Accessibility links

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი. კომენტარი.


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ამ დღეებში თბილისის სპორტის სასახლეს ლეგენდარული ქართველი ფალავნის გივი კარტოზიას სახელი მიეკუთვნა.

აქ, ამ სასახლეში გასულ კვირას საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორი საშინაო მატჩი გამართა. დღევანდელი სპორტული პროგრამა ჩვენი გუნდის სასტარტო შეხვედრებზე და ქართული ხელბურთის პრობლემებზე მოგვითხრობს.

ზამთრის სუსხით, უშუქობითა და უგაზობით თავგაბეზრებულმა თბილისმა ხელბურთისთვის მაინც მოიცალა: საქართველო - ფინეთის მატჩს, სულ ცოტა, ხუთი ათასი მაყურებელი დაესწრო, ჰოლანდიელებთან გამართულ მომდევნო შეხვედრას - ოდნავ ნაკლები. მასპინძლები ფინეთთან ფრეს დასჯერდნენ, ჰოლანდიას კი ორბურთიანი სხვაობით აჯობეს. თბილისურ ამბებს წინ უძღოდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი გასვლითი შეხვედრა ფინეთში, რომელიც ქართველთა მარცხით დასრულდა. სამი ტური და სამი ქულა - ჯერჯერობით ასეთია ჩვენი გუნდის მონაგარი. ჯგუფს ხუთი ქულით ავსტრიელები ლიდერობენ. ევროპიდან შესარჩევ ტურნირში ხუთ ჯგუფში განაწილებული 18 ქვეყანა გამოდის, ის გუნდები, რომლებიც ევროპის მოახლოებული ჩემპიონატის 16 ფინალისტთა შორის ვერ მოხვდნენ და ამის გამო შედარებით დაბალი რეიტინგი აქვთ. ჯგუფში გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის განაღდებას. საამისოდ აუცილებელია პლეიოფური ბარიერის დაძლევა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაისად, იანვარ-თებერვალში, პორტუგალიაში გაიმართება და თავს მოუყრის 24 უძლიერეს გუნდს. გულახდილად თუ ვიტყვით, საეჭვოა, ამ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებიც ვიხილოთ. ეგ კი არა, საეჭვო იყო თვით შესარჩევ ტურნირში მონაწილეობაც. მიზეზი ცნობილი და ბანალურია: უფულობა. არადა, ხელბურთს მხარდაჭერა თითქოს გარანტირებული აქვს: ყოფილი ხელბურთელები არიან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე, თავად ნაკრების უფროსი მწვრთნელი ზაზა დოლიძე კი შარშან თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს. მიუხედავად ამ ხალხის მოწადინებისა, საქართველოში ხელბურთს არანაკლებ სერიოზული პრობლემები აქვს, ვინემ სპორტის ნებისმიერ სხვა სახეობას. ზაზა დოლიძეს მოუსმინეთ.


[ზაზა დოლიძის ხმა] "არც ერთი საკონტროლო თამაში არ გვითამაშია. არც ერთი! წლინახევრის განმავლობაში. ბიჭები აი, რომ იტყვიან, ხარი რომ გამოვა არენაზე, ისე გამოვიყვანეთ და ვუთხარით: აი, მსოფლიო პირველობის შესარჩევი თამაშია და უნდა ითამაშოთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. არანაირი, არანაირი, მე ბიჭები შემეკრიბა და ერთი საკონტროლო თამაში გვეთამაშა, ამის პირობები არ გვქონდა. მე მქონდა მოლაპარაკება საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან. ეს იქნებოდა ძალიან დიდი საქმე. აქ არის მთავარი როგორ მოემზადები, რა პირობებში მოემზადები, რა თანხები გექნება და როგორ მიუდგები საქმეს. არ ვწუწუნებ, მაგრამ ძალიან სავალალო მდგობარეობაში ვართ. დღეს, მაგალითად, სამის ნახევარზე გადაწყდა, რომ ჩვენ მივემგზავრებით დანარჩენი ორი თამაშის სათამაშოდ ჰოლანდიაში და ავსტრიაში".


