Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციები ენგურის ხიდთან და სახელმწიფო კანცელარიის წინ გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციისგან განსხვავებით, 21 იანვარს თბილისში სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან დაწყებული საპროტესტო აქცია, როგორც ჩანს, პერმანენტულ ხასიათს ატარებს.

22 იანვარს კანცელარიის შენობასთან შუადღისას სიმშვიდე იყო.

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, დევნილები არც აპირებდნენ კანცელარიის შენობის წინ ხანგძლივი აქციის გამართვას. აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ლონდერ ცაავას ინფორმაციით, თბილისის აქციის მონაწილეები ზუგდიდისკენ დაიძრნენ, სადაც ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქცია სულ უფრო და უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.

ამჯერადაც, ცენტრალური ხელისუფლებისა და დევნილების დამოკიდებულება რუსეთის სამშვიდობო ნაწილების მომავლისადმი ერთმანეთისგან განსხვავდება. სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი არ მოითხოვს საკუთარი გადაწყვეტილების შესრულებას რუსეთის ცისფერჩაფხუტიანების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, თუ გაფართოვდება სამშვიდობო ოპერაციის ზონა.
რუსეთის სამშვიდობო ნაწილებისთვის მანდატის შეცვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი დიტერ ბოდენი, რომელიც 22 იანვრს ნიუ-იორკში გაემგზავრა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთში შემქნილ ვითარებაზე მოხსენების წარსადგენად. წინა დღეს იგი დახურულ კარს მიღმა შეხვდა პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელმაც მზადყოფნა გამოხატა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების განახლების თაობაზე.

ამასობაში, ისევ შეიცვალა ენგურის ხიდზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნა - თუ აქციის დაწყების წინ მოთხოვნა, გარკვეულწილად, ემთხვეოდა ოფიციალური თბილისის პოზიციას და რუსი ცისფერჩაფხუტიანების ენგურიდან მდინარე ღალიძგაზე გადაადგილებას ეხებოდა, 22 იანვარს აქციის მონაწილეები აფხაზეთის კოფნლიქტის ზონიდან რუსების უპირობო გაყვანას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა არა მხოლოდ გადაკეტეს ენგურის ხიდი, არამედ, როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" განუცხადა პარტიზანული შენაერთის "ტყის ძმების" ლიდერმა დავით შენგელიამ, დანაღმეს მდინარე ენგურზე გადასასვლელი ყველა გზა.
პოლიტიკურ კულუარებში კი მდინარე ენგურზე მიმდინარე აქციის მართულობაზე ალაპარაკდნენ. ფრაქცია "აღორძინების" წარმომადგენელი ვალერი გელბახიანი აქციის მართვაში ხელისუფლების ხელს ხედავს.

ჯერჯერობით, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა - ზუგდიდში დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები გაემგზავრნენ. ლონდერ ცაავას განცხადებით, ამ დღეებში, სავარაუდოდ, 23 იანვარს აქციის მონაწილეებს თამაზ ნადარეიშვილი შეხვდება. თუ გავითვალისწინებთ დევნილების არც თუ ერთგვაროვან დამოკიდებულებას საკუთარი ხელისუფლებისადმი, საეჭვოა, შეხვედრა პოზიტიური აღმოჩნდეს. სხვები კი - შეგახსენებთ, ენგურის ხიდზე შეკრებილები შეხვედრას ნინო ბურჯანაძესთან და ედუარდ შევარდნაძესთან მოითხოვენ - დევნილებთან შეხვედრას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG