Accessibility links

logo-print

ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გივი თარგამაძე საქართველოს პრეზიდენტს კორუფციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს


მთავრობის 23 იანვრის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მძარცველებს ნამდვილი რეპრესიებით დაემუქრა და გენერალურ პროკურორს ერთი თვის ვადაში დამნაშავე ჩინოვნიკების გვარების დასახელება და მათი “სოროებიდან გამოთრევა”დაავალა.

როგორც ცნობილია, ედუარდ შევარდნაძის გაცხარება გამოიწვია მთავრობის სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოხსენებამ, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების 1998 წლის ხორბლის კრედიტიდან 1,2 მილიონი ლარის უგზო-უკვლოდ დაკარგვაზე იყო საუბარი.

თუმცა ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს წევრი, გივი თარგამაძე საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას ცინიკურს უწოდებს. 24 იანვარს “თავისუფლების ინსტიტუტში” გამართულ პრესკონფერენციაზე თარგამაძემ კორუფციის ხელშეწყობაში სწორედ ედუარდ შევარდნაძე და მისი სანათესაო დაადანაშაულა.

ამ ბრალდებათა დასადასტურებლად ანტიკორუფციული საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურ წევრს კიდევ ერთხელ მოუხდა გაეხსენებინა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გასხვისებასთან დაკავშირებული გრძელი ისტორია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით დასრულებულად ჩათვალა მას შემდეგ, რაც კომბინატს ახალი ინვესტორი გამოუჩნდა თურქული კომპანია “ჩუქუროვას” სახით.

მაშ ასე, რა დაინტერესება აქვს ედუარდ შევარდნაძესა და მის ახლო სანათესაოს “სამრეწველო გიგანტის” პრივატიზებასთან?

როგორც ირკვევა, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და ფირმა “სოვტურს” შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 1996 წლის 4 ნოემბერს გაფორმდა. კონტრაქტის მიხედვით “სოვტური”კისრულობდა დაეფარა ერთ-ერთი ღუმელის ამოქმედების, ნარჩენების გადამამუშავებელი საამქროსა და ტექნიკურ-იურიდიული დახმარებისათვის საჭირო თანხა, საერთო ჯამში – 9 750 000 აშშ დოლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს გაფორმდა მეორე დოკუმენტი - გირავნობის ხელშეკრულება და განისაზღვრა გაცემული თანხების დაფარვის გრაფიკი. მეტალურგიული კომბინატი ვალდებულებას ღებულობდა ვალი 11 ნაწილად 2000 წლის 15 თებერვლამდე დაებრუნებინა. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეტალურგიულ კომბინატის ნაწილი უნდა გადასცემოდა “სოვტურს”, რომლის 100%-იანი დამფუძნებელიც, თარგამაძის მტკიცებით, სწორედ ზემოხსენებული თურქული ფირმა “ჩუქუროვა”აღმოჩნდა.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ 1997 წელს კომბინატის პრივატიზება გადაწყვიტა.
[გივი თარგამაძის ხმა] “საკონტროლო პაკეტი იქნა გამოტანილი კონკურსზე და გამარჯვებულს ენიჭებოდა მართვის უფლება ათი წლით. კონკურსში გაიმარჯვა კომპანია “მეტალურგნავთობგაზინვესტმა”. წინამდებარე “სოვტურისა” და კომბინატის ხელშეკრულების მიხედვით, ასეთი ტიპის ღონისძიება განაპირობებდა ხელშეკრულების რღვევას და, შესაბამისად, კომბინატს უნდა დაეფარა ეს მთლიანი თანხა ან მისი სახსრებიდან ან უკვე ახალი ინვესტორის მიერ”.

ანტიკორუფციული ბიუროს წევრის განცხადებით, ამ ვითარებაში მეტალურგიულ კომბინატს მხსნელად მოევლინა “თბილკრედიტბანკი”, რომლის უკანაც საქართველოს პრეზიდენტის მძახლის გურამ ახვლედიანის ფინანსური ინტერესი გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ “თბილკრედიტბანკმა” გაიღო ხელშეკრულების მთლიანი საფასურის გარანტია თამასუქების სახით, მალე ბანკი თავად აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე, რის გამოც ვალდებულების შესრულება ვეღარ შეძლო.
აქედან გამომდინარე გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სანათესაოს ამ ისტორიაში მონაწილეობა აღმოჩნდა გადამწყვეტი არგუმენტი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ ყოველგვარი საბანკო გარანტიის გარეშე დართო ნება თურქულ ფირმა “ჩუქუროვას” დაპატრონებოდა რუსთავის კომბინატს.
[გივი თარგამაძის ხმა] “ამდენად ჩვენი პრეზიდენტის ოჯახის ყველაზე აქტიურმა ფრთამ გადაწყვიტა, რომ თავისი ქონების “ჩუქუროვასთვის” გადაცემაზე უფრო სარფიანია მას გადასცენ ქარხანა, მეტალურგიული ქარხანა”.

თუმცა ასეთ კონტექსტში თურქული ფირმის ხსენებას არ ეთანხმება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე, რომელმაც ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ თურქული ფირმა საქართველოს ხელისუფლების მიერ იქნა მოწვეული და მან სამთავრობო გარანტია წარმოადგინა.
XS
SM
MD
LG