Accessibility links

გასული კვირის კულტურული ცხოვრების მთავარი მოვლენები ისევ თეატრს დაუკავშირდა.


გასული კვირის კულტურული ცხოვრების მთავარი მოვლენები ისევ თეატრს დაუკავშირდა.

და არა მარტო იმიტომ, რომ 14 იანვარს საზოგადოებამ ქართული თეატრის დღე აღნიშნა, რომ თეატრალთა დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა, რომელიც კულტურის ასამდე მუშაკთან ერთად ქუთაისში გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო თეატრის მოღვაწეთა დაჯილდოების ცერემონიალში. ხელოვნების სხვა დარგებისგან განსხვავებით, საქართველოში თეატრი ისედაც განიცდის აღმავლობას. ჩვენში ვერა და ვერ დამკვიდრდა მხატვრობის, მუსიკისა თუ კინოს დღესასწაულები, რამდენჯერმე, გადაიდო, მაგალითად, ეროვნული კინოაკადემიის პრემიებით, ქართული "ოსკარებით" დაჯილდოების ცერემონია. თეატრის დღე კი ყველას ახსოვს და საბედნიეროდ, 14 იანვრის აღნიშვნა მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციის ერთგულება არ არის - ქართველებს თამაში ეტყობა მართლაც ყველაზე უკეთ გამოსდით.

გასული წლის საუკეთესო რეჟისორად ამჯერად თემურ ჩხეიძე მიიჩნიეს - ანუის "ანტიგონე" მან თითქმის ერთი და იგივე დროს დადგა მარჯანიშვილის თეატრში და მოსკოვის სამხატვრო თეატრში. ორივე სპექტაკლში კრეონის როლი ოთარ მეღვინეთ-უხუცესმა ითამაშა, ორივე წარმოდგენაში კრეონ-ანტიგონეს ბალანსი კრეონის სასარგებლოდ დაირღვა, ანუ აქცენტი გაკეთდა არა იმდენად ანტიგონეს ბუნტზე, რამდენადაც ძალაუფლების, თუ წესრიგის შენარჩუნების ვნებასა და შესაძლებელია, აუცილებლობაზეც. წესრიგისადმი ნოსტალგიას კი, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, არავინ მალავს. ბუნტი - ნაკლებად აქტუალურია, უფრო სწორად, ბუნტის ყველას ეშინია. ხელისუფლებასაც, მოსახლეობასაც და ხელოვან-ინტელიგენტებსაც. შესაძლებელია თეატრის დღეს ამიტომ არ დაფასდა ნატო მურვანიძის ნამუშევარი თემურ ჩხეიძის სპექტაკლში. არა და მისი "ანტიგონე" სპეციალისტთა აზრით, საუკეთესო როლია ამ მსახიობის ბიოგრაფიაში. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ამჯერად დაასახელეს ნანა ფაჩუაშვილი, რომელმაც სანდრო ახმეტელის თეატრში დადგმულ დიურემანტის "ვიზიტში" ითამაშა. ქართველმა თეატრალებმა უყურადღებოდ არ დატოვეს არც რობერტ სტურუას სპექტაკლები. თუმცა მსახიობ ზაზა პაპუაშვილის დაჯილდოვება "მეთორმეტე ღამეში" განსახიერებული როლისთვის და მირიან შველიძის დასახელება საუკეთესო მხატვრად( "კაცია-ადამიანის" სცენოგრაფიისთვის), რა თქმა უნდა, არ ნიშნავს თავად რობერტ სტურუას გამარჯვებას. ამ შემთხვევაში თეატრის მოღვაწეებმა ტრადიციას უღალატეს, ავტორიტეტის გააწყენების არ შეეშინდათ და თითქმის დემონსტრატიულად გამოხატეს სტურუას სპექტაკლების მიმართ თავიანთი დამოკიდებულება. გაგახსენებთ, რომ ქართულმა თეატრალურმა კრიტიკამ "მეთორმეტე ღამეც" და "კაცია-ადამიანიც" საკმაოდ თავშეკავებულად შეაფასა. თეატრის მოღვაწეთა კავშირმა უყურადღებოდ დატოვა ახალგაზრდა მსახიობებიც - წელს საგანგებოდ აღინიშნა, რომ არ გაიცა პრემიები ქალისა და მამაკაცის როლების ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის, თუმცა ჟიურის ვეტერანის მსახიობები არ დავიწყებია - პრემიები გადაეცათ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობებს, "რეტრო-სპექტაკლ" "იადონას თეატრში" განსახიერებული როლებისთვის.

"რეტრო" დღეს ყველას იტაცებს. სხვათა შორის, პოპულარული თანამედროვე მწერლის, აკა მორჩილაძის
თაყვანისმცემლებსაც - ლიტერატურის მოყვარულთა შორის ხომ ბევრია ისეთი, ვინც მორჩილაძის ახალ ნაწარმოებებში არა იმდენად ლიტერატურულ სახეთა სიმდიდრეს, ირონიას და სიღრმეს აფასებს, არამედ უფრო წერის ტექნიკას და "სიძველისადმი" მწერლის "სათუთ" დამოკიდებულებას. არ არის გამორიცხული, რომ ამ თაყვანისმცემლებმა დათვური სამსახური გაუწიონ ნიჭიერ მწერალს, ყველაფერი გააკეთონ, რათა აკა მორჩილაძემ დაიჯეროს, რომ მკითხველს მისი ნაწარმოებების "ორნამენტი" უფრო მოსწონს, ვიდრე აზრი, სიტყვათა თამაში უფრო ახალისებს, ვიდრე ის, რასაც მწერალი ამ სიტყვებით ამბობს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ცდუნებას აკა მორჩილაძე ჯერჯერობით უმკლავდება. 14 იანვარს, ლიტერატურისა და თეატრის მოყვარულებმა მარჯანიშვილის თეატრში იხილეს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების, ქეთი დოლიძისა და ნანა კვასხვაძის ჯგუფის ახალი ნამუშევარი, ბერნარდ შოუს "პიგმალიონი", რომელიც აკა მორჩილაძემ არა მარტო თარგმნა, არამედ "გადმოაქართულა" - პიესის მოქმედება 1913 წლის თბილისში გადმოიტანა - ე. ი. პიესის მოქმედება თბილისში ხდება იმ წელს, როცა ბერნარდ შოუმ თავისი "პიგმალიონი" დაწერა.

უცნაურიცაა, რომ აკა მორჩილაძე აქამდე არ დაინტერესდა "პიგმალიონის" თარგმნით. ამ მწერლის ყველა ნაწარმოებს ხომ ერთი საერთო თვისება აქვთ - ყოველთვის იგრძნობა, რომ წერა მას პირველ რიგში სიამოვნებას ანიჭებს, ახალისებს. უამრავი ქართველი თანამედროვე მწერლისგან განსხვავებით, აკა მორჩილაძე არასდროს წვალობს, მე ვიტყოდი "სიტყვას არ ეჭიდავება" და შესაძლებელია, სწორედ ამიტომ აღიქვამს ზოგიერთი მკითხველი მის ნაწარმოებებს ზედაპირულად. "პიგმალიონის" თარგმნას კი პირველ რიგში სიამოვნება უნდა მიენიჭებინა "ძველი" და "ახალი" სიტყვის ისეთი ოსტატისთვის, როგორიც აკა მორჩილაძეა. ვფიქრობ, ეს კარგად ესმოდათ ქეთი დოლიძესა და ნანა კვასხვაძეს, როცა მათ მწერალს ბერნარდ შოუს პიესის გადმოქართულება შესთავაზეს. ბოლოს სპონსორებიც მოინახა - ქეთი დოლიძემ პრემიერაზე გამოგვიცხადა, რომ "პიგმალიონის" პლატინის სპონსორია დიზაინერი მაკა ასათიანი, ოქროს სპონსორი კი - ვანესა რედგრეივი. ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რაში გამოიხატა სპონსორების ღვაწლი. თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტთა წარმოდგენა მეტისმეტად სადაა იმისთვის, რომ მაყურებელმა აქ "ოქროსა" და "პლატინის" სპონსორთა "კვალი" აღმოაჩინოს, მითუმეტეს დიზაინერი სპონსორისა. ვიზუალური თვალსაზრისით "პიგმალიონი" - მწირი, ცოტა არ იყოს ნაცრისფერი სპექტაკლია, რაც, შესაძლებელია, ავტორების მხატვრული პრინციპიც ყოფილიყო - მთავარი აქცენტი აქ ხომ აკა მორჩილაძის სიტყვაზე უნდა უნდა გაკეთებულიყო. [ფრაგმენტი სპექტაკლიდან "პიგმალიონი"]

