Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ კვირაში მთვარი მოვლენები ქვეყნის პერიფერიებზე ხდებოდა. საზოგადოების და ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ისევ აფხაზეთი და პანკისის ხეობა იქცა.

აფხაზეთიდან ამ კვირაში შემაშფოთებელი ამბები ისმოდა-გალის რაიონის სოფელ გაგიდაში ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაციას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მძევლად აყვანილი რამდენიმე ადამიანის ბედი ჯერაც გაურკვეველია. ასეთ ფონზე მით უფრო შემაშფოთებლად გამოიყურება ქართული მხარის თანხმობა, კოდორის ხეობიდან ქართული საჯარისო ნაწილების გამოყვანის შესახებ. 18 იანვრის გაზეთ ":რეზონანსის" განცხადებით, ქართული მხარე კოდორის ხეობას თანდათან თმობს. გაზეთის ცნობით:

" საქართველოს ხელისუფლება მორჩილად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლის შესრულებასაც აფხაზური მხარე და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი დიტერ ბოდენი ითხოვს. სამაგიეროდ, მთავრობა და მისი მეთაური ყურსაც არ იბერტყავს საკუთარი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების შესრულებაზე. რუსი მშვიდობისმყოფელები ყოველგვარი სამართლებრივი სტატუსის გარეშე კვლავინდებურად "გამაგრებულნი" არიან ენგურის ხიდზე.
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ბარამიძის თქმით, პრეზიდენტს პარლამენტის დადგენილების შეჩერების კონსტიტუციური უფლება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება შეჩერებული არ არის და კვლავ ძალაშია. ჯერჯერობით პრეზიდენტს არც საპირისპირო გადაწყვეტილება მიუღია და უფლებამოსილების მანდატი არ გაუგრძელებლია სამშვიდობო ძალებისადმი.
ერთადერთი, რასაც ქართულმა მხარემ აფხაზებთან მოლაპარაკებებისას მიაღწია ისაა, რომ, კოდორის ხეობის პატრულირებაში მონაწილეობაზე რუს სამხედროებს უარი ეთქვა. თუმცა, ეს ფორმალური შეთანხმება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ რუსები რეალურად არ იქნებიან ამ პროცესში ჩართულნი.
მალხაზ კაკაბაძის ინფორმაციით, გაეროსთან ერთად აფხაზურმა მხარემ პატრულირების პროცესის დაწყების პარალელურად, ქვემო კოდორისა და ტყვარჩელის მიმდებარე ტერიტორიები უნდა შეამოწმოს და აღმოჩენის შემთხვევაში, მძიმე ტექნიკა გაიყვანოს. ამასთან, შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ ხეობის დაბომბვების თავიდან აცილების შესახებ ვალდებულება აიღო. აფხაზურმა შენაერთებმა არ უნდა გადმოკვეთონ უსაფრთხოების ზონად მიჩნეული 107-ე საგუშაგო."



თითქმის ყველა გაზეთი ეხმაურება პანკისის ხეობაში დაწყებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციის დაწყებას, რომლის საბოლოო მიზნად მძევლების გათავისუფლება და ამ ხეობაში წესრიგის დამყარება ცხადდება. 18-21 იანვრის გაზეთ "ახალი ეპოქის" ცნობით, პანკისის ხეობაში შინაგანი ჯარების ბლოკ-პოსტების გადაადგილების შემდეგ, სამართალდამცავებს დაუკავშირდა რამდენიმე კრიმინალი, რომლებიც იარაღის ჩაბარების სანაცვლოდ, მათზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ პანკისის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა. "ახალი ეპოქის" კახეთის ბიუროს კორესპონდენტის ცნობით, მინისტრი კახეთში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. მინისტრის განცხადებით, ბლოკ-პოსტების ხეობის სიღრმეში გადაწევა ეროვნული უშიშროების საბჭის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების პირველი ეტაპია. თუმცა:


"ავღანელთა კავშირი", რომელმაც სოფელ მატანიდან ალავერდში გადაინაცვლა, ჯერჯერობით არ ფიქრობს საპროტესტო აქციის შეწყვეტას. როგორც "ახალ ეპოქას" ავღანელთა რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ემზარ ქვარიანმა განუცხადა, "ავღანელთა კავშირი" დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს. მისი მონაწილეები არ დაიშლებიან, სანამ ხეობაში ვითარება სტაბილური არ გახდება და ყველა მძევალს ტყვეობიდან არ დაიხსნიან. ჯერჯერობით, გატაცებული ქართველი ბერის გათავისუფლება ვერ ხერხდება.
საქართველოში ჩეჩნურ-ქისტური დიასპორის ხელმძღვანელის ხიზრი ალდამოვის განცხადებით, ძალოვნების მიერ ხეობაში ბლოკ-პოსტების გადატანას დადებითად აფასებენ როგორც ახმეტის რაიონის ქართული მოსახლეობა, ასევე იქაური ქისტები. თუმცა, ალდამოვი არ გამორიცხავს პანკისის ხეობაში თავშეფარებული კრიმინალებისგან ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობას. მით უფრო, რომ მათ უმრავლესობას, ალდამოვის აზრით, რუსეთი მართავს.
პანკისის ხეობაში რუსეთის კვალს აღიარებს პარლამენტარი ნიკო ლეკიშვილი. მისი სიტყვით, რადგან პანკისში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ინტერესებიც იკვეთება, აუცილებელია ჩრდილოელი მეზობლის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების გამართვა. რამდენიმე დღის წინათ, ალბათ, ამ მიზნით ეწვია მოსკოვს საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია.
საქართველოს პრეზიდენტმა პანკისის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად განხორციელებული ღონისძიებების პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა. როგორც შევარდნაძემ აღნიშნა, ეს ოპერაცია თებერვალ-მარტში უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, სამართალდამცავთა გააქტიოურება სწორედ დღეს იყო უმჯობესი. ამასთან, პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პანკისის ხეობაში საქართველოს იურისდიქციის გავრცელებაზე საუბარი არც შეიძლება იყოს. "პრობლემები ისედაც გვეყოფა და ნუ ვეძებთ მათ იქ, სადაც არ არის" _ აღნიშნავს იგი."


