Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის სტატუსისა და კონფლიქტის რეგულირება


ბოლო დროს, აფხაზეთის საკითხის ირგვლივ ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. საპროტესტო აქციები, ენგურის ხიდთან და სახელმწიფო კანცელარიასთან,

ხელისუფლებას აიძულებს საზოგადოების აზრს ანგარიში გაუწიოს, თუმცა კი საერთაშორისო ვალდებულებები საპირისპიროს მოითხოვს. ამ გაურკვევლობიდან გამოსავალი, კონცეფციის სახით, საზოგადოებას საპარლამენტო ფრაქცია „აფხაზეთი - ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა დემურ გიორხელიძემ შესთავაზა.

საქართველოს ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის წარმოებისას არც თუ იშვიათად უხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში არაპოპულარულია, თუმცა კი ასეთი გადაწყვეტილებების წყალობით უფრო დიდი წარმატებების მიღწევა ხერხდება ხოლმე. ამის ერთ-ერთი მაგალითია ერთი წლის წინანდელი, ქართულ-აფხაზური შეთანხმება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში პოლიტიკური დანაშაულის დასჯის შესახებ. რომლის საფუძველზეც დღემდე არავინ დაზარალებულა, თუმცა კი, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამ შეთანხმებამ განაპირობა გუდაუთის სამხედრო ბაზის საბოლოო დემონტაჟზე რუსეთის დაყოლიება.

ამჟამად შექმნილი ვითარება კი ხელისუფლებას ისეთი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აღარ აძლევს, რაც მომავალ დიპლომატიურ წარმატებას განაპირობებდა. იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ მოქალაქეებს ხელისუფლების აღარ სჯერათ.

საქართველოს პარლამენტის წევრის დემურ გიორხელიძის მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის განხილვაც 24 იანვარს გაიმართა, ხელისუფლებას და საზოგადოებას აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების ისეთ გზებს სთავაზობს, რაც ურთიერთნდობას არამარტო ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ხელისუფლების მიმართაც აღადგენდა. ეს არის მის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის შეუქცევადობასა და მართვაზე პასუხისმგებლობის აღება. ანუ ის, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება პროცესების კონტროლს შეძლებს, არ დაუშვებს კონფლიქტის ხელახალ ესკალაციას და აფხაზურ მხარესთან სამშვიდობო დიალოგს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.

ამასვე გვირჩევს საერთაშორისო ორგანიზაციებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებისაგან იმ ჩარჩოებში მოქმედებას მოითხოვენ, რომელიც კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით არის შემოფარგლული. ვინაიდან ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით მყარ და ნათელ პოზიციას ვერ აყალიბებს, ამიტომაც „გაეროს" გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მკაცრად მოითხოვა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ანუ კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს ნაწილების გაყვანა და სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის გაგრძელება. ერთადერთი რასაც თბილისი ამ ეტაპზე ახერხებს, ეს სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის შეცვლის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაა. თუმცა აქაც მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა ნაკლებად რეალურია. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ოთხი თუ ხუთი სახელმწიფოა, ვისაც სამშვიდობო მისიის უფლება აქვს. მათი მშვიდობისმყოფელების აფხაზეთში განლაგებას კი გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი სჭირდება, რაც რუსეთის ფაქტორის გამო გადაულახავ წინააღმდეგობად იქცა. თუ მეორე ვარიანტს, ანუ მდინარე ღალიძგაზე რუსი მშვიდობისმყოფელების გადასვლას განვიხილავთ, ესეც ნაკლებად რეალურად გამოიყურება, რადგან ამას აფხაზური მხარეც უნდა დაეთანხმოს.

ასეთი ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს გიორხელიძის კონცეფცია იძლევა. ჯერჯერობით მას მხოლოდ საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე იზიარებს.
XS
SM
MD
LG