Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ აბსანძის მომხრეები მის გათავისუფლებას მოითხოვენ


პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზებაში, სამშობლოს ღალატსა და კიდევ უამრავ სხვა დანაშაულში ბრალდებულ გურამ აბსანძეს უზენაესმა სასამართლომ 2001 წლის 13 ნოემბერს ყველა ძირითადი ბრალდება მოუხსნა.

აბსანძე სასამართლომ მხოლოდ სახელმწიფო სახსრების მიტაცებაში ცნო დამნაშავედ და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზვიად გამსახურდიას მთავრობის ყოფილი ფინანსთა მინისტრი არც ამ საქმეში ცნობს თავს დამნაშავედ და გათავისუფლებას მოელის.

გურამ აბსანძემ და მისმა მომხრეებმა 127 ათასი დოლარის მითვისებაში დადანაშაულება გამარჯვებად ჩათვალეს, რადგან მრავალწლიანი სასამართლო გარჩევების შემდეგ აბსანძეს ყველაზე მძიმე ბრალდებაც კი მოეხსნა. რაც შეეხება ფულის მითვისებას, იურისტები თვლიან, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა.

1993 წელს, როდესაც დასავლეთ საქართველოს ნაწილში ზვიად გამსახურდიამ საკუთარი ხელისუფლება აღადგინა, მისი მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი აწერს ხელს, ფინანსთა მინისტრ გურამ აბსანძეს ერთი ბანკიდან მეორეში 127 ათასი დოლარის გადარიცხვა დაევალა. ესა და მსგავსი ქმედებები დღევანდელმა ხელისუფლებამ ემიგრაციაში მყოფ გუგუშვილს დანაშაულად არ ჩაუთვალა. აბსანძის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა.

მისი მომხრეები თვლიან, რომ ხელისუფლებას, ფინანსთა მინისტრის კანონიერი ქმედების დანაშაულად შეფასება, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტის პატიმრობის გასახანგრძლივებლად დასჭირდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 23 იანვარს აბსანძის ციხიდან გაქცევის ფაქტის გამო სასამართლო პროცესი გაიმართება, ცხადი ხდება, რომ მას ციხეში ყოფნა შეიძლება გაუხანგრძლივდეს.

22 იანვარს აბსანძის აქტიურმა მომხრე დეპუტეტებმა გამართეს პრესკონფერენცია, რომელზეც ფულის მიტაცების ბრალდების გაუქმება და გურამ აბსანძის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აღორძინების კავშირის საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, ვალერი გელბახიანის, განცხადებით:

[გელბახიანის ხმა] „დღეისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმებულია ყველა ის ბრალდება, რომელიც საფუძვლად დაედო მის დაპატიმრებას და როდესაც უკვე გაქცევაზეა საუბარი, უდანაშაულო ადამიანის გაქცევა არ ითვლება დანაშაულად. პირიქით, სახელმწიფომ მას უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ამისათვის სახელმწიფოს მიმართ უნდა განხორციელდეს გარკვეული ბრალდებები, გარკვეული საკომპენსაციო ღონისძიებები ბატონი აბსანძის მიმართ და ასე შემდეგ."

გელბახიანის თქმით, მსგავს მდგომარეობაში კიდევ რჩება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, რომელთა სრული სამართლებრივი და პოლიტიკური რეაბილიტაციის შემდეგაა შესაძლებელი ეროვნულ თანხმობაზე ფიქრი და მსჯელობა. აღორძინების კავშირის ერთ-ერთი ლიდერის ეს სიტყვები ცენტრალური ხელისუფლების მისამართითაა თქმული, თუმცა ეროვნული თანხმობისათვის, მხოლოდ შევარდნაძის პოლიტიკური ოპონენტების რეაბილიტაცია არაა საკმარისი.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უშიშროების სამინისტროს წინასწარი გამოძიების იზოლატორში დღემდე იმყოფება პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, უზენაესი სასამართლოს მიერ გამართლებული, თენგიზ ასანიძე. აჭარის ავტონომიის ხელისუფლება კი მის გათავისუფლებას არ ჩქარობს და ჭკუას მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას ასწავლის.
XS
SM
MD
LG