Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთი “ქობულეთი” საქართველოს წინააღმდეგ


სოზარ სუბელიანი, თბილისი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო გაზეთ “ქობულეთის” სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ.

სტრასბურგში გაზეთის ინტერესებს საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი იცავს, რომელსაც მომავალ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება. დავა, რომელმაც საქართველო სტრასბურგამდე მიიყვანა, 4 წლის წინ დაიწყო აჭარაში, სადაც ერთმანეთს ორი ადგილობრივი გაზეთის – “აჭარა P.S”-ისა და გაზეთ “ქობულეთის” წარმომადგენლები, ტარიელ ქათამაძე და ნატო ქათამაძე დაუპირისპირდნენ. ეს არის საქართველოდან ევროსასამართლოში მისული პირველი საქმე, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვას ისახავს მიზნად.

ორ გაზეთს შორის დავა 1998 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, როცა გაზეთ “ქობულეთის” რედაქტორმა ნატო ქათამაძემ თავის პუბლიკაციაში – “წერილი მკითხველს” – თავად ქალბატონი ნატოს სიტყვებით რომ ვთქვათ, აზრი გამოთქვა გაზეთ “აჭარა P.S-ისა” და მისი თანამშრომლების შესახებ. მეორე მხარემ ხსენებული “აზრი” საკუთარ შეურაცხყოფად მიიჩნია და სარჩელი სასამართლოში შეიტანა. “აჭარა P.S-ის” დამფუძნებლის, ტარიელ ქათამაძის თქმით, შეურაცხმყოფელი ამ წერილში მართლაც ბევრი იყო: [ტარიელ ქათამაძის ხმა] “თვითონ წერდა, რომ ჩვენი გაზეთი თითქოს არის შანტაჟისტების გაზეთი, ჭორიკანების გაზეთი და აჭარაში დაარსდა კიდევ ჩვენი გაზეთის სახით უზნეოთა გაზეთი”.

წერილის გამოქვეყნებიდან 5 დღის შემდეგ, 1998 წლის 19 აგვისტოს “აჭარა P.S-ის” წარმომადგენლებმა ქობულეთის სასამართლოში იჩივლეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო. ქობულეთის სასამართლომ “სირთულის გამო” დავის განხილვაზე უარი თქვა და თითქმის ერთი წლის შემდეგ, 1999 წლის 26 ივლისს საქმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში გადააგზავნა. კიდევ ერთი წლის შემდეგ, 2000 წლის 14 აპრილს აჭარის უმაღლესმა სასამართლომ გაზეთი “ქობულეთი” გაამტყუნა და პუბლიკაციის ავტორს ნატო ქათამაძეს, გაზეთის რედაქციასა და მის დამფუძნებლებს გაზეთში გამოქვეყნებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემბღალავი ფრაზების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

გაზეთმა “ქობულეთმა” გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნია და საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაკითხა, მაგრამ საკასაციო ინსტანციამ განაჩენი ძალაში დატოვა, რის შემდეგაც “ქობულეთის” რედაქტორი და მისი პარლამენტარი ადვოკატი სტრასბურგისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. კობა დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ საქმეს მოიგებს, რადგან ნატო ქათამაძის მიერ გამოთქმული შეფასებები არ შეიძლება სასამართლოს განსჯადი გახდეს: [კობა დავითაშვილის ხმა] “ეს იყო ქალბატონი ნატოს შეფასებები, მისი მოსაზრებები. შეუძლებელი იყო ქალბატონ ნატოს, მაგალითად, სერიოზულად წარმოედგინა მტკიცებულებები, რომ მისი აზრით ესა თუ ის ადამიანი “საეჭვო რეპუტაციისაა”, ანდა “სულით მონაა”, “მონაა ანგარებისა”, “შანტაჟისტი”, “ყველაფრის მკადრებელი”, “უმადური ჭორიკანა”. გასაგებია, რომ ეს არ არის სასიამოვნო ფრაზები, მაგრამ ეს ფრაზები ასახავს ქალბატონი ნატოს დამოკიდებულებას გარკვეული პიროვნებების მიმართ და აქ არ არის მოყვანილი ფაქტები, ეს არის შეფასებები.”

