Accessibility links

logo-print

დონორი ქვეყნები ტოკიოს სამიტისთვის ემზადებიან


21 და 22 იანვარს ტოკიოში 50-ზე მეტი ქვეყანა შეიკრიბება ავღანეთის აღდგენისადმი მიძღვნილ სამიტზე, რომელზეც, როგორც მოელიან, დონორი ქვეყნები 9 მილიარდ დოლარამდე გამოუყოფენ ომით გაჩანაგებულ ქვეყანას.

მაგრამ პირველ რიგში ავღანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ უნდა დაარწმუნოს პოტენციური დონორები, რომ ინვესტიციების გაკეთებას აზრი აქვს და რომ ფული დანიშნულებისამებრ დაიხარჯება.

ტოკიოს შეხვედრას დაესწრებიან ავღანეთის პრემიერ-მინისტრი ჰამიდ კარზაი და სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის ქვეყნის ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები.

როგორც ჩვენი რადიოს სპეციალური კორესპონდეტი დან ალექსი იტყობინება ქაბულიდან, აქ უკვე ძალზე ბევრი კეთდება ტოკიოს სამიტისთვის მოსამზადებლად და, საერთოდ, სამომავლო აღდგენითი სამუშაოების წარმატებისთვის. გაეროს ეგიდით მიმდინარე ჰუმანიტარული პროგრამის უზრუნველყოფისთვის საჭირო გახდა ავღანეთის წარსულიდან შემორჩენილი ერთ-ერთი უმძიმესი ტვირთის დაძლევა – მოშლილი ინფრასტრუქტურის სახელდახელოდ აღდგენა. სატელეკომუნიკაციო კომპანია “ერიკსონთან” ერთად გაერომ სამ კვირაში მოახერხა დროებითი მობილური სატელეფონო ქსელის ამუშავება. ჯერჯერობით მასში ჩართულია მხოლოდ 200 მობილური ტელეფონი, რომლებითაც ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები ისარგებლებენ.

ხუთშაბათს გაიხსნა ქაბულის აეროპორტი. შეერთებული შტატების ავიაციის იერიშების შედეგად მისი ასაფრენი ბილიკი გამოუსადეგარი იყო. ამჟამად უკვე საცდელ გაფრენებს აწარმოებს ავღანეთის ავიაკომპანია “არიანას” ერთადერთი გადარჩენილი თვითმფრინავი.
სპეციალისტების შეფასებით აეროპორტის გახსნა დააჩქარებს ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების სწრაფ განთავსებას. დღეისთვის აქ 1450 ჯარისკაცი იმყოფება. მთლიანობაში მათი რიცხვი 4500-მდე გაიზრდება.

მოვუბრუნდეთ ისევ ტოკიოს კონფერენციას. სპეციალისტების აზრით, მასზე დიდი მნიშვნელობა ექნება ევროპის კავშირის პოზიციას. ევროპის კომისია ხელიდან არ უშვებს საბაბს იმის ხაზგასასმელად, რომ იგი მსოფლიოში უდიდესი დონორია. მაგრამ ავღანეთთან დაკავშირებით ევროპელები ჯერჯერობით თავშეკავებულობას ავლენენ.
ევროპის კამისიას სურს, რომ ავღანეთში შედარებით გრძელვადიანი პროექტები დაფინანსდეს. მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრთა შორის აშკარა შიში შეინიშნება იმის გამო, რომ ევროპა, რომელსაც ავღანეთში გამოკვეთილი სასიცოცხლო ინტერესები არ მოეპოვება, შესაძლოა იძულებული გახდეს ქვეყნის აღდგენაში მთავარი ხარჯები გასწიოს.

ხუთშაბათს ბრიუსელში გამოსვლისას ევროკომისიის ერთ-ერთმა წამყვანმა თანამშრომელმა, აზიის ქვეყნებისთვის დახმარების საკითხების სპეციალისტმა მარკუს კორნარომ განაცხადა:
[კორნაროს ხმა] “მთავარი საკითხია, ვალდებულება ერთი წლით ვიკისროთ, ორნახევრით თუ ხუთით. ევროპის კავშირმა და ევროპის კომისიამ ენერგიულად დაუჭირეს მხარი იმას, რომ 2002 წლისთვის აღებული მყარი ვალდებეულებებისგან დამოუკიდებლად ტოკიო იძლევა უნიკალურ შანსს, რომ ხელი მოეწეროს გრძელვადიან აღდგენით პროგრამას. ჩვენის აზრით, ხუთწლიანი პერიოდისთვის მკაფიო პოლიტიკური ვალდებულებები უნდა მივიღოთ უმეტესი დიდი რეგიონების უმეტესი დიდი დონორებისგან”.

ევროპის კავშირი ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციისგან მოითხოვს, რომ სულ მალე იქნეს წარმოდგენილი დამაჯერებელი საბიუჯეტო, მაკროეკონომიკური და საფინანსო პოლიტიკის პროექტები.
დაახლოებით ხუთ წელიწადში ავღანეთი უკვე იმ დონემდე უნდა იქნეს აღდგენილი, რომ ქვეყანამ თანხების მიზიდვა კონვენციური საკრედიტო მექანიზმებით და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით შეძლოს, რისი უნარიც მას ამჟამად არ შესწევს.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი, აჰტო ლობიაკასი, იტყობინება ბრიუსელიდან, ევროკომისია მოითხოვს, რომ ავღანეთში მის მიერ დაფინანსებული პროგრამები ამავე დროს ადამიანის უფლებებს, ქალის როლისა და სტატუსის აღდგენას და ბავშვებისა და სოციალურად სუსტი ჯგუფების დაცვას უნდა უზრუნველყოფდეს.
XS
SM
MD
LG