Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსია ბოსნიაში დაკავებული ექვსი ალჟირელის გაცემის ირგვლივ


ანდრო ეული, პრაღა გასულ პარასკევს, ბოსნიის ხელისუფლებამ ამერიკელ მშვიდობისდამცველებს გადასცა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ექვსი ალჟირელი მამაკაცი,

რამაც იუგოსლავიის ამ ყოფილ რესპუბლიკაში საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია. ცნობილი გახდა, ამასთანავე, სარაევოში საუდის არაბეთიდან ჩასული ვაჰაბისტების საქმიანობა.

ბოსნიის ხელისუფლებმა გასულ ოქტომბერს
დააკავეს ეს ექვსი ალჟირელი მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების დაზვერვამ მობილური სატელეფონო საუბრების მოსმენით შეიტყო, რომ ალჟირელები, სარაევოში, ამერიკის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდნენ. მაგრამ ბოსნიის მუსულმანურ-ხორვატიული ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ გასულ კვირაში, სამხილის უკმარისობის საფუძველზე, დაკავებული ალჟირელების განთავისუფლება ბრძანა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ხსენებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერი არ წარმოადგინა.

და მაინც, ბოსნიის მთავრობამ დააკმაყოფილა შეერთებული შტატების თხოვნა და მას ტერორიზმში ეჭვმიტანილი ექვსი ალჟირელი გადასცა. დაკავებულთაგან ხუთს ბოსნიის მოქალაქეობა აქვს მიღებული, ხოლო მეექვსეს იემენის მოქალაქის ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. სარაევოს მთავარი ციხის წინ ხუთშაბათს ღამით შეკრებილი ასზე მეტი დემონსტრანტი პარასკევს დილით დაიშალა; ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ ბოსნიის ხელისუფალთა გადაწყვეტილების გამო. ეს საპროტესტო აქცია მოაწყო ”ახალგაზრდა ისლამისტების მოძრაობამ”, რომელსაც სარაევოში, მეფე ფაჰდის ახალ მეჩეთსა და ისლამურ ცენტრში აქვს დადებული ბინა. ეს მოძრაობა 1995 წელს შეიქმნა საუდის არაბეთში დაფუძნებული ვაჰაბისტების სექტის იდეების გასავრცელებლად.

შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილ ალჟირელებს გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე ჩაიყვანენ კუბაში, სადაც წინასწარი პატიმრობის ციხეში ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ ყაიდისა” და თალიბანის 110-ზე მეტი მებრძოლი იმყოფება.

ბოსნიის ადამიანის უფლებათა ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, სრდიან დიზდარევიჩი აცხადებს, რომ ექვსი ალჟირელის გაცემით ბოსნიამ, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია დაარღვია და თანაც ქვეყანაში მოქმედი ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება უგულებელჰყო. ჩვენი კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში სრდიან დიზდარევიჩმა განაცხადა:

[სრდიან დიზდარევიჩის ხმა] ”გვაცნობეს, რომ დაკავებულებს კუბაში ჩაიყვანენ. ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება, ვინაიდან არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. რატომ გვიმტკიცებენ, რომ ესაა ომი ტერორიზმის, და არა ისლამის წინააღმდეგ? ამჯერად
ყველამ დაინახა, რომ ესაა ომი ისლამის, და არა ტერორიზმის წინააღმდეგ, ვინაიდან ისინი ტერორისტები
არ არიან”.

ხოლო ბოსნიის პარლამენტის წამყვანმა დეპუტატმა, სეიფუდინ ტოკიჩმა პრესკონფერენციაზე სარაევოში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, შეერთებული შტატებისთვის ექვსი ალჟირელის გადაცემის თაობაზე ”ყოველგვარი ზეწოლის გარეშე”, და თანაც ბოსნიის კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების შესაბამისად იქნა მიღებული.

ბოსნიის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელშიც ექვსი ბოსნიელი და შვიდი უცხოელი მოსამართლეა წარმოდგენილი, ასევე უკმაყოფილება გამოთქვა ექვსი ალჟირელის გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების გამო. ხოლო ბოსნიის კოლექტიური პრეზიდიუმის სერბმა წევრმა ჟივკო რადიშიჩმა გაწბილება გამოხატა იმის გამო, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილ ალჟირელთა გაცემის ამბავი მის უწყებას წინასწარ არავინ შეატყობინა.
XS
SM
MD
LG