Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძე რეპრესიებით იმუქრება


პრეზიდენტი მთავრობის წევრების მიმართ უფრო და უფრო მკაცრი ხდება.

მთავრობას ის უკვე კატეგორიული ტონით აფრთხილებს, რომ თუ კორუფციის მიმართ დამოკიდებულება ძირეულად არ შეიცვალა, რეპრესიები დაიწყება. ასე რომ, კორუფციის წინააღმდეგ ტოტალური და დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტი ახლა რეპრესიების დაწყებითაც იმუქრება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ზოგიერთს ნანასავით ესმის. ან მთლიანად შეიცვლება დამოკიდებულება ასეთი ფაქტების მიმართ, ან დაიწყება უბედურება, რეპრესიები, ნამდვილი რესპრესიები. კანონსაც შევცვლით და მოიძებნება ხალხი, ვინც სიმართლეს დაადგენს.”

ედუარდ შევარდნაძის ასეთი გაცხარება შინაგან საქმეთა მინისტრისა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამოსვლებს მოჰყვა. 23 იანვრის მთავრობის სხდომაზე ორივე მათგანმა კორუფციის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგინა.

საუბარი იყო სააქციო საზოგადოება “საქართველოს ელექტროკავშირში” და სააქციო საზოგადოება “კახეთის პურში” გამოვლენილ დანაშაულებზე, ანუ კონკრეტული პირების მიერ სახელმწიფო თანხების დატაცებაზე.

დავიწყოთ სააქციო საზოგადოება “საქართველოს ელექტროკავშირით”, რომლის ფინანსური დირექტორის საქმიანობამაც, სახელმწიფო თურმე ნახევარ მილიონ ლარზე მეტით დააზარალა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, “საქართველოს ელექტროკავშირის” ფინანსური დირექტორი ნიკოლოზ პროსტოსევდოვი უკანონო გარიგებებს აწარმოებდა “ინვალიდთა და მზრუნველობას მოკლებულ პირთა თანადგომის საერთაშორისო კავშირთან”, დანაშაულებრივი მიზნით შექმნილ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “კალესთან” და სხვა ორგანიზაციებთან.

ამ გარიგებებით ნაშოვნი ფული “საფოსტო ბანკში” ირიცხებოდა და შემდეგ კერძო პირების ჯიბეში ხვდებოდა. მოკლედ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად “საქართველოს ელექტროკავშირის” ფინანსურ დირექტორს ბრალად ედება 614 000 ლარის მითვისება და სახელმწიფოსთვის 42 000 ლარის ზარალის მიყენება. გამოძიება გრძელდება.

რაც შეეხება “კახეთის პურს”, 1998 წელს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ მას ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოტანილი ხორბლის რეალიზაციის უფლება მიანიჭა, მათ შორის კონსიგნაციის წესით შეძენელი ფქვილით საპენსიო დავალიანებების გასტუმრების მიზნით. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება “კახეთის პურსა” და სხვადასხვა სამინისტროებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც ხორბლის არამიზნობრივი რეალიზაცია მოჰყვა, სახელმწიფომ 1 200 000 ლარი იზარალა. კონტროლის პალატის მასალა გადაგზავნილია გენერალურ პროკურატურაში. ასე რომ, სწორედ გენერალურმა პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი იმათ, ვისაც პრეზიდენტმა “უნამუსოები და გათახსირებულები” უწოდა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ამაზე უფრო სამარცხვინო ამბავი... მართლა მათხოვრობით მიღებული... მართლა დაჩოქილი დავდივართ, დავდივართ და გულზე უნდა გასკდეს კაცი. ჩვენ ყველანი სხვათა შორის, გულგრილად ვუყურებთ იმას, რომ ამერიკა დაგვეხმარა და ამით ფულს შოულობს უსინდისო და გათახსირებული ხალხი.”

რა შედეგს გამოიღებს პრეზიდენტის ასეთი მკაცრი კილო, მთავრობის მომავალ სხდომებზე გაირკვევა, როცა ჯერი გენერალური პროკურორის მოხსენებაზე მიდგება. თავად პრეზიდენტი უკან დახევას თითქოს აღარ აპირებს. ის, როგორც ვნახეთ, რეპრესიების დაწყებით დაიმუქრა. ეს არის, რომ მსგავსი მუქარები უწინაც არაერთხელ გვსმენია.
XS
SM
MD
LG