Accessibility links

logo-print

ავღანეთის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია


ანდრო ეული, პრაღა 22 იანვარს ტოკიოში დამთავრდა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილე ქვეყნებმა გადაწყვიტეს,

მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ოთხნახევარი მილიარდი დოლარი გამოუყონ დასახმარებლად ომით გაჩანაგებულ ავღანეთს. მიმდინარე წელს ქაბული 1,8 მილიარდ დოლარს მიიღებს.

კონფერენციას, რომელსაც 50-მდე ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს ყოფილი უმაღლესი კომისარი, სადაკო ოგატა თავმჯდომარეობდა. ამ ორდღიან ფორუმს მან წარმატებული უწოდა და შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, შორეულ პერსპექტივაშიც გაუწიონ ავღანეთს დახმარება. თუმცა, ზოგი დღესვე შიშობს, რომ ტოკიოს კონფერენციაზე გაკეთებული ესა თუ ის დაპირება დაპირებადვე დარჩება, რადგან ადრე თუ გვიან ავღანეთის პრობლემა აქტუალობას დაკარგავს.

გაეროს ცნობის თანახმად, ე.წ. ”საწყისი ფონდი”, რომელიც გასულ თვეში, ბონში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა დააარსეს ავღანეთის დროებითი მთავრობის დასაფინანსებლად, დღემდე არ შევსებულა და დაპირებული 18 მილიონი დოლარის ნაცვლად ამ ფონდში დღეისათვის მხოლოდ 8 600 000 დოლარია ჩარიცხული.

ბრიტანელი ექსპერტი ბალკანეთის საკითხებში მაიკ ტეილორი მოელის, რომ ავღანეთის აღსადგენად დაპირებული თანხიდან ქაბულმა წელს, შესაძლოა, მხოლოდ ნახევარი მიიღოს. მეორე ბრიტანელი სპეციალისტი, სამხრეთი აზიის საკითხების ექსპერტი გარეტ პრაისი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ავღანეთის აღსადგენად გამოყოფილი სახსრები, შესაძლოა, არადანიშნულებისამებრ გამოიყენონ. პრაისის აზრით, იმისთვის, რათა ქვეყანამ დაპირებული თანხა მიიღოს, აუცილებელია ავღანეთში მშვიდობა და წესრიგი დამყარდეს. ”დონორ ქვეყნებს სურთ, გარკვეული იყვნენ იმაში, თუ რომელ პროექტებს ხმარდება კონკრეტულად მათს მიერ გამოყოფილი თანხაო” – აღნიშნა პრაისმა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ჯეიმს ვულფენსონის თქმით, აუცილებელია ავღანეთში საბანკო სისტემის რეფორმა, ანგარიშგებიანი ღია საფინანსო სისტემის შექმნა, რათა ავღანეთის აღსადგენად გამოყოფილი თანხა უმიზნოდ არ იქნეს განიავებული.

ავღანეთის დროებითი მთავრობის მეთაურმა, ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობის უპირველესი მიზანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა.

რაც შეეხება დონორი ქვეყნების დაპირებას, შორეულ პერსპექტივაში გაუწიონ ავღანეთს ფინანსური დახმარება, ზოგიერთი ევროპელი დიპლომატის თქმით, ევროკავშირი მზად არის, დიდძალი კაპიტალი დააბანდოს ავღანეთში უახლოეს წლებში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანაში ბოლო მოეღო ძმათაშორის ბრძოლასა და ნარკოტიკების კონტრაბანდას.

შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ვაშინგტონი ავღანეთს შორეულ პერსპექტივაშიც გაუწევს დახმარებას, ხოლო ფინანსთა მინისტრმა, პოლ ო’ნილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია მომხრე არ არის ავღანეთის მთავრობისთვის ფულის პირდაპირი გადარიცხვისა, ვინაიდან ამ ქვეყანაში ჯერ არ შექმნილა სტრუქტურა, რომელიც სათანადო კონტროლს გაუწევდა საფინანსო ოპერაციებს.
XS
SM
MD
LG