"თუ ხელისუფლებამ პანკისის ხეობა კრიმინალებისგან და ნარკობარონებისგან არ გაწმინდა, თუ უშიშროებისა და შს სამინისტროების რამდენიმე მაღალჩინოსანი სათანადოდ არ დაისაჯა, აქ შეიარაღებული კონფლიქტი და სისხლისღვრა დაიწყება" - უთხრა ხეობაში ჩასულ გაზეთ "ჯორჯიან ტაიმსის" კორესპონდენტს სოფელ ქორეთის ყოფილმა მასწავლებელმა. გაზეთის თქმით, სისხლისღვრის დასაწყებად პანკისში მართლაც იდეალური პირობებია: ბევრი იარაღი და კილოგრამობით პერიონი.


" ადგილობრივების თქმით, პანკისის ხეობაში დღეში დაახლოებით ნახევარ კილოგრამამდე ჰეროინი იყიდება. უხეში გამოთვლით გამოდის, რომ პანკისის მარტო ერთ თვეში ხუთ მილიონ დოლარზე მეტი შედის. ნარკობიზნესში ჩართულნი არიან სოფლების თავკაცებიც და , საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სწორედ ისინი უწყობენ ხელს არეულობას, რათა პანკისში მუდმივი ქაოსი იყოს და, შესაბამისად ნარკომრეწველობაც განვითარდეს. ხალხი კონკრეტულად მოუთითებს ერთერთი სოფლის გამგებელზე, რომელიც, მათი თქმით, პოტენციური ნარკომანია და ახალბედა ნარკომანებს გზის გაკვლევაში ეხმარება.
ყველასთვის ცნობილია, რომ სოფლები: ჯოყოლო, დიუსი, ქორეთი და მატანი ფაქტობრივად, ნარკობაზრადაა გადაქცეული და მცხოვრებთა ერთი ნაწილი ნარკოტიკებსაც სიამოვნებით ხმარობს. სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ ქართული, ოსური და ქისტებით დაკომპლექტებული სოფლები ერთმანეთზე არიან გადაკიდებულნი.
არსებობს ვერსია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ამოღებულ ნარკოტიკთა უმრავლესობა სარეალიზაციოდ სწორედ პანკისის ხეობაში იგზავნება. ამ ვერსიას პოლიციელები უარყოფენ, მაგრამ თუ მათ მანქანებს, სახლებს, აგარაკებს და ასეულიბით ათას დილარს გავიხსენებთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ვერსიას არსებობის უფლება მართლაც აქვს. თანაც, ოფიციალური მონაცემები გვამცნობენ, რომ პოლიციის მიერ ამოღებულ ნარკოტიკთა საერთო რაოდენობა ძალიან მიზერულია. ანუ, ამოღებულ ნარკოტიკთა დიდ ნაწილს რეალიზაცია უკეთდება და დოკუმენტებში, საერთო რაოდენობის მხოლოდ მესამედს აფიქსირებენ. პოლიციაში ნარკორეალიზაციის მთელი სისტემაა ჩამოყალიბებული. პოლიციელები ნარკოვაჭრებს დააკავებენ, ნარკოტიკებს წაართმევენ, პანკისში ჩაიტანენ, მეორე ნარკოვაჭარს გააყიდინებენ, იმ ნარკოვაჭრისგან ინფორმაციას მიიღებენ, მყიდველს დაიჭერენ, ნარკოტიკებს წაართმევენ და ისევ პანკისში ჩაიტანენ..."



