Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდზე მიმდინარე აქცია სულ უფრო რადიკალურ ხასიათს იძენს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ენგურის ხიდზე, გასულ კვირას დაწყებული აქცია სულ უფრო რადიკალურ ხასიათს იძენს.

23 იანვარს აქციის მონაწილეებთან ჩასულმა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა, მათთვის მხარდაჭერის გამოხატვის პარალელურად, კატეგორიულად უარყო რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთში დასარჩენად რაიმე პირობის წამოყენება და კონფლიქტის ზონიდან მშვიდობისდამცველების დაუყოვნებელი გაყვანა მოითხოვა.

ზუგდიდიდან მოსული ინფორმაციით, ენგურის ხიდზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. თავად ზუგდიდში მყოფი დევნილების გარდა, აქციას შეუერთდნენ ქუთაისსა და თბილისში დროებით მაცხოვრებელი დევნილები. წინა დღეებისგან განსხვავებით, აქციის მონაწილეები უკვე ცალსახად მოითხოვენ აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანას.

ამ მოთხოვნას მთლიანად იზიარებს აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტივისადმი და ოპტიმიზმი არც რუსეთის სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით გამოუხატავს.

სხვა საკითხია, რომ რამდენიმე წლის წინათ აფხაზთა მხარესთან დიალოგის მეშვეობით საქმის გამოსწორების შესაძლებლობისადმი მთლიანობაში საზოგადოება იყო ოპტიმისტურად განწყობილი და თამაზ ნადარეიშვილის რადიკალიზმი მაინცდამაინც არ ფასობდა. ახლა, როცა, სოხუმის ხელისუფლების ხისტი პოზიციის გამო, სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, გამორიცხული არ არის, ნადარეიშვილის რადიკალიზმმა მომხრეები შეიძინოს.

შეგახსენებთ: 2000 წლამდე ჟენევის ფორმატით შექმნილი ქართულ-აფხაზური სამშვიდობო მოლაპარაკებების საკოორდინაციო საბჭო თბილისსა და სოხუმში მეტ-ნაკლები ინტენსიურობით მართავდა სამუშაო შეხვედრებს. მართალია, ამ შეხვედრებისას მიღწეული შეთანხმებები ან მხოლოდ ნაწილობრივ სრულდებოდა, ან საერთოდ არ სრულდებოდა, მაგრამ პირდაპირი კონტაქტები მაინც სასარგებლო იყო თუნდაც იმისთვის, რათა მხარეები იარაღის ჟღარუნის ფონზე საუბრის უპერსპექტივობაში დარწმუნებულიყვნენ. სხვა საკითხია, რომ არც ქართულსა და არც აფხაზურ მხარეს, მოლაპარაკებათა მონაწილეების გაფართოებაზე არ უზრუნია. ანუ მთლიანობაში, კონფლიქტში მონაწილე მხარეების ფართო საზოგადოება ინფორმირებული არ არის, კონფლიქტის მოგვარების სანაცვლოდ, ვინ რა დათმობისთვის არის მზად და ვინ რა მიზეზით აჭიანურებს სამშვიდობო პროცესს.

მარტივ მაგალითად გამოდგება თუნდაც ოფიციალური თბილისის არაერთგზის გაკეთებული განცხადება, რომ იგი აფხაზეთს ავტონომიის მსოფლიოში არსებულ ყველაზე ფართო უფლებებს სთავაზობს. არადა, საეჭვოა, ან აფხაზურმა, ან ქართულმა საზოგადოებამ იცოდნენ, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ წინადადებაში. კვლავაც გაუგებარია, რჩება თუ არა ძალაში ერთ-ერთი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის საომარ მოქმედებებში მონაწილე პირებს აფხაზეთში დაბრუნება ეკრძალებათ. უცნობია ისიც, კონფლიქტის მოგვარების შემთხვევაში, რაიმე პასუხისმგებლობა თუ დაეკისრებათ იმ პირებს ეროვნების მიუხედავად, ვინც არა მხოლოდ მონაწილეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდში, არამედ იდეოლოგიურად მოამზადა აფხაზეთის კონფლიქტი. საინტერესოა ისიც, რა ბედი ეწევა საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეს, აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტების დადგენას რომ ეხება.
კითხვა მართლაც ბევრია. ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლად კი საზოგადოების რადიკალიზაცია გარდაუვალი იქნება.
XS
SM
MD
LG