Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეფიკინგი ბალკანეთში


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა კორუფცია, ბიუროკრატიის მოუქნელობა, ქსენოფობია და პოლიტიკური ნების არარსებობა.

აი, მთავარი მიზეზები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, მათ შორის ”ჰიუმან რაიტს უოჩის” შეფასებით, შეუძლებელს ხდის ტრეფიკინგის დაძლევას. არადა, ტრეფიკინგი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად ითვლება: მას მილიონობით მსხვერპლი ჰყავს უფლებააყრილი, მონურ პირობებში მომუშავე ადამიანების სახით.

ადამიანების ტრეფიკინგი მამაკაცებსაც ეხება და ქალებსაც, ბავშვებსაც და ზრდასრულ ადამიანებსაც. მაგრამ რადგან მსხვერპლის დიდ უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ, ამ პრობლემაზე ყოველკვირეულ პროგრამაში, ”ქალი და მსოფლიო” ვისაუბრებთ. თქვენს ყურადღებას მიაპყრობთ ბალკანეთს, აგრეთვე იმ მიზეზებს, რომლებმაც ეს რეგიონი ევროპაში ტრეფიკინგის ერთგვარ ოაზისად აქცია.

ტრეფიკინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა: ქალებისა და გოგონების სქესობრივი ექსპლუატაცია ახალი ფენომენი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბოლო ათწლეულის მანძილზე ის არნახულ აღმავლობას განიცდის. ამის მიზეზად ექსპერტები ერთხმად ასახელებენ მრავალ ქვეყანაში სოციალური პირობების მკვეთრად გაუარესებას და მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ გამოსავლის უცხოეთში ძებნას. ეს ”გამოსავალი” კი არცთუ იშვიათ შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლის როლია: უცხო ქვეყანაში ყოფნა უფულოდ და უპასპორტოდ, მუშაობა ანაზღაურების გარეშე.

ბალკანეთის ომების შემდეგ სამხრეთ ევროპაში სტაბილურობის პაქტის დამცველმა საგანგებო ჯარებმა იციან, რომ სწორედ ტრეფიკინგი, ანუ ადამიანებით ვაჭრობაა ორგანიზებული დანაშაულის ის სფერო, რომელიც რეგიონში ყველაზე სწრაფად და წარმატებით ვითარდება. ამიტომ, მათ კიდევ ერთი ამოცანა იტვირთეს: ისინი გაუძღვებიან კამპანიას ამ სახიფათო ”ბიზნესის” წინააღმდეგ, რისთვისაც შეიქმნა ქალთა და ბავშვთა ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე ასევე საგანგებო ჯგუფი.

როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელის, ჰელგა კონრადისაგან შეიტყო ჩვენი რადიოს თანამშრომელმა, დონ ჰილმა, დაახლოებით ერთ თვეში, ბელგრადში, გაიხსნება რეგიონული საინფორმაციო ცენტრი, სადაც თავს მოუყრიან ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციას, ხელს შეუწყობენ მსხვერპლთათვის რიგიანი თავშესაფრების შექმნას და მსხვერპლთა მომზადებას რეპატრიაციისათვის. რაც შეეხება ამჟამად მოქმედ თავშესაფრებს, ჰელგა კონრადის თქმით, ესენია, უბრალოდ, თავმოყრის ადგილები ადამიანების სამშობლოში გაგზავნამდე. მაშინ, როდესაც თავშესაფარში დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების პირობები, იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგიური კონსულტაციებით.

დიდად ამომწურავი არც ტრეფიკინგის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემებია: კონრადის ჯგუფმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისაგან შეიტყო, რომ 2000 წელს ბალკანეთის ქვეყნებში ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა რიცხვი 1300-ს აღწევდა. თუმცა, მიგრაცის საერთაშორისო ორგანიზაცია თვითონვე შენიშნავს, რომ მონაცემები სანდო არ არის და სინამდვილეში, ალბათ, რამდენიმეჯერ აღემატება 1300-ს. კონრადის განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ [ჰელგა კონრადის ხმა] ”უწყებების უმრავლესობა – მთავრობები, პოლიცია, საერთაშორისო ორგანიზაციები – ინფორმაციას აგროვებენ, მაგრამ დღემდე ხშირად ერევათ ერთმანეთში ცნებები: ”უკანონო მიგრაცია”, ”ადამიანების კონტრაბანდა” და ”ტრეფიკინგის პრობლემები.”

ცენტრალურ ევროპაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორი, ირენა ვოიაჩკოვა კი მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც ბალკანეთის სახელმწიფოებს ადამიანებით ვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრად აქცევს.

ჯერ ერთი, [ირენა ვოიაჩკოვას ხმა] ”ბალკანეთის პრობლემა მისი პოსტკონფლიქტურ ვითარებაში ყოფნაა. მსოფლიოში ყველგან, სადაც ასეთი ვითარებაა, ადამიანების ტრეფიკინგის პრობლემაც არსებობს.”

და მეორე: [ირენა ვოიაჩკოვას ხმა] ”ბალკანეთი გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს მდიდარ ქვეყნებთანაც და ღატაკ ქვეყნებთანაც. მდიდარსა და ღარიბს შორის ძალიან მოკლე დისტანციის გამოა ბალკანეთში ტრეფიკინგი უაღრესად მომგებიანი ბიზნესი.”

ტრეფიკერებისათვის განსაკუთრებით მომგებიან საქმედ კი იძულებითი პროსტიტუცია ითვლება. ჰელგა კონრადი აღნიშნავს, რომ ცნება ”ადამიანების ტრეფიკინგი” არ არის დამოკიდებული მიზანზე, რომლითაც მსხვერპლი სამშობლოდან გაემგზავრა, ანუ სულ ერთია, ის უკანონო ემიგრაციისაკენ მიისწრაფოდა თუ დაპირებული სამსახურის დაწყება სურდა, ან თუნდაც თანახმა იყო მეძავობაზე. მთავარია, რა ბედი ეწია მას უცხოეთში ჩასვლის შემდეგ.

[ჰელგა კონრადის ხმა] ”ტრეფიკინგთან საქმე გვაქვს, და მასთან ბრძოლა გვმართებს მაშინ, როცა ადამიანები მონის მდგომარეობაში ვარდებიან და თავისუფლებას კარგავენ.”

სამხრეთ ევროპაში ქალთა და ბავშვთა ტრეფიკინგის პრობლემაზე მომუშავე საგანგებო ჯგუფიც და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც აუცილებლად მიიჩნევენ პოლიციისა და სხვა ოფიციალურ უწყებათა გააქტიურებას ადამიანებით ვაჭრობის შესაჩერებლად. იგეგმება სემინარები, რომლებსაც ჰელგა კონრადის ჯგუფი ჩაატარებს პრობლემაში პოლიციელებისა და პროკურორების გასარკვევად. მაგრამ უკვე ცხადია, რომ შეძენილ ცოდნას ამ ადამიანებიდან ყველა არ გამოიყენებს: ტრეფიკინგს უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს და ტრეფიკერები ფულის ქრთამად გამოყენებაშიც არიან დახელოვნებული. თუ მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ირენა ვოიაჩკოვას სიტყვებს მოვიშველიებთ, [ირენა ვოიაჩკოვას ხმა] ”კორუფცია ყველგან არის ორგანიზებული დანაშაულის შემადგენელი ნაწილი. ორგანიზებული დანაშაული არ იარსებებდა კორუფციის გარეშე”.
XS
SM
MD
LG