ქართული პრესის ერთსულოვანი აზრით, ასევე კარგად არის ჩამოყალიბებული საქართველოს ბიუჯეტის მიღების სისტემა. "ახალი ეპოქა" ბიუჯეტის განხილვას კითხვა-პასუხის საღამოს ადარებს, "ახალი თობა" რიგგარეშე სხდომაზე დარბაზის სიხალვათეს უსვამს ხაზს, "გაზეთი "ალია" კი პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის კომენტარის ციტირებას აკეთებს, რომ ძველი და ცუდი მთავრობა ახალ და კარგ ბიუჯეტს ვერ შექმნიდა. ამ აზრს ანვითარებს 18 იანვრის "დილის გაზეთი," რომლის აზრითაც, გაუგებარია, რატომ აქვს პარლამენტს იმაზე უკეთესი ბიუჯეტის დამტკიცების პრეტენზია, ვიდრე ამ მთავრობას შეუძლია შექმნას. "დილის გაზეთის" თქმით:


"საკანონმდებლო ორგანოში მიკროფონების ჩართვისას გაღვიძებული კეთილი სურვილები მთავრობის შესაძლებლობებს არათუ ემთხვევა, ძირითადად ეწინააღმდეგება კიდეც. თუმცა, ეს ცალკე გლობალური თემაა. ამ ეტაპზე ფინანსთა მინისტრის პროექტი საკანონმდებლო ხელისუფლებას იმის ფორმალურ საფუძველსაც არ აძლევს, რომ პარლამენტი კომპრომისზე წავიდეს და მთავრობას მთავარი ეკონომიკური დოქტრინა დაუკომპოსტიროს. თუმცა, ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ საშემოსავლო ნაწილის გაუზრდელობის არგუმენტირება მშიერი ქვეყნის პირისპირ საკმაოდ რთული, თითქმის შეუძლებელი რამაა. მით უფრო, ეკონომიკური არგუმენტების ენაზე საუბარი არათუ მშიერ ხალხთან, დეპუტატებთანაც გაჭირდა. დღეს პარლამენტში ძირითადად პოლიტიკური პრეტენზიები გაისმის - მაგალითად, დეპუტატი ჟვანია სერიოზულად დაინტერესდა ფაქტით, თუ რატომ არ არის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ის 140 მილიონი გათვალისწინებული, რომელზეც კონტროლის პალატის თავმჯდომარის მთავრობის სხდომაზე იყო საუბარი. ცხადია, პოლიტიზირებულია შემოსავლების სამინისტროს 37 მილიონიანი სპეცსახსრების საკითხიც, მით უფრო მაშინ, როცა თავდაცვის მთელი სისტემა იღებს 38 მილიონს...ბიუჯეტის სტრუქტურულ პარამეტრებსა თუ კლასიფიკატორებში, ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ, პარლამენტშიც ისევე მძიმედ ერკვევიან, როგორც ფინანსთა სამინისტროსა თუ მთავრობაში.წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დილის გაზეთზე ადრე აღმოაჩენდნენ იმ ფაქტს, რომ ფინანსთა მინისტრის მუდმივი სიამაყე საბიუჯეტო გატრასპარტილობით, წესრიგით თუ გამჭვირვალებით, რბილად რომ ვთქვათ, ურცხვობაა. უფრო მეტიც, ნოღაიდელისეულ 2002 წლის ბიუჯეტში საბიუჯეტო გამჭვირვალეობის ის დონეც კი აღრ არის შენარჩუნებული, რომელიც ჯერ კიდევ დავით ონოფრიშვილის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ამერიკელების რეკომენდაციებით დამყარდა. დავით ონოფრიშვილის 2000 წლის ბიუჯეტში იმის გარდა, რომ 1998 წლის მონაცემებიც კი არის დინამიკაში მითითებული, თითქმის ყველა საბიუჯეტო მუხლია გაშიფრული. ნოღიდელის დამყარებული გამჭვირვალეობის შემდეგ კი არათუ წლების დინამიკა, მუხლების უმრავლესობაც კი გაუშიფრავია-მითითებული მხოლოდ ზოგადი ხარჯვითი პარამეტრებია."


შაბათს გაზეთები იუწყებოდნენ, რომ დიდი პერიპეტიების შემდეგ, პარლამენტმა პირველი წაკითხვით მაინც მიიღო ბიუჯეტის პროექტი. 19 იანვრის გაზეთ "რეზონანსის" შენიშვნით, პარასკევს პარლამენტში დიდხანს არკვევდნენ, როგორ მიეცათ ხმა ბიუჯეტისთვის, როცა დეპუტატები სხდომებზე არ არიან.


"ამ დროს ჩვენი პარლამენტარების ფულიანი ნაწილი ბაკურიანისა და გუდაურის კურორტებზე ისვენებენ და სანამ აფხაზები და ათასი ჯურის დუშმანი ბაკურიანს არ მიადგება, ყურსაც არ აპარტყუნებენ. აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ ქართველ პოტიკოსთა სოლიდური ნაწილი თავის უფროსიანად დაიღალა და დაბერდა. სამწუხაროდ, ახალი სახეების და ახალი პოლიტიკოსების ასპარეზზე გამოსვლაზე არავინ ფიქრობს. ძველბმა კი სიკეთე ვერ დაგვაყარეს. ყოველდღე ერთნამეთზე უარესი ამბები სიმის და თუ ასე გაგრძელდა, მალე ხელისუფლება სულაც აღარ დაგვჭირდება."
XS
SM
MD
LG