Accessibility links

logo-print

ვიდეოფირი, რომლის სიყალბის მიზანი არცთუ ძნელი შესაცნობია


მოსკოვისთვის არცთუ სასიამოვნო შინაარსისაა ჩეჩნეთში ამ ქვეყნის პოლიტიკის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ სტრასბურგში მიღებული რეზოლუცია.

იმის გარდა, რომ საბჭოს ასამბლეაში ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი მონაწილეობს, ასამბლეის თავმჯდომარემ ლორდმა ჯადმა არაერთხელ მოიხსენია მასხადოვი, ჩეჩნეთის არჩეულ კანონიერ პრეზიდენტად.

ყოველივე ამასთან ერთად, მოსკოვისგან მოითხოვენ ჩეჩენი ტყვეების მიმართ ჟენევის კონვენციის შესაბამისად მოქცევას, მაშინ, როცა იქ მიმდინარე ომი ერთი ქვეყნის შიგნით ომია.
სტრასბურგში რუსეთისთვის ამ მეტად მტკივნეული – ჩეჩნეთის საკითხის განხილვის წინადღით, 22 იანვარს, გამოქვეყნდა ვიდეოფირი, რომლის ავტორებს, ჩანს, სურთ, მსოფლიოს უჩვენონ, რომ “ალ ყაიდა” და ჩეჩენი მეომრები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. ამ ფილმში მთავარ როლებში იხილავთ ოსამა ბინ ლადენს, ხატაბს, ერთ კადრში გაიელვებს ბასაევიც.

ვიდეოფირი შეერთებულ შტატებში გამომავალი გაზეთის, “ნიუსდეის” კორესპონდენტს ქაბულში 500 დოლარად შეუსყიდია ერთი მოქალაქისგან. “ნიუსდეის” კორპესპონდენტის აზრით, ფირი გადაღებულია იმ მიზნით, რომ პოტენციურ სპონსორებს უჩვენოს, როგორ ეხმარება “ალ ყაიდა” ჩეჩნებს იმის კეთებაში, რასაც ბინ ლადენი ქრისტიანული ძალების წინააღმდეგ ბრძოლას უწოდებს. ფილმის დასაწყისში არაბული ტიტრები გვამცნობენ, რომ ფილმს წარმოგვიდგენს “ალ ყაიდის” სკოლა”. ამას მოჰყვება ოსამა ბინ ლადენის 20-წუთიანი პასაჟი, როცა ის თავის განუყრელ “კალაშნიკოვთან” ერთად მაყურუბელს უხსნის, როგორ უნდა განხორციელდეს მოჰამედის სწავლება “ურჯულოთა” წინააღმდეგ ბრძოლისას.

ეს არის და ეს. ბინ ლადენი არც ჩეჩნეთს ახსენებს და არც რუსეთს. შემდეგ მოდის კადრები რუსეთის სამხედროებზე თავდასხმებისა, საკმაოდ ნატურალისტური, რომლებიც – ამერიკული გაზეთის სტატიის ავტორსაც კარგად მოეხსენება – რუსეთის ტელევიზიით უჩვენებიათ. შემდეგ კადრებზე აღბეჭდილია არაბი ინსტრუქტორების მიერ ჩეჩნების წვრთნა, რომლის დროსაც ხატაბი თარჯიმნად გვევლინება. ფირის ბოლოს ასევე ნაჩვენებია თვითმკვლელების მომზადების ამსახველი სურათები.

ფილმის მნახველთა აზრით, ასეთი ფილმის გაკეთება რუსეთის საიდუმლო სამსახურსაც შეიძლებოდა დასჭირებოდა და თვით მეამბოხეებსაც. პირველთ იმისთვის, რათა მსოფლიოს დაანახონ, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ჩეჩნები მჭიდრო კავშირში არიან, მეორეთ კი იმ მიზნით, რომ ბინ ლადენთან კავშირით საკუთარი თავის ფასი ასწიონ და სპონსორები მიიზიდონ.

მაგრამ ოპტიმისტები, თვით რუსეთშიც კი, ფიქრობენ, რომ ვისი შეკოწიწებულიც უნდა იყოს ეს ფილმი, დასავლეთმა უნდა დაიჯეროს, რომ ჩეჩნეთის წინააღმდეგობაში საერთაშორისო ტერორიზმი მხოლოდ მცირე ელემენტია. და რომ რუსეთის მთავრობა პრიმიტიულ ხრიკს მიმართავს, როცა ჩეჩენ მეამბოხეებს ტერორისტებად ნათლავს.
XS
SM
MD
LG