Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესია მონაწილეობას არ იღებს ასიზიში გამართულ რელიგიათაშორის ლოცვაში


სოზარ სუბელიანი, თბილისი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის ინიციატივით 24 იანვარს მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიისა და აღმსარებლობის წარმომადგენლები ქალაქ ასიზიში იკრიბებიან.

შეკრებაში, რომლის მიზანსაც მშვიდობისთვის ერთობლივი ლოცვა წარმოადგენს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობას არ მიიღებს. არადა, 15 წლის წინ, როცა წმინდა ფრანცისკ ასიზელის ქალაქში მსგავსი ლოცვა პირველად გაიმართა, ამავე წმინდანის სახელობის ტაძარში რომის პაპის გვერდით სხვა კონფესიის წარმომადგენელთან ერთად საქართველოს ეკლესიის წარგზავნილებიც იდგნენ. მეტიც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ასიზიში გამართული საერთო ლოცვის პარალელურად სიონის საკათედრო ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.

ასიზიში სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა შეკრების მოწოდება რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გაავრცელა. “11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიო ძალადობისა და ტერორიზმისგან უფრო ადვილად მოწყვლადი გახდა – წერდა იოანე პავლე მეორე – შემზარავმა მოვლენებმა, რომლებმაც შეძრა სამყარო მესამე ათასწლეულის დასაწყისში, გატეხა საზოგადოება, რომელიც თავისთავს განიხილავდა როგორც წარმატებულსა და თავისუფალს”.

11 სექტემბრის შემდეგ გაჩნდა საფრთხე, რომ ნიუ-იორკის ტერაქტები და ვითარების გამწვავება, რაც ამ ტერაქტებს მოჰყვა – ომი ავღანეთში, კონფლიქტის გამწვავება პალესტინაში, დაძაბულობა პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე – შეიძლებოდა რელიგიურ კონფლიქტში გადაზრდილიყო. ასიზის შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ რელიგიათა შორის სოლიდარობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაა. სხვადასხვა რელიგიებს შორის შესაძლო კონფლიქტის პრობლემა საქართველოსთვისაც უაღრესად აქტუალურია და არა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში ხშირად ირღვევა რელიგიურ უმცირესობათა უფლებები. როცა თუნდაც ვერბალურ დონეზე ხდება ისეთი თეორიების გააქტუალურება, როგორიცაა “ცივილიზაციათა კონფლიქტი”, საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს, რადგან მისი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მუსულმანები შეადგენენ.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულ უფრო მეტად ემიჯნება რელიგიათა შორის მიმდინარე დიალოგს, რითაც არა მხოლოდ სხვა კონფესიებს, არამედ იმ მართლმადიდებელ ეკლესიებსაც შორდება, რომლებიც ამგვარ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ. საქართველოს ეკლესიამ ასიზიში წასვლაზე უარი თქვა, თუმცა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, მათ შორის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოც საერთო ლოცვაში მონაწილეობენ.

10-15 წლის წინ საქართველოს ეკლესია სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე იდგა. 1986 წელს ასიზიში პირველად აღევლინა ერთობლივი ლოცვა მშვიდობისთვის, სადაც საქართველოს ეკლესიას მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე და მღვდელი დავით დათუაშვილი წარმოადგენდნენ. საპატრიარქოს ჟურნალი “ჯვარი ვაზისა” ამ მოვლენასთან დაკავშირებით წერდა: “27 ოქტომბერს წმინდა ფრანცისკ ასიზელის სახელობის ტაძარში პაპი დადგა ცენტრში. მის მარჯვნივ დადგნენ კონსტანტინეპოლის, ინგლისის, ანტიოქიის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ინგლისის, ბულგარეთის, კვიპროსისა და სხვა ეკლესიათა წარმომადგენლები. პაპის მარცხნივ არაქრისტიანული რჯულის წარმომადგენლები იდგნენ: პირველად ბუდისტები, შემდეგ ინდუსები, ებრაელები, მუსულმანები, ასე განსაჯეთ, შუა აფრიკის წარმართული სარწმუნოების წარმომადგენლებიც კი იყვნენ”.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასიზიში არ ყოფილა, თუმცა, იოანე პავლე მეორისადმი მიწერილ წერილში იგი ასე აღწერდა თავის თანამონაწილეობას ერთობლივ ლოცვაში: “ვიმედოვნებ, ასიზის ლოცვა გამოიღებს დიდ სულიერ ნაყოფს და შეეწევა მშვიდობისთვის მებრძოლთ. ჩვენი მხრივ, 27 ოქტომბერს განსაკუთრებული ლოცვა აღვავლინეთ სიონის საკათედრო ტაძარში. აქ ჩატარდა მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი, რომელიც მე თვითონ შევასრულე. თქვენო უწმინდესობავ, ვფიქრობთ, ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება”.

