Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


იმ საკითხებიდან, რომლებიც განვლილი კვირის მანძილზე დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო, დღევანდელ მიმოხილვაში მხოლოდ რამდენიმეზე შევჩერდებით.

ეს საკითხებია: ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის არჩევა, გერმანიის კანცლერობის კანდიდატად ედმუნდ შტოიბერის წამოყენება, ანტიტერორისტული კამპანიის ფონზე შუა აზია-კავკასიის რეგიონის როლის გაზრდა და, ცხადია, ავღანეთში მიმდინარე თავად ეს კამპანია. საუბარს სწორედ ამ უკანასკნელით დავიწყებთ.

უშუალოდ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან ერთად, მიმომხილველები ყურადღებას ამახვილებენ თალიბანისა და "ალ ყაიდის" იმ მებრძოლთა პრობლემაზე, რომლებიც კუბაში, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე ჰყავთ დატყვევებული.

"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ პენტაგონს დღემდე არ გამოუცხადებია, ვის, ან თუნდაც, რომელი ქვეყნების მოქალაქეებს აკავებს გუანტანამოს ბაზაზე. გაზეთის აზრით, დაკავებულებს უსამართლოდ მიაკუთვნეს "უკანონოდ მებრძოლთა" კვალიფიკაცია, რითაც მათ ჟენევის კონვენციით მინიჭებული უფლებებიც ჩამოართვეს:

"ჟენევის კონვენცია და შეერთებული შტატების მიერ რატიფიცირებული სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები დაკავებულებს ანიჭებს გარკვეულ უფლებებს, რომლებსაც ადმინისტრაციამ პატივი უნდა სცეს. უპირველესი უფლება, რომელიც პატიმრებს აქვთ, არის უფლება სასამართლო მოსმენისა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, არიან თუ არა ისინი სამხედრო ტყვეები. ჟენევის კონვენციის უმეტესი ინტერპრეტაციების თანახმად, სტატუსის გარშემო წარმოშობილი ნებისმიერი დავა სასამართლო მოსმენაზე უნდა გადაწყდეს. და ვიდრე სტატუსის საკითხი გაირკვეოდეს, შეერთებული შტატები, საერთაშორისო კანონმდებლობის ძალით, ვალდებულია, პატიმრებს სამხედრო ტყვეებად განიხილავდეს."

ამავე თემას ეხმაურება დიდი ბრიტანეთის გაზეთი "ფაინენშლ ტაიმსი". კერძოდ, სარედაქციო წერილში საუბარია გავრცელებულ ცნობებზე, თითქოს გუანტანამოში დატყვევებულ თალიბებსა და ალყაიდელებს სასტიკად ექცევიან:

"თუ, როგორც ამტკიცებენ, მათ მართლაც მოპარსეს წვერი და უარი უთხრეს მწერების საწინააღმდეგო საშუალების მიცემაზე (არადა ტყვეები ღია ცის ქვეშ, გალიებში ჰყავთ გამომწყვდეული), მაშინ ეს სამართალი კი არა, ღირსების აყრაა. ასეთ განსაკუთრებულ ვითარებაშიც კი, შეერთებული შტატები არ უნდა უგულებელყოფდეს პატიმართა ძირითად უფლებებს. რადგან ასე მოქცევით, იგი საკუთარ თავს ართმევს მორალურ უფლებას, უსაყვედუროს მსოფლიოში არსებულ იმ ავტოკრატულ რეჟიმებს, რომლებიც აღმაშფოთებლად ხელყოფენ ადამიანის ძირითად თავისუფლებებს."

ჩვენი მიმოხილვის შემდეგი თემა ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის არჩევაა. გერმანიის "ზიუდდოიჩე ცაიტუნგის" მიმომხილველი, კორნელია ბოლეში, დადებითად აფასებს ევროპელი პარლამენტარების გადაწყვეტილებას, თავიანთ ხელმძღვანელად აერჩიათ ლიბერალი ირლანდიელი პოლიტიკოსი, პატ კოქსი. ბოლეში აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის ძალაუფლება, მართალია, მეტად შეზღუდულია, მაგრამ, სამაგიეროდ, მას აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება:

"პარლამენტარებმა აირჩიეს ადამიანი, რომელიც ისე ფლობს სიტყვის ხელოვნებას, როგორც სტრასბურგის პარლამენტში სხვა ვერავინ. ლიბერალი ლიდერი დაჯილდოებულია ნიჭით, მუდამ ინარჩუნებდეს მოხდენილ ბალანსს ფორმასა და შინაარსს შორის. გარდა ამისა, კოქსი ევროპის კავშირის აღმოსავლეთით გაფართოების გარანტიც არის. არც ერთ სხვა ფრაქციას ისე თანმდიმდევრულად არ დაუცავს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატთა ინტერესები, როგორც ამას ლიბერალები აკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ: კოქსი კარგი პრეზიდენტი მხოლოდ თავისი მჭევრმეტყველების წყალობით როდი იქნება."

