Accessibility links

logo-print

სასამართლო გადაწყვეტლება რუსეთის ტელეკომპანია ”ტე-ვე 6”-ის დახურვის შესახებ


ორშაბათს საღამოს მოსკოვის სასამართლომ უცებ გასცა განკარგულება რუსეთის პრესის სამინისტროს, რომ დახუროს ქვეყნის უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ტე-ვე 6”,

რომელიც უკვე რამდენიმე თვეა იბრძვის, მისივე მენეჯერების სიტყვებით რომ ვთქვათ, ”კრემლის მიერ ინსპირირებული ვენდეტის” წინააღმდეგ.

რუსეთის პრესის მინისტრმა მიხაილ ლესინმა ხაზგასმით გამოხატა გაკვირვება სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მას აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ გააუქმოს ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზია და ახალ მფლობელებს გადასცეს იგი.

”დღეისთვის აღარ არსებობს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ ”ტე-ვე 6”-ის გუნდმა მუშაობა გააგრძელოსო”, განაცხადა ლესინმა ორშაბათს, სახელმწიფო ტელეკომპანია ”ო-ერ-ტე”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, რამდენიმე კომპანია განიხილავს მთავრობის წინადადებას, დროებით გადაიბაროს დახურული ტელეკომპანიის არხი.

”ტე-ვე 6”-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძირითადად შედგება ყოფილი დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ენ-ტე-ვე”-დან გამოქცეული ჟურნალისტებისგან. შეგახსენებთ, რომ ”ენ-ტე-ვე” ზაფხულში ჩაიგდო ხელში სახელმწფოს კონტროლქვეშ მყოფმა ნავთობკომპანია ”გაზპრომმა”.

ორივე ტელეკომპანიას ფლობდნენ მაგნატები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგეები არიან. ამჟამად ისინი რუსეთიდან გაქცეული არიან და უცხოეთს აფარებენ თავს, ვინაიდან მთავრობა მათ საფინანსო მაქინაციებში ადანაშაულებს.

ორივე ტელეკომპანიის შემთხვევაში საერთაშორისო მასმედიამ და დასავლეთის, მათ შორის შეერთებული შტატების, მთავრობებმა შეშფოთება გამოთქვეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს პუტინის, როგორც სიტყვის თავისუფლების დამცველის როლი და რუსეთის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. კრემლმა არაერთხელ გაიმეორა, რომ არავითარი წვლილი არ მიუძღვის დამოუკიდებელი მასმედიის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესებში.

სხვანაირად ფიქრობენ თავად დაზარალებულები. მათ შორის ”ტე-ვე 6”-ის დირექტორი ევგენი კისელიოვი: [ევგენი კისელიოვის ხმა] ”ჩემის აზრით, დასავლელ ლიდერთაგან ბევრნი, რომლებიც დიდ სიყვარულს ავლენენ ბატონი პუტინის მიმართ; რომლებიც მხარს უჭერენ მას, როგორც დემოკრატ ლიდერს, პასუხისმგებელნი არიან ”ტე-ვე 6”-ის – ქვეყნის უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის – დახურვისთვის. და ისინი პასუხისმგებელნი არიან რუსეთში დემოკრატიის ბედისთვის.”

ძნელია, შეედავო კისელიოვს. დასავლელ ლიდერებს დღეს მართლაც ძალიან უყვართ ვლადიმირ პუტინი.

თავად ”ტე-ვე 6”-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტლებას. მაგრამ პრესის სამინისტრომ გარკვევით თქვა, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდება.
XS
SM
MD
LG