Accessibility links

logo-print

“ავღანელთა კავშირი” – დავიწყებული მებრძოლების თავგანწირული მანევრი


მეორე კვირაა საქართველოს მოსახლეობა დაძაბული ყურადღებით ადევნებს თავალს,

პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარების მოთხოვნით “საქართველოს ავღანელთა კავშირის” წევრების მიერ წამოწყებულ აქციას, რომელიც სულ მალე ნამდვილ სახალხო მოძრაობად გადაიქცა. კახეთის მოვლენების ექომ, როგორც იქნა გამოაფხიზლა საქართველოს ხელისუფლება და 14 იანვარს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დათანხმდა პანკისის ხეობაში კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარებას. მაგრამ ვინ არიან თავად “ავღანელთა კავშირის” წევრები, საიდან მოდიან ისინი და რამ აიძულა ყველასაგან დავიწყებული მებრძოლები, წამოეწყოთ თავგანწირული მანევრი, რომლის მშვიდობიან დასასრულს დღეს ვერავინ იწინასწარმეტყველებს.

“ავღანელთა კავშირი” როგორც საქართველოში, ისე ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მითითებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, 80-იანი წლების ბოლოს დაარსდა. ავღანეთში ეგრეთწოდებული “ინტერნაციონალური ვალის” მოხდის შემდეგ, არმიიდან დემობილიზებული ათასობით ჭაბუკის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში გაერთიანებით, საბჭოთა ლიდერები ძირითადად ორ მიზანს ისახავდა – არ დაეშვათ “ავღანეთის სინდრომის” გავრცელება მომაკვდავი იმპერიის ტერიტორიაზე და ნაბრძოლი თაობის სახით “ახალი სისხლი” გადაესხათ კომკავშირული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახალგაზრდობაში კატასტოფულად კარგავდნენ ავტორიტეტს.

აღსანიშნავია, რომ ამ მიზნის მისაღწევად კომუნისტური ხელმძღანელობა არ იშურებდა უმაღლეს პრივილეგიებს, ხოლო “ავღანელთა” საზოგადოებრივ ავტორიტეტზე მთელი საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა მუშაობდა.

იგივე იდეოლოგიური სქემით “ავღანელთა საბჭო” 1987 წელს საქართველოშიც ჩამოყალიბდა. თუმცა პირველსავე საპროტესტო აქციაზე, რომელიც დავითგარეჯის მონასტრის ტერიტორიიდან საბჭოთა არმიის ნაწილების გაყვანის მოთხოვნით გაიმართა თბილისში, “ავღანელებმა” მხარი სტუდენტებს დაუჭირეს. 9 აპრილის შემდგომ კი “საქართველოს ავღანელთა კავშირი” საბოლოოდ დადგა ეროვნულ პოზიციებზე და მჭიდროდ თანამშრომლობდა 1990 წელს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებულ ეროვნულ ხელისუფლებასთან.

როგორც “ავღანელთა კავშირის” ამჟამინდელმა ხელმძღანელმა და კახეთის რაიონში მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა ნუგზარ კახნიაურმა ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაიხსენა, პირველი საბრძოლო დავალების შესრულება მათ სწორედ ხელისუფლების თხოვნით, შიდა ქართლში მოუხდათ.
[ნუგზარ კახნიაურის ხმა] “მაშინ პრაქტიკულად შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ხელისუფლების თხოვნით მოხდა... დავხმარებოდით. არ ჰყავდათ სპეციალისტები ტექნიკაზე. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ იარაღი, ტექნიკა და ვიყავით პრინციპში თავიდან ბოლომდე. მას შემდეგ კიდევ ერთხელ მოგვიწია იარაღის ხელში აღება აფხაზეთში ომის პერიოდში”.

აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში “ავღანელთა ბატალიონის” წევრებმა 80-მდე თანამებრძოლი დაკარგეს. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ დეპუტატი ნუგზარ მიხანაშვილი, რომელიც სოფელ შრომასთან დაიღუპა. საერთოდ ეს პერიოდი განსაკუთრებით გამორჩეულია ამ ორგანიზაციის საბრძოლო ბიოგრაფიაში. სოხუმის დაცემის ბოლო წუთებში, ედუარდ შევარდნაძის პირადი დავალებით, სწორედ “ავღანელთა ბატალიონის” მებრძოლები უზრუნველყოფდნენ ჟიული შარტავასა და ლეგიტიმური აფხაზეთს მთავრობის სხვა წევრების ევაკუაციას მინისტრთა საბჭოს ალყაშემორტყმული შენობიდან. გულმოდგინეთ დაგეგმილი ოპერაციის შემდეგ მებრძოლებმა დერეფანი გახსნეს, მაგრამ ჟიული შარტავამ უარი თქვა შენობის დატოვებაზე.
[ნუგზარ კახნიაურის ხმა] “და ჩვენმა ბიჭებმაც არ ინებეს პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების არ შესრულება და დარჩნენ ჟიული შარტავასთან ერთად. და იქ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, იყვნენ გაყვანილები და იყვნენ ყველა დახვრეტილები. 28 კაცი იყო ჩვენი ბატალიონის წევრი დახვრეტილი ჟიული შარტავასთან ერთად”

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ “ავღანელთა ბატალიონი” დაიშალა, კავშირის წევრები სხვადასხვა უწყებებში მიმოიფანტნენ, ზოგიც ყოფილი თავმჯდომარის, ნოდარ გიორგაძის დახმარებით, ღვინის ქარხანა “ახაშენში” დასაქმდა. თუმცა ძირითადი ბირთვი, რომელსაც პრივილეგიები არასოდეს უძებნია, ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდა. ნუგზარ კახნიაური იგონებს, რომ როდესაც მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით შობა ღამეს საპროტესტო აქცია წამოიწყეს, ღია ცის ქვეშ, ოთხი დღე ცარიელ პურსა და წყალზე ისხდნენ.

თუმცა პანკისის ეპოპეა, თითქმის დაქსაქსული ორგანიზაციის ერთგავარი “საბრძოლო დათვალიერება”აღმოჩნდა. “ავღანელთა კავშირის” წევრების მიერ წამოწყებულ საპროტესტო აქციაზე, სოლიდარობის ნიშნად მწყობრში მყოფმა ავღანეთის ომის თითქმის ყველა ქართველმა ვეტერანმა მოიყარა თავი.
{ნუგზარ კახნიაურის ხმა] “ჩვენთვის ეს აქცია მნიშვნელოვანია იმითი, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენ ერთმანეთში, რომ მიუხედავად ამ რვაწლიანი უყურადღებობისა ბიჭები არ გამწარებულან არავისზე და კიდევ მზად არიან კიდევ ერთხელ გაწირონ თავი სამშობლოს გულისთვის, თუკი ამას ქვეყანა მოითხოვს.”

ხელისუფლება თავდაპირველად ძალიან შეშინდა. ავღანელთა აქციის უკან მან ახალი დესტაბილიზაციის საფრთხე დაინახა. ნუგზარ კახნიაური არც მალავს, რომ:
[ნუგზარ კახნიაურის ხმა] “ნახევარი მაინც აქ ჩამომსვლელები და ჩვენი მხარდამჭერები ყველა იმას გვიკიჟინებს, რომ იქნება შეაგინოთ მთავრობას, უფრო ხმაურიანი გამოვა ჩვენი აქცია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების გინებით იქნება, თუ საერთოდ გინებით საქმე არასოდეს საქმე არა კეთდება. მე ყოველთვის ვამბობ, ერთი დღე, ყველამ, რომ დავივიწყოთ ჩვენი თანამდებობებისა და ჩვენი ოჯახების შესახებ. და ყველამ ერთად თუნდაც ერთი დღე რომ ვიფიქროთ ქვეყანაზე, ერთ დღეში გადაჭრადი პრობლემაა ეს”

“ავღანელთა კავშირის” წევრებმა შეძლეს კიდევ ერთხელ დაივიწყებინათ ოჯახებიც, უარი ეთქვათ პრეზიდენტის მიერ პირად შეხვედრაზე დაპირებულ თანამდებობებსა და პრივილეგიებზე, და მეორე კვირაა მშვიდობიანი აქციით შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ქვეყანა, უბრალოდ, მისახედია.
XS
SM
MD
LG