Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში


სოზარ სუბელიანი, თბილისი ახალი წლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 6 პატიმარი გარდაიცვალა.

იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გახშირებული სიკვდილიანობა ობიექტური პირობებითაა გამოწვეული, მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტები სხვაგვარად ფიქრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის – “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” – თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის აზრით, ის პოლიტიკა, რომელსაც პენიტენციურ სისტემაში სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ატარებს, თავისთავად ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის წინაპირობას.

ნანა კაკაბაძის განცხადება, რომ სიკვდილიანობის ზრდას მხოლოდ ობიექტური ფაქტორები არ განაპირობებს, მის მიერვე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ეფუძნება. მაგალითად, მიმდინარე წლის 4 იანვარს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსთან, გია ჩალათაშვილთან ერთად მან მოინახულა პატიმარი ჯემალ ციცინაშვილი, რომლის მდგომარეობაც ასეთი იყო:

[ნანა კაკაბაძის ხმა] “რკინის საწოლზე, ყველანაირი ლეიბისა და რაიმე საფენის გარეშე, პირდაპირ რკინის საწოლზე ეგდო ავადმყოფი, რომელიც იყო მართლა უგონოდ, მარტო ჰქონდა რეაქციები: თავს ამოძრავებდა და უნებლიედ ხელებს და ფეხებს ამოძრავებდა. მერე მე ვუთხარი: კი მაგრამ, რა ხდება-მეთქი, მომაკვდავია, გასაგებია. მაგრამ ლეიბი რატომ არა აქვს პატიმარს, გუშინ ღამით შემოყვანილს, მეორე დღეს მივედით და არც ლეიბი, არც ზეწარი. ასეთ მდგომარეობაში ავადმყოფი კი არა, კარგად მყოფი დაიღუპება და ეს რა ხდება-მეთქი! მაშინ გია ჩალათაშვილმა უთხრა: სხვა თუ არაფერი, ლეიბები მაინც გვაქვს და რატომ არ უგია ავადმყოფს ლეიბიო. უთხრეს, ამ წუთას ყველაფერს გავაკეთებთო. იქიდან რომ გამოვედი, მეორე დღეს გავიგე, რომ ეს ავადმყოფი გარდაიცვალა”.

ციცინაშვილზე ერთი დღით ადრე, 4 იანვარს, იმავე საავადმყოფოში გარდაიცვალა გიორგი ტურავა. კაკაბაძის თქმით, ამ ავადმყოფისთვის დასმული დიაგნოზიც კი შემზარავი ცინიზმისა და გულგრილობის ნიმუშია. ნანა კაკაბაძე სრულიად შემთხვევით დაესწრო ექიმის მოხსენებას, რომელმაც ასე აღწერა სიკვდილის მიზეზი: [ნანა კაკაბაძის ხმა] “ის გარდაიცვალა კუჭის პერფორაციით, მწვავე მუცლით და, როდესაც გაჭრეს, მუცელი იყო მთლიანად ჩირქში გახვეული”.

რაც შეეხება სამინისტროს დასკვნას, მასში ნათქვამია: [ნანა კაკაბაძის ხმა] “ავადმყოფი შემოწმდა კომისიური წესით, ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია: ის უჩიოდა მუცლის შებერილობას, სამი დღის განმავლობაში არ ჰქონდა კუჭის მოქმედება – რა კუჭის მოქმედება უნდა ჰქონოდა კუჭგახვრეტილ კაცს – ჩაუტარდა ჩვეულებრივი გამწმენდი ოყნა, რამაც შედეგი არ გამოიღო, დაენიშნა ზეთოვანი გამწმენდი ოყნა და უკანა ტანში ზეთოვანი გაზგამყვანი მილი ჩაედგა. არა მგონია, თუნდაც ეს გაკეთებოდა, მაგრამ იმ დროს, როცა გახვრეტილი აქვს კაცს კუჭი და უკეთებენ ოყნებს, უდგამენ გაზგამყვან მილს, თავად განსაჯეთ, რამდენად ეფექტურად იმოქმედებდა ასეთი მკურნალობა… ამას რომ ვკითხულობდი, ფილმი “შერეკილები” გამახსენდა, ყველაფერზე ბროწეულის ოყნებს რომ უნიშნავენ”.

ყოველივე ზემოთქმულს ისიც ემატება, რომ მსგავსი ამბების შესახებ საზოგადოება მხოლოდ შემთხვევის წყალობით თუ შეიტყობს ხოლმე. მართალია, იუსტიციის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა, წინამორბედის მსგავსად, აქცენტს სისტემის გამჭვირვალობასა და ღიაობაზე აკეთებს, მაგრამ, ნანა კაკაბაძის აზრით, ეს მხოლოდ გარეგნული პოზაა, რომლითაც სრული ჩახშულობისა და გაუმჭვირვალობისკენ სწრაფვა ინიღბება.
XS
SM
MD
LG