მოგვიანებით საქართველოს ეკლესიაში ამ შეხვედრის მკვეთრი კრიტიკა დაიწყო. დეკანოზ ბასილ კობახიძის თქმით, საქართველოს ეკლესიაში ერთგვარი სემანტიკური ველიც კი შეიქმნა, რომელიც გარკვეულ სიტყვებსა თუ ცნებებს აპრიორი უარყოფით კონტექსტში განიხილავს: [დეკანოზ ბასილ კობახიძის ხმა] “საერთოდ, ჩვენ საზოგადოებაში გარკვეულმა სიტყვებმა და ტერმინებმა გარკვეული კლიშეების სახე და აპრიორი ნეგატიური ჟღერადობა მიიღო. მაგალითად, როდესაც მე დავიწყე ქრისტიანული ცხოვრება, ახალი მომხდარი იყო პირველი შეხვედრა ასიზში და გარკვეულ საეკლესიო წრეებში ასიზის შეხვედრა იყო როგორც სალანძღავი სიტყვა. იცით, აი, ფსიქოლოგიური, ემოციური გრძნობა იყო უარყოფითი, რადგან უარყოფითი მუხტით იყო დამუხტული ეს ტერმინი, ეს ორი სიტყვა – “ასიზის შეხვედრა”. ჩვენმა ფანატიკოსებმა რაღაცნაირი ლექსიკა შექმნეს, სადაც არის დადებითი და უარყოფითი ტერმინები და ჩვენი მრევლი და საზოგადოება უკვე აღარ ეძიებს, თუ რა შინაარსი დევს მათში, მართლაც უარყოფითი და ნეგატიურია ეს ტერმინი თუ არა.”

1986 წლის ასიზის საერთო ლოცვას კათოლიკურ სამყაროშიც გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, თუმცა, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის, ჯუზეპე პაზოტოს თქმით, აზრთა სხვადასხვაობა ამგვარი შეხვედრების მნიშვნელობამ გადაფარა:

[ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ხმა] “რატომ ასიზი? ქალაქი ასიზი არის ცნობილი მსოფლიოში, ვინაიდან იქ დაიბადა წმინდა ფრანჩესკო და ამბობენ, რომ წმინდა ფრანჩესკო არის მშვიდობის მფარველი, როგორც მშვიდობის ნიშანი და ეს ქალაქი გახდა მშვიდობის ქალაქი მთელი მსოფლიოსთვის. რატომ შედგა ეს შეხვედრა? მე მგონია, რომ იქ ორი მთავარი მიზანი იყო. პირველი, რომ უფრო ძლიერი იყოს კავშირი მორწმუნეებს – ქრისტიანებსა და სხვა მორწმუნეებს შორის. მეორე: ყველა რელიგიის წარმომადგენელს უნდა აეღო უფრო დიდი პასუხისმგებლობა წუთისოფლის წინაშე, ვინაიდან რელიგიური ლიდერები უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი მსოფლიოს წინაშე. განსაკუთრებით უნდა იმოქმედონ მშვიდობისთვის, ეს იყო ორი მიზანი”.