მიაქციეთ ყურადღება: 17 იანვარს, ჰოლანდიელებთან თამაშის დღეს, ამ თამაშამდე სამი საათით ადრე, ჯერ კიდევ საეჭვო ყოფილა ჩვენი გუნდის გამგზავრება გასვლით მატჩებზე. ამ პირობებში და ამ ვითარებაში, როცა ეროვნული ნაკრების ბედი ფინანსთა მინისტრის კაბინეტში წყდება და არა სპორტულ მოედანზე, იქნებ უხერხულიც არის სერიოზული მსჯელობა ქართული ხელბურთის მომავალზე. იქნებ ჯობდა საერთოდ უარი გვეთქვა მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს საქმე უკეთესი დროისთვის გადაგვედო. სხვათა შორის, ასეთი კითხვა ყოველი ახალი ტურნირის წინ ჩნდება, მაგრამ უკეთესი დრო ვერა და ვერ დადგა. მონაწილეობა მაინც საჭიროა - ასე ფიქრობს საქართველოს ხელბურთის ასოციაციის გენერალური მდივანი თამაზ თევზაძე.


[თამაზ თევზაძის ხმა] "როდესაც დგება საკითხი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მონაწილეობაზე ევროპის იქნება თუ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, აუცილებელია მივიღოთ გადაწყვეტილება. აუცილებელია წინასწარ უკვე გქონდეს განსაზღრული ორგანიზაციული საკითხები, რომელშიც შედის მოსამზადებელი ეტაპი, ვარჯიშები, საწვრთნელი შეკრებები, ამხანაგური თამაშები ასევე ოფიციალურ საერთაშორისო ტერნირებში მონაწილეობა, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რაღაც გარკვეული შედეგი მივიღოთ. სპორტულ შედეგზე მაქვს ლაპარაკი და ეს ყოველთვის არ არის ცნობილი, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მივიღოთ მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ეს. ამით ჩვენ ვაძლევთ გარკვეულ მოტივაციას იგივე ახალგაზრდობას, ახალგაზრდა თაობას, რომ საქართველოში არსებობს ხელბურთი, რომელიც საქართველოში ტრადიციული იყო, ჰქონდა წარმატებები".


წარმატება მართლაც ბევრი იყო, უწინარესად, თბილისის "ბურევესტნიკის" სახელოვანი გუნდისა, რომელმაც 1962 წელს პირველი საკავშირო ჩემპიონატი მოიგო და ორი წლის შემდეგ იგივე გაიმეორა. სტაჟიანი გულშემატკივრები დღესაც აღტაცებით იხსენებენ სამოციანი წლების ხელბურთელების - ჯემალ აბაიშვილის, იმედო ფხაკაძის, ჯემალ ცერცვაძის, ანზორ ექსეულიძის, თამაზ ანთაძის, ლერი კარტოზიას და სხვათა ოსტატობას, მომდევნო თაობის ხელბურთელთა გამარჯვებებს. ქართული ხელბურთის დიდი ავტორიტეტის დასტურად იქცა თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი იმდროინდელი გაზეთის "ზარია ვოსტოკას" პრიზზე. ამ ტურნირში, როგორც წესი, მსოფლიო ხელბურთის გრანდები მონაწილეობდნენ, მათ მხარდამხარ კი - საქართველოს ნაკრები. "ზარია ვოსტოკა", მოგეხსენებათ, "სვობოდნაია გრუზიამ" შეცვალა, ოღონდ თავისუფალ საქართველოში ხელბურთი დიდხანს არავის გახსენებია. გარდა იმ ხალხისა ვისაც ხელბურთში ოფლი დაუღვრია და მომავლის იმედი აქამდე არ დაუკარგავს. სწორად მათი წყალობით, ავად თუ კარგად, საქართველოში ხელბურთი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ეროვნულმა ჩემპიონატმა უკვე მოისაკლისა თელავის, ფოთის, ბათუმის გუნდები და, ფაქტობრივად, თბილისის ჩემპიონატად იქცა. საქართველოს ეროვნული ნაკრები უმთავრესად თბილისელი ხელბურთელებით ივსება და მათ რამდენიმე ლეგიონერიც ემატება. ოღონდ, ლეგიონერთა ჩამოყვანა, უსახსრობის თუ სხვა მიზეზით, ყოველთვის ვერ ხერხდება. თბილისურ მატჩებში ჩვენს გუნდს სამი წამყვანი ხელბურთელი გამოაკლდა. ასეთი ნაკრებით, ცხადია, ევროპას ვერ შეეჭიდები.
XS
SM
MD
LG