Accessibility links

logo-print

”ჰიუმან რაიტს უოჩის” საანგარიშო მოხსენება


ოთხშაბათს საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩმა” გამოაქვეყნა წლიური საანგარიშო მოხსენება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

საქმე ეხება ამ გავლენიანი ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე ვრცელ, თითქმის 700-გვერდიან ანგარიშს, რომელშიც გაშუქებულია ვითარება მსოფლიოს 66 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. აქ ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშის ზოგად მიმოხილვას გთავაზობთ.

საანგარიშო მოხსენებაში ცენტრალური ადგილი ეთმობა ადამიანის უფლებათა ხელყოფის ფაქტებს, რომლებიც 11 სექტემბრის შემდგომ ანტიტერორისტულ კამპანიას უკავშირდება. ამის მიზეზია ”ჰიუმან რაიტს უოჩის” შეშფოთება მრავალ ქვეყანაში საბაბად სწორედ ტერორიზმის საფრთხის მოშველიებით, როცა იქ დისიდენტებსა თუ უმცირესობებს დევნიან. ორგანიზაციას კი პირიქით – საზოგადოებაში ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის დამკვიდრება ესახება ტერორიზმის აღკვეთის ყველაზე ეფექტიან მეთოდად.
როგორც ”ჰიუმან რაიტს უოჩის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეთ როტმა უთხრა ჟურნალისტებს: [კენეთ როტის ხმა] ”უნდა განმტკიცდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემის კულტურა, რომელიც გულისხმობს მშვიდობიან მოსახლეთა სიცოცხლის ხელყოფის დაგმობას და არა მასზე თვალის დახუჭვას. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს ტერორიზმის კულტურის გრძელი ვადით დასამარცხებლად. ”

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, რობერტ მაკმეჰონი იუწყება, კენეთ როტი ოთხშაბათს ორჯერ, ვიშინგტონსა და ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციებზე შეეხო ვითარებას უზბეკეთში, რომელსაც, ისევე როგორც შუა აზიის დანარჩენ სახელმწიფოებს, დიდი ყურადღება ეთმობა საანგარიშო მოხსენებაში. იქ აღნიშნულია, რომ განვლილი წლის მანძილზე რეგიონში ვითარება გაუარესდა. სწორედ უზბეკეთის მთავრობა, ერთი მხრივ, მხარს უჭერს მეზობელ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო კამპანიას, მეორე მხრივ კი განაგრძობს პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დევნას.

”ჰიუმან რაიტს უოჩი” მიუთითებს მრავალრიცხოვან დარღვევებზე ავღანეთის ზოგიერთ სხვა მეზობელ ქვეყანაშიც- ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და ირანში და, რასაკვირველია, უყურადღებოდ არც რუსეთს ტოვებს. ის დასავლეთს მოუწოდებს ჩეჩნეთის საკითხ შიმოსკოვზე ზეწოლისაკენ. ”რუსეთის პრეზიდენტმა ბევრი დააჯერა, რომ ჩეჩენ მეამბოხეებსა და ავღანეთში დაფუძნებულ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის კავშირი არსებობსო”, აღნიშნა კენეთ როტმა და დასძინა: [კენეთ როტის ხმა] ”პუტინი 11 სექტემბრამდეც აწარმოებდა სასტიკ კამპანიას ჩეჩნეთში და 11 სექტემბრის მერეც აწარმოებს. მან, უბრალოდ, თავის გასამართლებლად ახალი არგუმენტები იშოვა.”

”ჰიუმან რაიტს უოჩის” კრიტიკა ვრცელდება იმ ქვეყანაზეც, სადაც დაფუძნებულია ეს ორგანიზაცია – შეერთებულ შტატებზე. კრიტიკის საგანია, მაგალითად, 2001 წლის ანტიტერორისტული კანონის პასაჟი, რომელიც გენერალურ პროკურორს ანიჭებს უპრეცედენტო უფლებამოსილებას, დააკავოს ადამიანი, თუ დამაჯერებლად მიიჩნევს ტერორიზმთან მის კავშირზე მიმანიშნებელ ინფორმაციას. კანონის მიღების შემდეგ დაკავებული არაბი თუ მუსლიმანი მამაკაცების რიცხვი 1100-ს აღემატება. ანგარიშში ასევე მოხსენიებულია პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილება, დაშვებულ იქნეს 11 სექტემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილთა გასამართლება საგანგებო სამხედრო კომისიების მიერ. ეს კი, ”ჰიუმან რაიტს უოჩის” შეფასებით, ეჭვმიტანილებისთვის სამართლიან სასამართლოზე უარის თქმის ტოლფასია.

კენეთ როტის აზრით, ასეთი ნაბიჯები მხოლოდ ავნებს შეერთებულ შტატებს, ვინაიდან ზიანს აყენებს მისი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი წამყვანი სახელმწიფოს იმიჯს.

როგორც უკვე აღინიშნა, ”ჰიუმან რაიტს უოჩის” საანგარიშო მოხსენება თითქმის 700 გვერდს მოიცავს. ამდენად, აქ შეუძლებელია მისი დანარჩენი, არანაკლებ საინტერესო დეტალების გაშუქება. მაგრამ დასასრულს მაინც უნდა ითქვას, რომ ამ ანგარიშში გამოთქმული მძაფრი კრიტიკა ეხმიანება ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, მერი რობინსონის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებშიც აშკარაა შეშფოთება 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ადამიანის, პირველ რიგში მიგრანტებისა და ლტოლვილების, უფლებების უხეში ხელყოფის გამო.

"ჰიუმან რაიტს უოჩის” წლიური ანგარიშის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

http://www.hrw.org/wr2k2/
XS
SM
MD
LG