Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია იმიგრაციის შეზღუდვას აპირებს


ანდრო ეული, პრაღა დანიამ გადაწყვიტა, ახალი შეზღუდვები დააწესოს იმიგრაციაზე, რამაც მისი მეზობლები განაცვიფრა.

ამგვარი გადაწყვეტილება ორი თვის წინ არჩეული პრემიერ-მინისტრის, ანდერს ფოგ რასმუსენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ მიიღო.

ევროპის ეს პატარა სახელმწიფო თავისი ჩრდილოელი მეზობლის, შვეციის მსგავსად, მუდამ ლიბერალური იდეების მატარებელი იყო და, გარემოს დაცვა იქნებოდა თუ განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების მიწოდება, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში. მაგრამ ახლა დანიის ამგვარ იმიჯს საფრთხე დაემუქრა, რაშიც, ბედის ირონიით, სწორედ ლიბერალური პარტიის ირგვლივ შემოკრებილ ახალ კოალიციურ მთავრობას მიუძღვის ბრალი. საქმე ის არის, რომ ხსენებულმა კოალიციამ, რომელშიც სხვებთან ერთად კონსერვატიული პარტიაც შედის, გადაწყვიტა, საგრძნობლად გაართულოს ქვეყანაში იმიგრაციასა და თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურა.

სხვა შეზღუდვებთან ერთად გათვალისწინებულია, ორჯერ – შვიდ წლამდე გაიზარდოს ქვეყანაში ჩასული ლტოლვილებისთვის მუდმივი ცხოვრების უფლების მიღების ვადა. უცხოელები და მათი ოჯახის წევრები დანიის მოსახლეობის შვიდ პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ, რაც ამ პატარა ქვეყნისთვის, მართალია, უმნიშვნელო ციფრი არ გახლავთ, მაგრამ ბევრად ნაკლებია იმ დონესთან შედარებით, რომელიც, მაგალითად, გერმანიაშია. ბოლო ხანს დანია არალეგალური იმიგრაციის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ამ მხრივ მდგომარეობა გაცილებით უფრო სერიოზულია ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში.

მაშ რით უნდა აიხსნას კოპენჰაგენის საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლა? აი, რა განაცხადა ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში დანიელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა იაკობ ნაილსენმა:

[იაკობ ნაილსენის ხმა] ”მიჭირს ამის თქმა, მაგრამ განვლილი 4-5 წლის მანძილზე დანიაში მეტად მძაფრი ხასიათი მიიღო
პოლემიკამ იმიგრანტებისა და ლტოლვილების შესახებ. და, ვფიქრობ, მედიასა და პოლიტიკოსებს აკისრიათ პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ქვეყანაში მოდად იქცა იმიგრანტებისა და ლტოლვილების აუგად ხსენება. ნოემბრის არჩევნებში ხომ სწორედ ეს საკითხი იყო დღის წესრიგის მთავარი თემა და იმ პარტიებმა, რომლებიც დღეს მთავრობაში არიან, ერთობ მკაცრი ზომების მიღება ივალდებულეს”.

იაკობ ნაილსენის თქმით, იმიგრანტებისადმი მოსახლეობის განწყობა მკვეთრად გაუარესდა შარშან, როცა დანიელ ქალებზე სექსუალური ზეწოლის რამდენიმე შემთხვევა ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა. ყოველ უმუშევარ დანიელზე ქვეყანაში სამი უცხოელი უმუშევარი მოდის, რასაც ნაილსენი და სხვა მიმომხილველები იმით ხსნიან, რომ უწინდელი მთავრობები სრულებით არ ზრუნავდნენ ქვეყანაში ჩასულ უცხოელთა ინტეგრაციაზე.

[იაკობ ნაილსენის ხმა] ”გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ უცხოელთა ინტეგრაციის მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ყველაზე უარესი მდგომარეობა დანიაშია. მეტად დაბალია, ამასთანავე, შრომის ბაზარზე იმიგრანტების დასაქმება. და ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას იმაზე, როგორ ტოვებენ დანიას ირანიდან, ავღანეთიდან, თურქეთიდან და პაკისტანიდან ჩამოსული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ვინაიდან ექიმებად, სტომატოლოგებად თუ საინფორმაციო ტექნოლოგიის ექსპერტებად ვერ ეწყობიან. უკეთესი მომავლის იმედით ისინი ბრიტანეთში, კანადაში, გერმანიასა და შვეციაში მიემგზავრებიან”.

დანიის მთავრობის გადაწყვეტილებისადმი იაკობ ნაილსენის კრიტიკას იზიარებს ჰელე თორნინგ-შმიდტი, ევროპარლამენტში დანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. მისი თქმით, დანიის მემარჯვენე სახალხო პარტიამ ქვეყანაში უცხოელებისადმი სიძულვილი გააღვივა, რამაც მთავრობას ახალი პოლიტიკის შემუშავებისკენ უბიძგა. სახალხო პარტია მთავრობაში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ საკმაო გავლენით სარგებლობს მმართველ კოალიციაში, რომელსაც ახალი საიმიგრაციო კანონის მისაღებად ამ პარტიის მხარდაჭერა ესაჭიროება.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირმა ერთიანი საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს რომელიმე წევრი ქვეყნის მიერ ცალმხრივი ზომების მიღებას. თუმცა, იაკობ ნაილსენს ეჭვი ეპარება, დანიისთვის ეს წინადადება მისაღები გახდეს.
XS
SM
MD
LG