ევროპის სამომავლო პოლიტიკას გარკვეულწილად ჩვენი მიმოხილვის შემდეგი თემაც უკავშირდება. საუბარია გერმანიის კანცლერობის კანდიდატად ქრისტიანულ-სოციალური კავშირის თავმჯდომარის, ედმუნდ შტოიბერის დასახელებაზე, რითაც გერმანიაში, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია დაიწყო. ამ კამპანიაში გადამწყვეტ ფაქტორად მიმომხილველები გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ. და, მათი აზრით, სწორედ ქვეყნის ეკონომიკაში ამჟამად შექმნილი სირთულეები შეიძლება იქცეს 22 სექტემბრის არჩევნებში კანცლერ შრიოდერის დამარცხების მიზეზად. გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეში" გამოქვეყნებულ კომენტარში ჰანს ბარბირი გერმანიის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს:

"არ არსებობს არავითარი ნიშანი იმისა, რომ კანცლერ შრიოდერის მმართველ კოალიციას მართლაც შესწევდეს უნარი, სწორი დიაგნოზი დაუსვას მზარდი უმუშევრობისა და სუსტი ეკონომიკური ზრდის მიზეზებს; ხოლო შემდეგ, ვითარების გამოსასწორებლად, სარეფორმო ღონისძიებები გაატაროს. სხვადასხვა ანგარიშებისა თუ რჩევების ათასობით გვერდი დაიწერა იმ მიზნით, რათა საგადასახადო და სოციალურ სფეროებში გასაქანი მიეცეს ალტერნატიულ იდეებს, რათა უფრო მოქნილი გახდეს დასაქმების სისტემა, ხოლო ბაზარზე კონკურენცია გაიზარდოს. მაგრამ კანცლერს საამისოდ გამბედაობა არ ჰყოფნის."

"ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნში" დაბეჭდილ ანალიზში გაზეთის მიმომხილველი, ჯონ შმიდი, აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობა ნათლად დაგვანახებს, როგორ აფასებს გერმანიის მოსახლეობა სიდიდით მსოფლიოში მესამე ეკონომიკის შრიოდერისეულ მართვას. წერილის ავტორის თქმით, ბავარიაში, რომელსაც შრიოდერის მეტოქე, ედმუნდ შტოიბერი ხელმძღვანელობს, უმუშევრობის დონე გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე გერმანიის სხვა მხარეებში. შემდეგ ჯონ შმიდი განაგრძობს:

"ბატონი შტოიბერის საარჩევნო კამპანია რამდენიმე მიზანს ეყრდნობა. ესენია საშემოსავლო გადასახადების, სოციალური სფეროს ხარჯებისა და სახელმწიფო აპარატის შემცირება. კანცლერად არჩევის შემთხვევაში მას განზრახული აქვს, გააუქმოს ბატონი შრიოდერის მიერ, პროფესიული კავშირების კარნახით გატარებული ღონისძიებები. თუმცა, ედმუნდ შტოიბერის ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ძირფესვიანი ცვლილებების ნებისმიერი მოლოდინი გადაჭარბებულად უნდა მივიჩნიოთ."

ჩვენი მიმოხილვის ბოლო საკითხი, როგორც ზემოთაც გითხარით, ანტიტერორისტული კამპანიის ფონზე შუა აზია-კავკასიის რეგიონის როლის ზრდა გახლავთ. დიდი ბრიტანეთის გაზეთ "გარდიანის" მიმომხილველი, საიმონ ტისდალი, აღნიშნავს, რომ ცენტრალურ აზიაში შეერთებული შტატები ეპიკური განზომილების სტრატეგიულ ჭიდილში ჩაება. ბრიტანელი ჟურნალისტის თქმით, ავღანეთის ომმა ვაშინგტონს ხელში ჩაუგდო ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები, რომელთა მსგავსსაც იგი კარგა ხანია, ეძებდა. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში რეგიონს არ დატოვებსო, დაასკვნის საიმონ ტისდალი და იქვე განაგრძობს:

"დაე, კვლავაც იოცნებონ რომანტიკოსებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ადასტურებს მის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ომით განადგურებული ავღანეთის აღდგენას. ავღანეთის სიახლოვეს საკუთარი ბაზების მოწყობა ვაშინგტონს მხოლოდ ნაწილობრივ სჭირდება ქაბულზე თალიბანის შესაძლო კონტრიერიშის თავიდან ასაცილებლად, ან იმისთვის, რათა არ დაუშვას უწინდელი პოლიტიკური წყობის აღდგენა. გაცილებით უფრო დიდ, შორეულ პერსპექტივაზე გათვლილ მიზნად მას სხვა რამ აქვს დასახული: შეერთებული შტატების ინტერესები გაატაროს და შეერთებული შტატების გავლენა გაავრცელოს ისეთ ქვეყნებში, რომლებიც მისთვის აქამდე მიუწვდომელი იყო."

ამავე საკითხს, სხვა კუთხით ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქენან ალიევი. ინგლისურენოვან საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში" გამოქვეყნებულ სტატიაში იგი აღნიშნავს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის გამოცხადებამ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე მკვეთრად გაზარდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლი. ალიევის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არის, ყოველმხრივ დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს. თუმცა, როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დასძენს, "საამისოდ აუცილებელია, რეგიონის ქვეყნებმა თავიანთი კონფლიქტები მოაგვარონ. მაგალითად, თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს სურთ, უცხოეთის საფინანსო დახმარების მნიშვნელოვანი წილი მათაც ერგოთ, მათ სასწრაფოდ უნდა იზრუნონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე."
XS
SM
MD
LG