Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონორთა კონფერენციაზე ტოკიოში ავღანეთს 3 მილიარდი დოლარის დახმარებას დაჰპირდნენ.


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს, 21 იანვარს ტოკიოში გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ავღანეთის საფინანსო დახმარებისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაზე გამოთქვა იმედი,

რომ ამ ორდღიან შეხვედრაზე ავღანეთის ფონდში 10 მილიარდი დოლარი შეგროვდება. ეს თანხა, მისი თქმით, შემდგომი 5 წლის განმავლობაში ავღანეთის რეკონსტრუქციას მოხმარდება. ექსპერტების ანგარიშით, ამ ქვეყნის აღდგენას 15 მილიარდი დოლარი დასჭირდება მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

კონფერენციის პირველ დღეს შეგროვდა 3 მილიარდ დოლარზე მეტი. იმ ქვეყნებს შორის, ვინც დახმარების პირობა დადო, არიან შეერთებული შტატები, იაპონია, საუდის არაბეთი, ირანი და პაკისტანი.

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ მოუწოდა 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს, სწრაფად გამოეპასუხონ ავღანეთის მოთხოვნილებებს, ვინაიდან დახმარების გარეშე ქვეყანაში შეიძლება ისევ დაიწყოს ქაოსი.

კარზაიმ სთხოვა აგრეთვე თავშეყრილთ, აპატიონ ავღანეთს წინა რეჟიმის მიერ დაგროვილი ვალები. მან პირობა დადო, რომ მისი მთავრობა აღმოფხვრის კორუფციას და საბაზრო ეკონომიკის პოლიტიკას გაატარებს. კარზაის თქმით, მისი მთავრობა ხუთ პრიორიტეტულ ამოცანას ისახავს: ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, ქმედითუნარიანი ადმინისტრაციისა და მყარი ვალუტის აღდგენას. მან თქვა აგრეთვე, რომ შეებრძოლება ნარკოტიკების მოყვანასა და ჰეროინით ვაჭრობას. დაეხმარეთ ავღანეთს, რათა მან საკუთარი თავის დახმარება შეძლოსო, თქვა კარზაიმ.

დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ავღანეთში მინიმუმ 700 ათას ადამიანს ემუქრება შიმშილი და საშინელი ზამთრის სუსხისგან დაუცველობა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ მიმდინარე საფინანსო წლის განმავლობაში მისი ქვეყანა ავღანეთისთვის 269 მილიონ დოლარს გაიღებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კონფერენციის დანიშნულება სცდება მხოლოდ ფინანსური დახმარების ამოცანების ფარგლებს.

[პაუელის ხმა] “ჩვენი საერთო მიზანია დავეხმაროთ ავღანეთის ხალხს პოლიტიკური სტაბილურობის, სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკისა და უსაფრთხოების აღდგენაში, ისეთი ავღანეთის აღდგენაში, რომელშიც ტერორიზმი და ადამიანების გატაცება ვერასოდეს ვერ მოიკიდებს ფეხს.”

მაგრამ ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ შეერთებული შტატები იკისრებს ხუთი წლის განმავლობაში ფინანსურ დახმარებას. ვაშიგტონი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც მან დააფინანსა “თალიბანისა” და “ალ ყაიდის”დამარცხების სამხედრო ხარჯები, ახლა ის გულუხვობას სხვა ქვეყნებისგან მოელის.
XS
SM
MD
LG