Accessibility links

logo-print

რამსფელდი უარყოფს, რომ გუანტანამოს ბაზაზე პატიმრებს ცუდად ეპყრობიან


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სამშაბათს, 22 იანვარს, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა მოაწყო ბრიფინგი,

რომელზეც გაზვიადებული უწოდა საერთაშორისო კრიტიკას ამერიკის სამხედრო ბაზა გუანტანამოზე მყოფი პატიმრების –თალიბანისა და “ალ ყაიდის“ წევრების – მიმართ არაჰუმანური მოპყრობის შესახებ.

მსოფლიო საზოგადოება აღაშფოთა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოსურათებმა. სურათებზე აღბეჭდილი არიან ბორკილებით ხელფეხშეკრული, პირზე ნიღაბაფარებული, თვალახვეული და დაჩოქილი პატიმრები.

კრიტიკოსების თქმით, შეერთებული შტატები ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტაქტიკას, მათ შორის ძალით გაპარსვას მიმართავს, რათა პატიმართა დაკითხვები უფრო შედეგიანი გახადოს. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პატიმართა სურათების გავრცელებით შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ჟენევის კონვენცია დაარღვია.

“ამნესტი ინტერნეშნლი” გუანტანამოს პატიმრებთან შეხვედრას და ადვოკატებით მათს უზრუნველყოფას მოითხოვს. “პატიმრებს დამამცირებელ პირობებში ამყოფებენ, მათ არა აქვთ კავშირი გარე სამყაროსთან, გამოყენებულია ყველა კლასიკური ტექნოლოგია მათი გატეხვისთვის დაკითხვების დაწყებამდე,” ნათქვამია ადამიანის უფლებათა დამცველი ამ ორგანიზაციის განცხადებაში.

რამდენიმე სახელმწიფომ მხარი დაუჭირა მოთხოვნას პატიმრებისთვის ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული “სამხედრო ტყვის” სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირმა ხავიერ სოლანამ თქვა, ჩვენი ფასეულობებისა და ცხოვრების წესის შეცვლა ტერორისტების პირველი დიდი გამარჯვება იქნებოდაო. ნიდერლანდებმა მხარი დაუჭირა ამ სიტყვებს, განაცხადა რა, ბრძოლაში ჩვენ ჩვენი ნორმები და ფასეულობები უნდა დავიცვათო. კრიტიკის ქოროს არ შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.

რამსფელდმა ბრიფინგზე აღიარა, რომ ფოტოსურათების გამოქვეყნება, შესაძლოა, კარგი იდეა არ იყო, მაგრამ განმარტა, რომ პატიმრები ბანაკში ჩაყვანისთანავე, გალიებში დანაწილებამდე გადაიღეს.

“გაითვალისწინეთ, რომ ეს სახიფათო ადამიანები არიან. ზოგიერთმა შეიძლება თვითმკვლელობა ჩაიდინოს და ადგილიდან ადგილზე მათი გადაყვანა ისე უნდა მოხდეს, რომ მათ არც ამერიკელ ჯარისკაცებს ავნონ რამე და არც საკუთარ თავს. განა ასეთი საქციელი არაჰუმანურია? განა სხვანაირად მოქცევა სისულელე არ იქნებოდა?” – მიმართა რამსფელდმა ჟურნალისტებს.

მინისტრმა თქვა, რომ პენტაგონის მიზანია, მიიღოს ინფორმაცია შემდგომი ტერაქტების თავიდან ასაცილებლად. “ეს ადამიანები უდრეკი ტერორისტები არიან. ჩვენ ვცდილობთ ისინი ქუჩებიდან, თვითმფრინავებიდან, ატომური ელექტროსადგურებიდან და ნავსადგურებიდან შორს ვამყოფოთ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე სხვაგანო,” თქვა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა.

რამსფელდის სიტყვით, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ჟენევის კონვენციაში საუბარია მეომარი ქვეყნების და არა “ალ ყაიდის” მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების პატიმრებზე. ეს პატიმრები სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, იემენის, ჩინეთის, საუდის არაბეთის და ავსტრალიის მოქალაქეები არიან, რაც კიდევ უფრო ართულებს სამართლებლივ ვითარებას.
XS
SM
MD
LG