თავის მხრივ, ტარიელ ქათამაძე აცხადებს, რომ მისი შეურაცხმყოფელი წერილი მხოლოდ შეფასებებით არ შემოიფარგლებოდა და მასში კონკრეტული ბრალდებებიც იყო გამოთქმული:

[ტარიელ ქათამაძის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“მაგის გარდა ამბობდა, რომ მე ვარ კრიმინალი. ჩემს პირად ცხოვრებას, ჩემს პირად ღირსებას შეეხო. შეეხო ჩემს რეპუტაციას, რომ, თითქოს, მე გამოგდებული ვარ სამხედრო კომისარიატიდან, გამოგდებული ვარ ჩემი მუშაობის პერიოდში შინაგანი ჯარებიდან, რომ მე გამოგდებული ვარ სხვადასხვა სამსახურებიდან, რომლის ერთი ფაქტიც ვერ დაასახელა. არის ეს თქვენთვის შეურაცხმყოფელი, რომ თქვენზე დავწერო, რომ ეს კაცი არის გამოგდებული საიდანღაც, რაღაც სხვადასხვა ცუდი რეპუტაციის გამო?”
-
“რეპუტაციაში რა იგულისხმებოდა?”
-
“თითქოს სექსუალური ურთიერთობა მქონდა სამხედრო მოსამსახურეებთან”.

ნატო ქათამაძე აცხადებს, რომ მის წერილში მსგავსი ბრალდება არ ყოფილა გამოთქმული, თუმცა, ამგვარი ხმების არსებობას ისიც ადასტურებს. რაც შეეხება კობა დავითაშვილს, ის ამ შემთხვევაშიც თავისი პოზიციის ერთგული რჩება: [კობა დავითაშვილის ხმა] “სიტყვები, ზოგჯერ ორმაგი გაგებით იხმარება. ამ პუბლიკაციაშიც, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ასეთი სიტყვა, რომ ერთ-ერთი მოსარჩელი გამოგდებული იქნა სამხედრო ნაწილიდან. ეს ფაქტი, თავისთავად, სწორია, რომ ის განთავისუფლებულია. დანარჩენი უკვე შეფასების საკითხია, მე ამას “გამობრძანებას” დავარქმევ, “გამოგდებას”, “გამოპანჩურებას” თუ ასე შემდეგ. ამის უფლება მაქვს მე”.

პარლამენტარის აზრით, იგივე შეიძლება ითქვას სხვა ბრალდებებზეც: [კობა დავითაშვილის ხმა] “ჭორიკანათა გაზეთი: ეს არის შეფასება! როგორ უნდა ვამტკიცო: მოწმეები უნდა მოვიყვანო, რომ ეს რედაქტორი და მისი დამფუძნებელი ჭორს უყვებოდნენ მეორე ადამიანს და ისინი არიან ჭორიკანები, ე.ი. ეს გაზეთი ჭორიკანაა? ეს, დაახლოებით, იგივეა, როცა ბორის კაკუბავამ თამაზ ნადარეიშვილის დებილი უწოდა, ნადარეიშვილმა პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩივლა და კაკუბავა სერიოზულად ითხოვდა ექსპერტიზის ჩატარებას, რათა ის ფაქტი დადგენილიყო, არის თუ არა ნადარეიშვილი დებილი. ამ დონის პროცესებზე წავალთ, თუ ჩვენ სერიოზულად მოვთხოვეთ ადამიანს შეფასებითი მსჯელობის დამტკიცება. მაგალითად, “ერთუჯრედიანი მხარდამჭერი” უწოდა ქალბატონმა ნატომ ერთ-ერთ მოსარჩელეს. ახლა, ქალბატონ ნატოს როგორ უნდა ემტკიცებინა ეს პროცესზე – მოეთხოვა ბიოლოგიური ექსპერტიზა, თუ რამდენი უჯრედისგან შედგება ეს ადამიანი?”

დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესი – გაზეთი “ქობულეთი” საქართველოს წინააღმდეგ – გაზეთის გამარჯვებით დამთავრდება, რადგან ევროსასამართლო გამოხატვის თავისუფლებას ძალიან მაღალი სტანდარტებით იცავს და თუ რომელიმე ქვეყანა ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მით უარესი ამ ქვეყნისთვის.
XS
SM
MD
LG