Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური აფეთქების დეტონატორებად, შესაძლოა, მასწავლებლები იქცნენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 25 იანვრისთვის დაგეგმილი პარლამენტის საგანგებო სხდომაზე პარლამენტარებს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტში მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდისთვის თანხების გამონახვა მოუწევთ.

პრეზიდენტის მცდელობა, საერთო ენა გამოენახა მასწავლებლებთან, წარუმატებელი აღმოჩნდა.

23 იანვარს, გვიან საღამოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მასწავლებელთა პროფკავშირის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება მასწავლებელთა ხელფასების 30 პროცენტით ზრდის თანხები. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გამართულ მასწავლებელთა ფორუმზე მასწავლებელთა პროფკავშირმა არ გამორიცხა ფართომასშტაბიანი გაფიცვის დაწყება იმ შემთხვევაში, თუ 2002 წელს არ გაიზრდება მასწავლებელთა ხელფას.
პრინციპში, ფრაქციათა უმრავლესობა თავადაც აყენებდა მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების მოთხოვნას. თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, დაუჯერებლად გამოიყურება მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდის რეალურობა მაშინ, როცა სახელმწიფო არსებულ მიზერულ ხელფასსაც ვერ უხდის მასწავლებელს. ბოლო ინფორმაციით, სახელმწიფოს დავალიანება მასწავლებლებისადმი 40 მილიონ ლარს აღწევს.
სხვა საკითხია, რომ მასწავლებლები, რომლებიც აქამდე "გმირულად" უძლებდნენ არა მხოლოდ უმძიმეს სოციალურ პირობებს, არამედ იმ ცუდად გააზრებულ ექსპერიმენტებსაც, რასაც ხელისუფლება განათლების რეფორმას უწოდებს. ფაქტია, რომ ტესტირების შემთხვევაში ხელფასების გაზრდის დაპირება, რიგ შემთხვევაში, მხოლოდ კეთილ სურვილად დარჩა, მასწავლებლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კი უცვლელი. ამჯერად, მასწავლებლები მხოლოდ დაპირებებს არ ჯერდებიან და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას აპირებენ.
ბრძოლის ფორმა სხვადასხვაა. მაგალითად, თბილისის 154-ე საშუალო სკოლის დირექტორი გოჩა გურგენიძე 21 იანვრიდან საარსებო მინიმუმის მოთხოვნით შიმშილობს. 24 იანვარს მას 142-სკოლის პედაგოგებიც შეუერთდნენ. პედაგოგები აპროტესტებენ პრეზიდენტთან შეხვედრისას მიღებულ შეთანხმებას, ახალი სასწავლო წლიდან ხელფასების 30 პროცენტით მომატების შესახებ. პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ სექტემბერში ბიუჯეტის სეკვესტრის აუცილებლობა ხელფასების მომატების დაპირებას შეუსრულებელს გახდის. სკოლის მოშიმშილე დირექტორს მხარდაჭერას პოლიტიკური პარტიებიც უცხადებენ. 24 იანვარს გოჩა გურგენიძეს მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" დელეგაცია ესტუმრა - როგორც ირკვევა, მოშიმშილე ამ პარტიის წევრი ყოფილა. თუმცა, გოჩა გურგენიძისა და მრეწველების ლიდერის გოგი თოფაძის ემოციური საუბრით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არ არის, მრეწველთა მოძრაობის რიგები შეთხელდეს - გოჩა გურგენიძე აღშფოთებულია არა მხოლოდ იმით, რომ დაპირებების მიუხედავად, ფრაქცია მრეწველებმა არაფერი გააკეთეს მასწავლებელთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არამედ პირველი წაკითხვით მხარი დაუჭირა 2002 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ახანგძლივებს პედაგოგთა ღირსებააყრილ ცხოვრებას.
XS
SM
MD
LG