Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წერს რუსეთის პრესა საქართველოზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი განვლილი კვირის მანძილზე რუსეთის პრესაში საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი სტატია გამოქვეყნდა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ჩარჩო-ხელშეკრულებისადმი მიძღვნილ წერილს აქვეყნებს 16 იანვრის გაზეთი "კომერსანტი". წერილში აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ჯერ კიდევ 1994 წლის 3 თებერვალს გაფორმდა თბილისში ბორის ელცინის ერთდღიანი ვიზიტის დროს. საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის დეკემბერში მოახდინა დოკუმენტის რატიფიცირება იმ იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობდა აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას, რუსეთის დუმამ კი უარი თქვა რატიფიცირებაზე, რადგან სურდა, რომ საქართველოში არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს ოფიციალური სტატუსი მინიჭებოდა, თუმცა ფორმალურ დონეზე ამის შესახებ არაფერი განუცხადებია.

რაც შეეხება ახალი ხელშეკრულების პროექტებს, "კომერსანტის" თქმით, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ვარიანტები ცოტათი თუ განსხვავდება 94 წლის დოკუმენტისაგან. ეს ვარიანტები არ ითვალისწინებენ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და არანაირად არ განსაზღვრავენ საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების ბედს. ამასთან, ორივე პროექტში აღნიშნულია ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა, ქართულ ვარიანტში კი, აგრესიულ სეპარატიზმთან ბრძოლის აუცილებლობაც არის ხაზგასმული. "კომერსანტი" აღნიშნავს, რომ დამკვირვებელთა აზრით, ხელშეკრულების მომზადების შემთხვევაშიც კი, მისი ხელმოწერა და, მით უფრო, რატიფიკაცია, შესაძლოა განუსაზღვრელი ვადით გადაიდოს, რადგან არც ერთ პროექტში არ არის ასახული რუსეთის კარდინალური გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიაში.

16 იანვრის გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი" წერს, რომ უახლოეს მომავალში თბილისში უნდა ჩავიდეს ევროპის საბჭოს სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა გაარკვიოს, თუ რატომ არ ასრულებს საქართველო ვალდებულებებს სტალინის რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხების დაბრუნების თაობაზე. გაზეთი აღნიშნავს, რომ არსებობს მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომკიური მიზეზებისა, რაც ეწინააღმდეგება ამ პროცესის განხორციელებას.

უპირველესად - და ამის შესახებ საუბრობენ როგორც საქართველოში, ისე სომხეთში - მესხების დაბრუნება სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ჯავახეთში, დიდად სავარაუდოა, რომ გამოიწვევს ახალ კონფლიქტს ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე. გაზეთის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს მასობრივი რეპატრიაციის დაწყების შესაძლებლობა. მით უფრო, არ შეიძლება დაპირდე მესხებს, რომ ისინი კომპატურად დასახლდებიან ჯავახეთში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპის საბჭო მოითხოვს მესხების ჯავახეთში დაბრუნებას და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის პირობებში გარიცხვით დაემუქრება თავისი რიგებიდან საქართველოს - უპირატესობა მაინც ქვეყნის ინტერესებს მიენიჭება.

საქართველოს მოსახლეობის აღწერას ეძღვნება 18 იანვრის გაზეთ "ნოვიე იზვესტიას" წერილი, სადაც ნათქვამია, რომ 1989 წლიდან საქართველოში პირველად ტარდება აღწერა და რომ აღწერის წინასწარ მონაცემებს ზაფხულში გამოაქვეყნებენ, საბოლოო ციფრებს კი მოსახლეობა მხოლოდ 2003 წლის დასაწყისში შეიტყობს. გაზეთი აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის პირველ ეტაპში მოხვდნენ რკინიგზის და ავტოვაგზლებში მყოფი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიას ტოვებდნენ. შემდეგ "ნოვიე იზვესტია" წერს:

წინა აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა ხუთნახევარ მილიონ ადამიანს - მათგან 70% ქართველი იყო. დღეს სიტუაცია, უდავოდ, შეცვლილია. არასახარბიელო მდგომარეობის გამო შობადობის პროცენტი არსებითად შემცირდა, სიკვდილიანობა კი - პირიქით - გაიზარდა. დამოუკიდებელი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამის გამო საქართველოს მოსახლეობა სულ ცოტა 500 ათასით შემცირდა. არაოფიციალური გათვლებით ცნობილია ისიც, რომ დაახლოებით მილიონმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, რადგან ვერ იშოვა ნორმალურად ანაზღაურებადი სამუშაო, ამასთან, მათ უმრავლესობას ახალგაზრდობა შეადგენს.
XS
SM
MD
LG