Accessibility links

logo-print

ვეფხია მარგოშვილის ქვრივი ჟურნალისტებისგან დაცვას ჟურნალისტებს სთხოვს


გასული წლის 9 ოქტომბერს, პანკისის ხეობაში საიდუმლო ვითარებაში დაღუპული ქისტი “ავტორიტეტის” ვეფხია მარგოშვილის ქვრივი ლიდა სალტაევა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ვეფხია მარგოშვილის ქვრივი ჟურნალისტებისგან დაცვას ჟურნალისტებს სთხოვს

თუმცა მის შესახებ აზრი ორ ნაწილად გაიყო. თუ გაზეთი “ახალი ვერსია” ლიდა სალტაევას უწოდებს “სახიფათო მოწმეს”, რომელიც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას გახმაურებულ “საიდუმლო კასეტაზე” დაფიქსირებულ პოლიციის მაღალჩინოსანთა შესახებ, მეორე პოპულარული გაზეთი “ალია”აქვეყნებს ვეფხია მარგოშვილის ინკოგნიტო ნათესავების განცხადებას, სადაც ქვრივი მისი მეუღლის მკვლელობის გეგმის თანამონაწილედ და აგენტად ცხადდება. ამ ფაქტით უკმაყოფილო ლიდა სალტაევამ და მისმა ნათესავებმა 22 იანვარს საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარეს.

პანკისელ ავტორიტეტად და ნარკობარონად მონათლული ვეფხია მარგოშვილის მეუღლე ლიდა სალტაევა, ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში გასული წლის 4 ოქტომბერს დააკავეს. 5 დღის შემდეგ კი საკუთარი სახლის ეზოში დისტანციური მოქმედების ნაღმის აფეთქებით მოკლულ იქნა ვეფხია მარგოშვილი. ქმრის დაღუპვის შემდეგ ციხიდან გამოსულმა ლიდია სალტაევამ ერთი კვირის წინ მოულოდნელად დუმილი დაარღვია და ყოველკვირეულ გაზეთ “ახალ ვერსიას” პირველი ინტერვიუ მისცა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მარგოშვილის ქვრივის დებიუტი ქართული პრესის ფურცლებზე სკანდალური აღმოჩნდა. თუმცა სალტაევამ ქმრის მკვლელობაში ინკოგნიტო მაღალჩინოსანი პოლიციელების გარდა, ის ჟურნალისტებიც დაადანაშაულა, რომლებიც მარგოშვილთან რეგულარულად ჩადიოდნენ ინტერვიუს ჩასაწერად.
[ლიდა სალტაევას ხმა] “მე ყოველთვის რაღაცნაირი შიშის გრძნობა მქონდა. იმიტომ, რომ ხშირად აჩვენებდნენ მის სახეს ტელეეკრანზე, მასზე ხშირად წერდნენ გაზეთებშიც. მე მას ყოველთვის ვეუბნებოდი, არ გჭირდება ეს ჟურნალისტები, მათ შენ გაგხადეს ცნობილი, ისინი დაგღუპავენ შენ. შენ არ გესმის რას ნიშნავს ეს ჟურნალისტები. ის მისმენდა, მაგრამ შემდგომში იგივე მეორდებოდა”.

თუმცა რაც არ უნდა საშიში პროფესია იყოს ჟურნალისტობა, ასეთი არგუმენტი ცოტა უცნაურად ჟღერს. ლიდა სალტაევას, როგორც ჩანს, ავიწყდება, რომ მუქარა საქართველოში ომის დაწყების შესახებ, რამაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა, გარდაცვლილმა მარგოშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის პირდაპირი ეთერით განაცხადა და ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს რომელიმე ჟურნალისტის კარნახით მომხდარიყო.

გარდა ამისა, ერთადერთი ჟურნალისტი, ვის გვარსაც ამ კონტექსტში ლიდა სალტაევა კონკრეტულად ახსენებს, გაზეთ “ალიას” კორესპონდენტი თამილა ლომიშვილია, რომელსაც მარგოშვილთან ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.
ამ განცხადებას თავის მხრივ მოჰყვა საპასუხო ინტერვიუ გაზეთ “ალიას” ფურცლებზე, სადაც ვეფხია მარგოშვილის ინკოგნიტო ნათესავი ლიდა სალტაევას ქმრის მკვლელობის გეგმის თანამონაწილეობასა და პოლიციის აგენტობაში სდებს ბრალს. 22 იანვარს ამ ინტერვიუს ჟურნალისტთა სახლში სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნეს ვეფხია მარგოშვილის ახლო ნათესავებმა. ორგანიზებული იყო გარდაცვლილის ძმის ბადრი ჩოფანაშვილის პირდაპირი სატელეფონო ჩართვა პანკისის ხეობიდანაც.
[ბადრი ჩოფანაშვილის ხმა] “იმაზე გეუბნებით, იმაზე ვრეკავ მანდ. ჩვენი არც გვარიდან და არც სოფლიდან არც დაუწერნია და დაურეკია, კაცო. რა ქურდობას აბრალებთ, რა შპიონობას აბრალებთ ვერ გამიგია?”

მიუხედავად იმისა, რომ ლიდა სალტაევა თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს, მას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, მიმართოს თუ არა სასამართლოს, რადგან შიშობს, არ გახდეს ისეთი სკანდალურად ცნობილი, როგორც მისი გარდაცვლილი მეუღლე. თუმცა ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს საქმე ასე იოლად არ დამთავრდება. თუნდაც იმიტომ, რომ “ახალ ვერსიასაც” და “ალიასაც” საქართველოში ჰყავს ბევრი გულშემატკივარი, რომლებიც, როგორც “რუსთავი2”-ისა და საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის დაპირისპირების შემთხვევაში იყო, შეეცდებიან, რომ შემდგომში ამ სკანდალში ახალ-ახალი კოზირები ჩააბან.
XS
SM
MD
LG