Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდზე საპროტესტო აქცია იწყება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სავარაუდოდ, 20 იანვრიდან ენგურის ხიდი ისევ გადაიკეტება. ამჯერად, პროტესტს ამგვარი ფორმით გამოხატავენ აფხაზეთიდან დევნილები,

რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანას მოითხოვენ.

ზუგდიდიდან მოსული ინფორმაციით, 19 იანვრისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციის დაწყების გადადება საორგანიზაციო სამუშაოებმა გამოიწვია – აქციის მონაწილეები კარვების, ღუმელების და საწილე ტომრების შეგროვებით არიან დაკავებულნი. აქციის დაწყების წინ შეიცვალა აქციის მონაწილეთა მოთხოვნაც, რაც უკვე სამშვიდობო ოპერაციის მდინარე ლაღიძგამდე გაფართოებაში გამოიხატება.
სხვათაშორის, ენგურის ხიდის გადაკეტვა აქამდეც არაერთხელ მომხდარა. მაგალითად, 1998 წელს ასეთ საკმაოდ ხანგძლივ აქციას პარლამენტარი ბეჟან გუნავაც შეუერთდა, თუმცა, შედეგი ენგურის ხიდის რამდენიმეკვირიან პიკეტირებას არ მოჰყოლია-რუსი სამშვიდობო ნაწილები დღემდე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან.
ამჯერად დევნილების აღშფოთების პროვოცირება გალის რაიონის სოფელ გაგიდაში ჩატარებულმა სადამსჯელო ოპერაციამ გამოიწვია – გავრცელებული ინფორმაციით, ამ სოფელთან ახლოს მყოფმა რუსმა სამხედროებმა არა მხოლოდ არ აღკვეთეს აფხაზური შეიარაღებული ნაწილების თვითნებობა, არამედ თავადაც მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში. სააგენტო “კავკაზ-პრესის” ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კატეგორიულად უარყოფს დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობას გალში ჩატარებულ სპეცოპერაციაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის განმარტებით, გალის რაიონში ჩატარებული პროფილაქტიკური ოპერაციის დროს, დააკავეს 35 ადამიანი, ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის 4 ავტომატი საბრძოლო მასალით. შემოწმების შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება 6 დაკავებულის მიმართ, საიდანაც ორი ძებნილი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის.
სხვა ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტი ლაშა ბერულავა, რომლის ცნობითაც, გალის რაიონის მილიციაში დაკავებულთა რაოდენობა შვიდი კაცია. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზური მხარე მათი ვინაობის დადგენას ცდილობს, არაოფიციალურად გავრცელებული ხმებით კი-დაკავებულთა გათავისუფლებისთვის გამოსასყიდს ითხოვს.
19 იანვარს ზუგდიდში ჩავიდა იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თემურ შაშიაშვილი. წინასწარი ცნობებით, იგი პარტიზანებთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა, მასალის მომზადების დროისთვის ჯერაც გაურკვეველი იყო იმერეთის გუბერნატორის სამუშო პროგრამა. იმის გათვალისწინებით, რომ გაზაფხულიდან თემურ შაშიაშვილი პარტიზანული მოძრაობის ფართოდ გაშლის ინიციატივით გამოდის, გამორიცხული არ არის, სამეგრელოში მისი ჩასვლა ენგურის ხიდზე მოსალოდნელი აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებაც იყოს.
XS
SM
MD
LG