ასეთ წარმოდგენაში, როცა რეჟისორის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი, როცა სცენაზე მოქმედება თითქმის არ ხდება, ანუ წარმოდგენაში, რომელსაც უფრო "თეატრი მიკროფონთან" შეგიძლია უწოდო, ვიდრე "თეატრი", მსახიობს მეტყველების ძალიან მაღალი კულტურა მოეთხოვება. მითუმეტეს "პიგმალიონში", რომლის უხილავი, მაგრამ მთავარი გმირი, მოგეხსენებათ, ფონეტიკაა... მაგრამ ახალგაზრდა მსახიობებს ჯერ კიდევ თავად ჭირდებათ გაიარონ ის გაკვეთილები, რომელსაც ქეთი დოლიძისა და ნანა კვასხვაძის სპექტაკლში ელიზა, უფრო სწორად, გორის მაზრიდან თბილისში ჩამოსული მეყვავილე, გალუაანთ თამრო გადის. მხოლოდ სამსახიობო ოსტატობის დახვეწის შემდეგ მოახერხებან ისინი ბოლომდე შეიგრძნონ ის გასაოცარი იუმორი, რომელიც არის აკა მორჩილაძის ტექსტში და, რაც მთავარია, წარმოაჩინონ ირონია თავად "ეპოქის ტექსტისა" და პერსონაჟების მიმართ. აქ ხომ, აკა მორჩილაძის ტექსტში, პრინციპში, ორი განსხვავებული ენის "დუელი" იხატება - ერთია, ქალაქურ, სომხურ-სოლოლაკურ დიალექტში აღრეული ქართლური დიალექტი და მეორეა, "მაღალი შტილი", "ბესიკის ენა". ბერნარდ შოუს საუკუნის დასაწყისის თბილისში რომ ემოგზაურა, შესაძლებელია, მართლაც დაეწერა ახალი "პიგმალიონი’ იმდენ დიალექტს, იმდენ "ენას’ მოისმენდა იგი აქ. ვფიქრობ, სწორედ ამ სიჭრელემ მოხიბლა პოსტმოდერნისტი ქართველი მწერალი, როცა ხალისით მოეკიდა "პიგმალიონის" თარგმანს. მაგრამ ეს სიჭრელე, ქართული სიტყვის ასე რომ ვთქვათ "განუსაზღვრელი შესაძლებლობები" ახალგაზრდა მსახიობებს ისევე უნდა ყვარებოდათ, როგორც მწერალს - სპექტაკლი მართლაც რომ გადაქცეულიყო "პირველად იყო სიტყვის" პაროდიად. ჯერჯერობით ამის უნარი მხოლოდ ერთ მსახიობს, "გალუანთ გალუას", ანუ თამროს მამის როლის შემსრულებელს, თორნიკე ბზიავას აღმოაჩნდა. [ფრაგმენტი სპექტაკლიდან "პიგმალიონი"]

ასეა თუ ისე, ახალმა "პიგმალიონმა", რომელიც მედეა ჯაფარიძის ხსოვნას მიეძღვნა, ძალიან გაახალისა ქართული პუბლიკა. უახლოეს ხანში ეს ტექსტი, ალბათ, აუცილებლად დაიბეჭდება, დარწმუნებული ვარ, რომ აკა მორჩილაძისეული "პიგმალიონის" დადგმას სხვა რეჟისორებიც მოინდომებენ. მაგრამ ქეთი დოლიძისა და ნანა კვასხვაძის ღვაწლი მაინც არ უნდა დავივიწყოთ - წარმოდგენის ინიციატორები ხომ სწორედ ეს ქალბატონები იყვნენ, სწორედ მათ სცადეს "პიგმალიონით" თანამედროვე ქართული კულტურის გამოყვანა "რეტროს" ჭაობიდან, ძველის გამდიდრება ახლით და "ძველის" რესტავრაცია ახალი კულტურის გამომსახველობითო საშუალებებით.
XS
SM
MD
LG