Accessibility links

logo-print

უფრო ხმამაღალი ხდება კრიტიკა კუბაში ავღანელი ტყვეების პირობების მიმართ


კუბაში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე, გუანტანამოზე, ორშაბათს ჩაყვანილი 34 ტყვის ჩათვლით, 144 თალიბანის წევრი და ალყაიდელია.

კვირას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განგაში დასცა ტყვეების საშინელი მდგომარეობის გამო საპყრობილეში. სტროს შეშფოთება გამოიწვია ფოტოებმა, რომლებიც გადაღებულ იქნა “იქს-რეის” სახელით ცნობილ ბანაკში. ფოტოებზე გამოსახულია ტყვეები, დაჩოქილ მდგომარეობაში, სახეზე - თვალებზე - საგანგებო ნიღბებით და ფეხებზე და ხელებზე ბორკილებით. ამ სურათებმა ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის “ამნესტი ინტერნეშნლს” შოკი მოჰგვარა. ბრიტანეთის პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრებმა მოითხოვეს შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრა და ახსნა-განმარტება ამ ფოტოების თაობაზე. ჯეკ სტრომ განაცხადა, რომ ტყვეებს, როგორიც უნდა იყოს მათი სტატუსი, უნდა მოეპყრონ ადამიანურად და საერთაშორისო სამართლის თანახმად. აქვე გეტყვით, რომ გუანტანამოზე გადაყვანილ ტყვეთა შორის ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. მაგრამ მათ გამო ბრიტანეთის მთავრობას არ სურს ვაშინგტონთან ურთიერთობის გაფუჭება. პრემიერის ოფისმა განაცხადა, უნდა დაველოდოთ, რას იტყვის კომისია, რომელიც ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა და ანგარიშს ამ კვირაში წარმოადგენსო. ამის ფონზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ტონი ლოიდმა, რომელიც ასევე შოკირებულია ფოტოსურათებით, განაცხადა, ეს ფოტოები აშკარად აჩვენებს იმ სტანდარტებს, რომელსაც შეერთებული შტატები აღიარებსო.

"ძნელი დასაჯერებელია, რომ აღშფოთება მსოფლიოში თალიბანის და “ალ-ყაიდის” წევრების საშინელ პირობებში ყოფნის თაობაზე დააფიქრებს ამერიკელთა დიდ ნაწილს", - წერს შვეიცარიაში გამომავალი “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი”. ამავე გაზეთის თანახმად, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მაიერსმა ეს ტყვეები იმგვარ ველურებად წარმოადგინა, რომ მათი ამგვარ პირობებში ყოფნა შეიძლება ბუნებრივად მოეჩვენოს ვინმეს. მაგრამ, ტყვეთა შეუფერებულ პირობეში მოთავსება სხვა პრობლემაა, ის სამართლებრივ საკითხებს მიეკუთვნება. ჟენევის კონვენცია კი, რომელიც 1949 წელს დაიდო, ტყვეების მიმართ მოპყრობის და მათი ადგილსამყოფლის ნორმებს დაადგენს. აი ამ კონვენციაზე მიუთითებენ ვაშინგტონს დღეს, როცა შეშფოთებუული არიან გუანტანამოს პირობების გამო.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი თავის პოზიციას იცავს და აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ტყვეებს ჟენევის კონვენციის თანახმად ეპყრობა. [დონალდ რამსფელდის ხმა] “არ ვიცი, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია ცუდი მოპყრობის შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, ის არ მოდის მათგან, ვინც გათვითცნობიერებულია. ეს ცხადია, რადგან მათი პირობები ნორმის ფარგლებშია”.

რამსფელდმა თქვა, რომ ტყვეები, ძლიერი, კარგად გაწვრთნილი ტერორისტები არიან, მათ ნება ეძლევათ რელიგიური წესი აღასრულონ, არიან სისუფთავეში და დაცული. პენტაგონმა განმარტა, რომ ტყვეებს თვალები აკრული ჰქონდათ მხოლოდ ბანაკში შეყვანისას, რათა მათ არ შესძლებოდათ უსაფრთხოების ობიექტების დათვალიერება და და ნიღბები მათ სახეზე ჩამოაცვეს იმის გამო, რომ ჭლექის ბაცილის შესაძლებელი გავრცელება არ მომხდარიყო.

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარი მერი რობინსონი, ასევე “ამნესტი ინტერნეშნლი” და სხვები შეერთებული შტატების მთავრობას ახლა მძიმე შეკითხვებს უსვამენ.

მაგრამ მთავარი შეკითხვა, რომელსაც ბრიტანეთის ჟურნალი “ეკონომისტი” სვამს, თუ რატომ აირჩიეს საერთოდ ეს ტროპიკული რეგიონი ავღანეთში დაჭერილების საპყრობილედ, დარჩება შეკითხვად, რომელზეც პასუხს არ გასცემენ. პრობლემა ის არის, რომ არავინ იცის, რა უნდა უყონ ომის დროს დატყვევებულ მოწინააღმდეგეს. არის თუ არა ყველა მეომარი პასუხისმგებელი იმაზე, რასაც უბრძანებენ? “ნოიე ციურხერ ცაიტუნგის” თანახმად, დონალდ რამსფელდი სათადარიგოდ ინახავს არგუმენტს, რომ თალიბანის მეომრები არ იყვნენ ჩვეულებრივი ჯარისკაცები და ამიტომ, მათ ჟენევის კონვენცია არ იცავს.
XS
SM
MD
LG