაღიც ექნება და მაგარ მანქანასაც გააქროლებსო”, გვპირდება რეჟისორი ლი ტამაჰორი.

სულ ცოტა ხნით პრესკონფერენციაზე სერიოზულმა თემამ გაიჟღერა: ახსენეს 11 სექტემბრის ტერაქტები, რომლებმაც ფილმის სცენარში მცირე ცვლილებები გამოიწვია. ბროსნანმა ისიც გაამხილა, რომ ავტორები არ გამორიცხავდნენ სუპერაგენტის დაპირისპირებას თვით ოსამა ბინ ლადენთან, მაგრამ ფილმში რეალური მეტოქის ჩართვა მალევე გადაიფიქრეს.

საიუბილეო, მეოცე ბონდი კინოეკრანს მიმდინარე წლის ნოემბერში მოევლინება და უმალ ძლიერ კონკურენტთა ალყაში მოექცევა, ვინაიდან იმავე დროს გამოდის ორი გახმაურებული კინოფილმის, ”ჰარი პოტერისა” და ”ბეჭედთა მეუფის” მეორე ნაწილები.

თუმცა, 007 რისი 007-ია, თუ ყველა მეტოქეს არ გაუმკლავდა!

[მუსიკა კინოფილმიდან "დოქტორი ნოუ"]

ბიძინა რამიშვილი: თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.

[მუსიკა კინოფილმიდან "დოქტორი ნოუ"]
XS
SM
MD
LG