Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა პანკისის ხეობაში


პანკისის ხეობაში მოქმედ ბოროტმოქმედთა დაკავების ღონისძიებას სისხლიანი ინციდენტი მოჰყვა.

სახალხო რაზმელებსა და ბოროტმოქმედთა შორის მომხდარი შეტაკების შედეგად სახალხო რაზმელები: გუმაშვილი და კუსტაშვილი დაიჭრნენ. ისინი, სხვა ადგილობივ ქისტებთან ერთად პოლიციას დამნაშავეთა გამოვლენასა და დაკავებაში ეხმარებოდნენ.

ინციდენტი 20 იანვარს, სოფელ ზემო ხალაწანში, ყაჩაღობისთვის ძებნილ თემურ ჩიტაშვილის დაკავებისას მოხდა. პოლიციის და სახალხო რაზმელების ჯგუფს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა დაკავებული კრიმინალი სოფლიდან გამოჰყავდათ. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციელებზე და სახალხო რაზმელებზე თავდამსხმელები ჩიტაშვილის ნათესავები უნდა ყოფილიყვნენ. სროლის შედეგად მძიმედ დაჭრილი პანკისელები: გუმაშვილი და კუსტაშვილი (ისინი პოლიციელებს ჩიტაშვილის დაკავებაში ეხმარებოდნენ) თბილისში ჩამოიყვანეს. ორივე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსი გუმაშვილი ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის შვილია. აქედან გამომდინარე, კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ზურაბ ტუშური ვარაუდობს, რომ მისი დაჭრა ხეობის მოსახლეობას კრიმინალების წინააღმდეგ კიდევ უფრო გაააქტიურებს.

პანკისის ხეობაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება 17 იანვარს დაიწყო და აქედან მოყოლებული სამართალდამცავებმა მხოლოდ 4 კრიმინალის დაკავება მოახერხეს, თანაც დაკავებულთაგან, ადამიანის გატაცებაში არც ერთი არ არის ეჭვმიტანილი. კახეთის რეგიონში განახლებული საპროტესტო აქციების მონაწილეები კი სწორედ გატაცებულთა დაბრუნებას, გამტაცებელთა დაკავებას და ხეობაში წესრიგის დამყარებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება რთულია. სამართალდამცავებიც განმარტავენ, რომ საპროტესტო აქციებმა დადებითი როლი შეასრულა, ბლოკ-პოსტების ხეობის სიღრმეში გადატანა დააჩქარა, მაგრამ უკვე ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებას უშლის ხელს.

20 იანვარს მომხდარი სისხლიანი შეტაკების შემდეგ, კახეთში გამგზავრება ჰქონდა განზრახული ედუარდ შევარდნაძეს, თუმცა ის დაარწმუნეს, რომ ასეთი ღონისძიება ზედმეტი იქნებოდა.

პრეზიდენტმა პანკისის ხეობისკენ წასვლა გადაიფიქრა და ადამიანთა გამტაცებლების წინააღმდეგ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში გაილაშქრა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ადამიანის გატაცება ტერორისტული ქმედებაა, ხელისუფლება დაუნდობელი იქნება ასეთი ქმედების ჩამდენთა მიმართ. ეს ყველამ უნდა იცოდეს ადგილობრივებმაც და ლტოლვილებმაც.”

“ქისტი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოს ხელისუფლების ერთგულია, ამას პანკისელი ქისტების სამართალდამცავების გვერდით დგომა მოწმობსო” - აღნიშნა პრეზიდენტმა. 20 იანვრის შეტაკების შედეგად დაჭრილები კი საქართველოს მთავრობამ საბრძოლო ორდენებით დააჯილდოვა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა 21 იანვარს კვლავ მძიმე იყო, თუმცა ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

პანკისის ხეობაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება, სამხარეო პოლიციის უფროსი ტუშური აცხადებს, რომ სამართალდამცავები იქ ყველა სერიოზულ კრიმინალს დააკავებენ, თუმცა ვნახოთ. არსებობს ძალები, რომლებსაც პანკისის ხეობაში უმართავი სიტუაციის შენარჩუნება ხელს აძლევს, ამდენად, ჯერ კიდევ ძნელისათქმელია რას ისახავს მიზნად 17 იანვარს წამოწყებული ოპერატიული ღონისძიებები, დროებით პროფილაქტიკურ სამუშაოებს, თუ საბოლოო წესრიგის დამყარებას.
XS
SM
MD
LG