ორივე მიზანი, რომელთა შესახებაც ეპისკოპოსი საუბრობს, უაღრესად აქტუალურია ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიისთვის, მით უმეტეს. რომ საქართველოში ხშირად ხდება ამ ორი ინსტიტუტის იდენტიფიკაცია. ასიზის წლევანდელი შეკრების მიზანიც თითქმის იგივეა, რაც თხუთმეტი წლის წინ იყო:

[ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ხმა] “მე ვფიქრობ, რომ დარჩა იგივე მიზანი, რაც იყო 15 წლის წინ, მაგრამ კიდევ დაემატა ერთი მიზანი, ერთი მნიშვნელობა. ამ ბოლო დროს რელიგია ხშირად გამოიყენება ომისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვინც მორწმუნეა, უნდა იყოს ომის წინააღმდეგი ყოველთვის. განსაკუთრებით არ შეიძლება როდესმე თქვა, რომ რელიგიის გამო ვიომებ შენთან. ვინც ამას იტყვის, ის არის სულელი, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის რელიგია, ან ის არ არის ჭეშმარიტი რელიგია.”

ზოგადად, საქართველოს ეკლესია ნაკლები ხალისით მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უფრო ზუსტად, საზოგადოება ამგვარ აქტიურობას მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როცა, ვთქვათ, გურამ შარაძე მოუწოდებს ეკლესიას, შეფასება მისცეს რომელიმე მხატვრულ ნაწარმოებს ან ქართული საგანძურის უცხოეთის მუზეუმებში გამოფენას აღუდგეს წინ; ან მაშინ, როცა ეკლესია თავისთავზე იღებს პოლიციის რომელიმე გენერლისა და მის მიერ ნაცემი პარლამენტარის, ან სახელმწიფო და კერძო ტელევიზიის შერიგებას; სამაგიეროდ, საქართველოს ეკლესია თითქოს განზე დგას ქვეყნის ცხოვრების გაცილებით უფრო აქტუალური პრობლემებისგან, რისი დიდი გამოცდილებაც აქვთ დასავლეთის ეკლესიებს:

[ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ხმა] “რელიგია არის ერთიანობის საფუძველი, მშვიდობის საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ ვინც მონაწილეობს ასიზის ლოცვაში, მისი პასუხი იქნება – დიახ რელიგია უნდა იყოს მშვიდობის საფუძველი. სახარებაში დაწერილია, რომ ქრისტიანი არის სამყაროს მარილი და სინათლე და არის საფუარი და ეს საფუარი არის ცომში შიგნით. შუქი არ უნდა იყოს სკამის ქვეშ, ვინაიდან არ იქნება შუქი. ქრისტიანების მოწოდებაა, რომ იყვნენ სამყაროში და სამყარო, წუთისოფელი არის მათი სახლი, მათი ადგილი. ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა იყოს ჭეშმარიტი მოქალაქე და ამიტომ არის პასუხისმგებელი. არიან ქრისტიანები, რომლებიც ამბობენ: “ეს არ არის ჩემი საქმე, არის სხვების საქმე, ეს პოლიტიკოსების საქმეა”. კი, მართალია, პოლიტიკა პოლიტიკოსების მოწოდებაა, მაგრამ ყველას შეუძლია იყოს პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი ის არის, ვინც მუშაობს თავისი “პოლისისთვის”, რაც ნიშნავს – “თავისი ქალაქისთვის”. ქრისტიანი უნდა იყოს აქტიური, რათა ქალაქში, ქვეყანაში გაიმარჯვოს სამართლიანობამ, მშვიდობამ…”

რამდენიმე წელია, რაც იანვრის ბოლოს საქართველოს ზოგიერთი არამართლმადიდებელი ეკლესია ერთობლივად ლოცულობს, რათა უფრო მეტი მადლი და სიყვარული იყოს მორწმუნეებს შორის. წელს ამგვარი ერთობლივი ლოცვა 25 იანვარს აღევლინება, თუმცა საქართველოს ეკლესია არც ამ ლოცვაში მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG