Accessibility links

logo-print

ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია ფართოვდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ენგურის ხიდზე შეკრებილი დევნილები დაშლას არ აპირებენ და მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაუმორჩილებლობის გამოცხადებით იმუქრებიან.

შეგახსენებთ ენგურის ხიდზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს – სამშვიდობო ოპერაციის ზონის გაფართოება და რუსეთის სამშვიდობო ნაწილების კონფლიქტის ზონიდან გაყვანა.

პანკისის ხეობის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებზე რეაქციისგან განსხვავებით, საეჭვოა, ენგურის ხიდზე დაწყებული საპორტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უახლოეს პერიოდში შესრულდეს. საერთოდ, საკითხის სერიოზულობის მიუხედავად, ვითარება კომიკურ ელფერს იძენს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მათი მოთხოვნების შესასრულებლად ვადას უწესებენ, პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ენგურის ხიდზე შეკრებილი დევნილების სამართლიან მოთხოვნებს.

ორშაბათს რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ენგურის ხიდზე დაწყებული საპროტესტო აქციის კომენტირებისას განაცხადა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “რაც შეეხება სამშვიდობო ძალებს, მე ჯერ არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება რუსეთთან, მეგობართა ჯგუფის სხვა წევრებთან, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ სამშვიდობო ოპერაციის ახალი ფორმატი.”

შეგახსენებთ – თავდაპირველად ენგურის ხიდზე დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეები აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანას მოითხოვდნენ, შემდეგ მოთხოვნა შეიცვალა და რუსი ცისფერჩაფხუტიანების მდინარე ღალიძგაზე გადაადგილებაში გამოიხატა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს შეემატა პროტესტი კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების გამოყვანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც.

პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებს, რომ კოდორიდან საქართველოს შეიარაღებული ნაწილების გამოყვანაზე საუბარი არ მიდის და რომ გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, დირეტ ბოდენი, მოითხოვს კოდორის ხეობაში დამატებით შეყვანილი ძალების გამოყვანას. შეგახსენებთ, კოდორის ხეობის დაბომბვების შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნით კოდორის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს ძალები შევიდა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ სხვა შეიარაღებული ძალები – შინაგანი ჯარი თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეგანაყოფები – ისევ რჩებიან კოდორის ხეობაში.

საინტერესო ნიუანსი – პრეზიდენტი აცხადებს, რომ
[ედუარდ შევარდანძის ხმა] “როდესაც საუბარია აფხაზეთთან დაკავშირებით 92 წლიდან დღემდე დადებული ხელშეკრულებების დარღვევებზე, სავსებით გამართლებული იქნებოდა საერთაშორისო დონეზე განხორციელებულიყო კონფლიქტის პირველი დღეებიდან ხელმოწერილი დოკუმენტების ინვენტარიზაცია. თუ არ ვცდები, ჯაბა იოსელიანმა გამოთქვა ასეთი მოსაზრება.”

ენგურის ხიდზე მიმდინარე აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, როცა ისინი არაერთხელ დაშლილან მათი მოთხოვნების შესრულების დაპირებისას, ამჯერად ისინი ფეხს არ მოიცვლიან, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება. 22 იანვარს აქცია უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს - დაგეგმილია ზუდგიდიდან ენგურის ხიდამდე საპროტესტო მსვლელობის მოწყობა.

უკანასკნელი ინფორმაციით 21-თ იანვარს, საღამოს, აფხაზეთიდან დევნილებმა აქციები წამოიწყეს თბილისშიც – ბაგებში. სამშაბათს ისინი აქციის გადატანას გეგმავენ სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან. ისინი მოითხოვენ, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები სასწრაფოდ გავიდნენ კონფლიქტის ზონიდან.
XS
SM
MD
LG