Accessibility links

logo-print

“ვრემია ნოვოსტეის” ინტერვიუ გელა ბეჟუაშვილთან


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის გაზეთ “ვრემია ნოვოსტეის” 16 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გელა ბეჟუაშვილთან.

“ათმა წელმა განვლო, რაც ზვიად გამსახურდია დაამხეს. დღეს უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ გადატრიალება განხორციელდა იმ სამხედრო ტექნიკის გამოყენებით,რომელიც მაშინ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს ეკუთვნოდა. რამდენად მოსალოდნელია ისეთი სცენარის გამეორება, როცა რუსეთის სამხედრო ყოფნამ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე შეიძლება იმოქმედოს?”
“ვრემია ნოვოსტეის” ამ კითხვაზე გელა ბეჟუაშვილმა უპასუხა:

ჩვენი სადაზვერვო მონაცემებით, მთავარი სადაზვერვო სამმართველო – “გერეუ” -აქ მეტად აქტიურად არის წარმოდგენილი. ეს ეხება როგორც აფხაზეთს,სადაც სრულიად დაუფარავად შეიძლება მოქმედება, ისე ბათუმს და ახალქალაქს, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული და, აგრეთვე, თბილისს. აი, ასეთ არამეგობრულ გამოვლინებას აქვს ადგილი. ჩვენ ჯერ-ჯერობით არ მოგვიხდენია მწვავე რეაგირება ამაზე, მაგრამ ვაგროვებთ ინფორმაციას და ეს იქნება ჩვენი არგუმენტი რუსეთ-საქართველოს წლევანდელ მოლაპარაკებებზე სამხედრო საკითხების ირგვლივ.

რა მიზანი ამოძრავებს “გერეუს”? მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში არსებობენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიაზაციით.
მაგალითად, თუ ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდება, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ ამას – ამბობს იგი. გელა ბეჟუაშვილის თქმით, მან არ იცის, არსებობს თუ არა კავშირი “გერეუსა” და საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის, მაგრამ მიიჩნევს, რომ მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ცხადია, აქვს დასაყრდენი საქართველოში.

ახალქალაქის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებულ კითხვაზე მინისტრის მოადგილემ “ვრემია ნოვოსტეის” განუცხადა, რომ ბაზის გაყვანა ტექნიკურად შესაძლებელია სამ წელიწადში, მაგრამ, მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი არასერიოზულია, სანამ არ შემუშავდება რეგიონის რეაბილიტაციის პროგრამა. გელა ბეჟუაშვილის სიტყვებით, ამჟამად ძალიან ბევრი ახალქალაქელის კეთილდღეობა დამოკიდებულია რუსეთის სამხედრო ბაზაზე და როგორც კი ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფოს ყურადღებას იგრძნობს – ბაზის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაცილებით გაიოლდება. ეს კი გულისხმობს სომხეთთან საზღვარზე ვაჭრობის თავისუფალი ზონის შექმნას, მცირე ბიზნესის განვითარებას, საწარმოების მშენებლობას.
რესპონდენტის თქმით, თუ ასეთი პროგრამა შემუშავდება, ეს ახალქალაქის ბაზის დასასრულის დასაწყისი იქნება.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებულ სხვა პრობლემებს. გელა ბეჟუაშვილი ამბობს, რომ საქართველო არ აპირებს დაუბრუნდეს დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას, რადგან, ეს დოკუმენტი არ შეიცავს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტურ მექანიზმს. სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით კი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ, მართალია, მათი გაყვანა გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, მაგრამ, მისი აზრით, არსებობს ურთიერთმისაღები, ალტერნატიული ვარიანტები. მაგალითად, პასუხისმგებლობის ზონის გაფართოება გალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე – ენგურიდან ღალიძგამდე.
გელა ბეჟუაშვილის თქმით:

საკითხის ამგვარი დასმა უნდა აკმაყოფილებდეს რუსეთს როგორც მოლაპარაკებების პროცესის მონაწილეს. ამასთან ეს შეიძლება მიჩნეული იქნას აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების ეტაპად. რაც შეეხება პანკისის ხეობაში არსებულ სიტუაციას, ამ მხრივ რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელია – ინფორმაციის გაცვლის კუთხით, რადგან მეზობელი ქვეყნის გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და რუსეთსაც გაუჭირდება საქართველოს გარეშე ჩეჩნეთის საკითხის გადაჭრა. მაგრამ დღეს არ არის აუცილებელი ამ რეგიონში ჯარების შეყვანა და ფართომასშტაბიანი ოპერაციების ჩატარება, რადგან ამან შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს.

"ვრემია ნოვოსტეის" ინტერვიუში საუბარი შეეხეო ნატოს სწავლებას, რომელიც წელს უნდა ჩატარდეს რუსეთის ყოფილ სამხედრო ბაზაზე ვაზიანში. გელა ბეჟუაშვილი ამბობს, რომ სცენარის მიხედვით, როგორც ჩანს, ეს იქნება ანტიტერორისტული ინტერნაციონალური ოპერაცია და რომ ასეთი სწავლების პრაქტიკა საშუალებას აძლევს საქართველოს, სრულყოს თავისი შეიარაღებული ძალები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამასთან აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში მუდმივად იქნება ეკონომიკური კრიზისი, მაშინ საქართველო ვერასოდეს გახდება ნატოს წევრი, რადგან, მისი თქმით, ალიანსში გაწევრიანებისათვის დღეს უპირატესობა ენიჭება არა პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ასპექტს.
XS
SM
MD
LG