Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს იყო ინტერვიუ ახალგაზრდა მწერალთან ლაშა ბუღაძესთან.


წამყვანი მარიამ ჭიაურელი, პრაღა ეს იყო ინტერვიუ ახალგაზრდა მწერალთან ლაშა ბუღაძესთან.

ეკა წამალაშვილი

ამ დღეებში ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ის საკუთარი მოთხრობის ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა მოაქცია. ეკა წამალაშვილი ლაშა ბუღაძის, ახალგაზრდა შემოქმედის შესახებ ისაუბრებს და შეეცდება იმის გარკვევასაც რა მიიტანეს მან და მისმა თანატოლებმა თანამედროვე ქართულ მწერლობაში.

ახალგაზრდა მწერალსა და დრამატურგს ლაშა ბუღაძეს შესაძლებლობები კინოში არ მოუსინჯავას, არადა 1999 წელს მან სწორედ თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი დაამთავრა. როგორც ჩემთან საუბრისას თქვა, კინოდრამატურგია დიდად არ იზიდავს, მით უფრო, რომ საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარება უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მოკლედ, ლაშა კალამს უფრო თეატრისთვის სცდის. ის არის ავტორი პიესისა “ოთარი”, რომელიც თეატრალურ სარდაფში რეჟისორმა დათო საყვარელიძემ დადგა. თეატრალურ სარდაფში დაიდგა ლაშას პიესები: “ის სკამი და აი, ეს საწოლი” და “ბალიში”. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში კი ლაშა ბუღაძის “დოქტორი ფრანკენშტეინი” გაცოცხლდა. ლონდონში დადგმულ სპექტაკლზე თავად მოგახსენათ. ასე რომ საკმაოდ ახალგაზრდა სცენარისტმა (ის სულ 25 წლისაა) თეატრის მოყვარულებს თავი უკვე გააცნო. აქვე ვიტყვი, რომ ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები ქართულ პერიოდიკაში 97 წლიდან იბეჭდება. მას გამოცემული აქვს 2 კრებული. ბოლო კრებული “საუკუნის მკვლელობა”, რომელიც ასოციოდე გვერდს ითვლის 2000 წელს გამოიცა.

‘‘შუა გზაზე მიტოვებულ წიგნზე საცოდავი არაფერია, ასეთი წიგნი შეიძლება მტრად მოგეკიდოს, მაგალითად ისე, როგორც მე ერთ დროს ჩემს მიერ დასაწყისშივე მიტოვებული წიგნები, აქა-იქ ჯიუტად მისვენებულნი თაროებზე, მტვერდადებულნი, გაყვითლებული სანიშნეებით, არც დღისით მასვენებენ და არც ღამითო” -გვაფრთხილებს ახალგაზრდა მწერალი ამ პატარა წიგნის წინასიტყვაობაში და დარწმუნებული ვარ, ვისაც ლაშას მცირე მოცულობის პიესები და მოთხრობები გულისყურით წაუკითხავს და შუა გზაზე არ მიუტოვებია, ვერ იტყვის, რომ ლაშა ბუღაძემ თავისი სკანდალური “პირველი რუსი” თამარის და ქართული სინდის-ნამუსის შეურაცხყოფას მიუძღვნა.
ასეა თუ ისე სკანდალი შედგა, ქართული სინდისის იმ თავგადაკლულმა გულშემატკივრებმა, რომლებსაც საეჭვოა “პირველი რუსი” წაკითხული ჰქონოდათ, ფართო პოლემიკა გამართეს და დაიწყეს ძიება, მათ შორის ასეთი:

[ჩართვა] “მე ძალიან მაინტერესებს საიდან დაადგინა რა იყო თამარსა და იმ გიორგი რუსს შორის პირველ ღამეს, ძალიან მაინტერესებს.”

ლაშა ბუღაძეს კი ძიება აინტერესებს. “პირევლი რუსიც” ლიტერატურულმა ძიებამ და დამცირებულმა და შეურაცხყოფილმა საქართველომ დააწერინა, ეს იყო და ეს.

ლიტერატურული ნაწარმოების ფორმა და შინაარსი ავტორის ასარჩევია, დანარჩენი მკითხველმა უნდა განსაჯოს და ავტორიც ფიქრობს, რომ “პირველი რუსის” ირგვლივ აგორებული სკანდალი მოთხრობის არასწორად აღქმის ბრალია, იმისაც, რომ საერთოდ, კლიშეებისგან და ძველი სტერეოტიპებისგან თავისუფალი შემოქმედების მიმართ პრეტენზიები ხშირია, მით უფრო უფროსი თაობის მხრიდან.

იმ ადამიანებს, ვისაც ამ ახალგაზრდა მწერლის მოთხრობები არ წაუკითხავთ და არც მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები უნახავთ, ლაშა ბუღაძე პარლამენტარებმა გააცნეს, როცა ის წმინდანის შეურაცხყოფისთვის გაკიცხეს, არადა როგორც უკვე ვთქვით თამარის გიორგი რუსზე გათხოვების ამბავი გამოყენებულია საქართველოს და რუსეთის ტრაგიკული ქორწინების სიმბოლოდ და თუ მაინცდამაინც შეურაცხყოფის ძიებაზეა საქმე, მწერალს გული უფრო გიორგი რუსის გულშემატკივრებისთვის უნდა დაეწყვიტა, ვიდრე თამარის გულშემატკივრებისთვის.

ლაშა ბუღაძის ლიტერატურული მოღვაწეობა ჯერ მხოლოდ დასაწისია და როგორც მისი, შედარებით უფროსი თაობის კოლეგები აღნიშნავენ საინტერესოც. მწერალ ზაალ სამადაშვილის თქმით, ქართულ თანამედროვე მწერლობაში ახლად დამკვიდრებულებმა, ახალი სამყარო მოგვიტანეს, ახალი სამყარო კი თავისთავად საინტერესოა, რადგან ახალია.

[ზაალ სამადაშვილის ხმა] “ძალიან საინტერესო ადამიანები მოვიდნენ, ძალიან საინტერესო პიროვნებები. არ მინდა ეხლა თაობებად დავყო. რადგან მე ვთვლი, რომ ლიტერატურაში, ისევე როგორც მეცნიერებაში და სხვა დარგებში არ არსებობს ასაკობრივი გრადაცია, არსებობს ნიჭიერება და უნიჭობა. მე ვთვლი, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები მოვიდნენ და ერთ-ერთი მათგანი არის ლაშა ბურაძე.”
XS
SM
MD
LG