Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნისტები და "ნაციონალური მოძრაობა"


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 21 იანვარს, ქართველმა კომუნისტებმა ლენინის გარდაცვალების დღე აღნიშნეს.

კომუნისტთათვის საზეიმო გლოვა-ხსენების დღეს ერთიანი კომპარტიის ლიდერმა პანტელეიმონ გიორგაძემ მოულოდნელად განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს პარლამენტარ მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკის აღდგენისა და ვადამდელი არჩევნების საკითხებში. პანტელეიმონ გიორგაძეს არ დაუმალავს სიმპათია სააკაშვილისადმი, რომელიც, კომუნისტთა ხელმძღვანელის თქმით, დიდი ენთუზიაზმით ებრძვის კორუფციას.

პანტელეიმონ გიორგაძის განცხადება მოულოდნელია მხოლოდ ერთი შეხედვით; ერთიანი კომპარტიის თავმჯდომარეს რაც “მოქალაქეთა კავშირი“ თავის რეფორმატორებითურთ ნათრევი ჰყავს მიტინგებსა თუ პრეს-კონფერენციებზე, იმის შემდეგ მართლაც გასაკვირია თანამშრომლობის საჯაროდ გამოთქმული სურვილი. კომუნისტებს ბოლო წლებში არავინ არაფრად აგდებს, ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღება მათ მიმართ გასულ წელს კომუნისტების დემონსტრაციის გაუგებრად სასტიკ დარბევაში გამოვლინდა: პოლიციის რაზმმა თბილისში სცემა და დაასისხლიანა ძირითადად შუახნისა და ხანდაზმული დემონსტრანტები. იყო კიდევ ერთი დღე, როცა კომუნისტები საზოგადო ინტერესის ცენტრში აღმოჩნდნენ; ეს მოხდა შარშან, 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების მე-80 წლისთავზე, რაც ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ გამომწვევი ზეიმურობით აღნიშნა და საქართველოს ისტორიაში სადღესასწაულო თარიღად გამოაცხადა. მაშინ კომუნისტებს ერთადერთი კაცი გამოეხმაურა ხელისუფლებიდან და ეს კაცი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. სააკაშვილი აღშფოთდა და კომპარტიის აკრძალვის იდეა წამოაყენა. კომუნისტებმა თან გაიხარეს და თან რისხვით აღივსნენ. რუსი კომუნისტების ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა კი საქართველოს იუსტიციის მინისტრს გაუგზავნა მუქარის წერილი, რომელშიც შეახსენებდა, რა ბედი ეწია იმ ხალხს, ვინც კომუნისტებს დაუპირისპირდა. დღეს კი ქართველი კომუნისტები მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ესწრაფიან.

ბოლშევიკთა პოლიტიკური შთამომავლების სურვილი მისწრებაა იმათთვის, ვინც ხალისით ლაპარაკობს სააკაშვილის ნეობოლშევიზმზე. უფრო გამყარდა საფუძველი იმის სამტკიცებლად, რომ ვაკის დეპუტატის იდეურ მხარდამჭერთა რიგებს საქართველოს მოქალაქეთა საგრძნობი ნაწილი კი არა, პოლიტიკური მარგინალები – კომუნისტები და ზვიადისტები მიეკუთვნებიან. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მსოფლმხედველობა სწორედ ისეთია, როგორადაც ოპონენტები წარმოაჩენდნენ; შეგახსენებთ, დაუსაბუთებელი ქონების კანონპროექტზე მსჯელობისას მისი მოწინააღმდეგენი იშველიებდნენ განკულაკებისა და რეპრესიების ცნებებს, აგრეთვე ჰიტლერისა და ჰიმლერის სახელებს.

მიხეილ სააკაშვილის ბოლო ექვსი თვის პათოსსა და გამოსვლებში მართლაც იპოვით საერთოს კომუნისტების მოთხოვნებსა თუ მტკიცებებთან: ხალხი გაძარცვეს, ხელისუფლება დამნაშავეა, ხელფასები და პენსიები მათხოვრულია, საჭიროა ვადამდელი არჩევნები. სხვათა შორის, ვადამდელი არჩევნების იდეით არცთუ დიდი ხნის წინ გამოდიოდა პოლიტიკური მოძრაობა “ერთობის”, მანამდე კი “აღორძინების” ერთ-ერთი იდეოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. ეს დამატებითი არგუმენტია სააკაშვილის უკვე არა უბრალო ოპონენტებისათვის, არამედ ნაფიცი შევარდნაძისტების ხელში, ვინც ირწმუნება, რომ რეფორმატორებად წოდებული ჯგუფი, უწინარესად კი ვითომდაც ერთმანეთისგან გამიჯნული ჟვანია და სააკაშვილი, სწორედ რუსული პოლიტიკის გამტარებელნი, რუსეთის გავლენის აგენტები არიან საქართველოში. კომუნისტების განცხადებას “ნაციონალური მოძრაობა”, ალბათ, წაუყრუებს. ჯერ ერთი, კომუნისტებთან თანამშრომლობა პრაქტიკულად არაფრის მომტანია, მეორეც, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისას “მოძრაობას” ჭაჭიასა და კომუნისტებისგან ის განასხვავებს, რომ მათ გამართვას პარლამენტში მყოფი ფრაქცია ითხოვს.
XS
SM
MD
LG