Accessibility links

logo-print

მეწარმეებს საქართველოში ბიზნესის დამოუკიდებლად წარმოების არ სჯერათ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბიზნესის ლეგალურად წარმართვა საქართველოში სულ უფრო ძნელი ხდება.

ოფიციალური თუ არაოფიციალური საგადასახადო წნეხის გარდა ქართველ მეწარმეს სხვადასხვა ჩინოვნიკური თუ კრიმინალური ბარიერის გადალახვა უწევს. ცოტა ხნის წინ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მსოფლიო ბანკის დაკვეთით, მოაწყო მეწარმეების გამოკითხვა, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულად ასახავს იმ ტენდენციებს, რაც მეწარმეობის განვითარებას უშლის ხელს.

ქართველ მეწარმეთა აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საკუთარი ძალებით ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ეკონომიკის ექსპერტები, რომელთაც მსოფლიო ბანკის დაკვეთით შესრულებული გამოკითხვის შედეგები შეაჯამეს. გამიკითხვის მიზანი იყო იმ ტენდენციების გამოკვეთა, რომელიც საქართველოში ეკონომიკის განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს გამოავლენდა.

მეწარმეებისათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსური რესურსების დეფიციტია. ნებისმიერი საქმის განვითარება გარკვეულ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. ადგილობრივი ფინანსური კაპიტალის სიმწირის პირობებში ბიზნესმენები ან საბანკო დაწესებულებებს შეჰყურებენ, ან საგარეო ინვესტიციების იმედად რჩებიან. გამოკითხულთა 80-90 პროცენტი ამ რესურსების სიძვირესა და ხელმიუწვდომლობაზე ”წუწუნებს”.

მეორე სერიოზული პრობლემა ბიზნესის კრიმინალიზაციაა. მეწარმეების აზრით, გასული წლის განმავლობაში არაოფიციალური გადასახადები გაიზარდა. გარდა ამისა, ბიზნესმენთა 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქმის წარმატებისათვის აუცილებელია, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გავლენიანი მფარველი გყავდეს. მეწარმეების ერთი მეოთხედი კი ამგვარი ”კრიშების” ყოლას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა შორის არჩევს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მფარველობის გარეშე ბიზნესის წარმოებას თითქმის ყველა შეუძლებლად მიიჩნევს.

გამოკითხვამ ცხადყო, რომ საქართველოში საწარმოების დიდი უმეტესობა სანახევროდაც არ არის დატვირთული. ქართველ მეწარმეებს ასევე სერიოზულად აწუხებთ ნედლეულის პრობლემა. ბიზნესმენთა ნახევარზე მეტი იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს, ხოლო მზა პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ეკონომიკური აღმავლობისათვის კი აუცილებელია შიდა წარმოების ნედლეულსა და მომსახურებაზე მოთხოვნის გაფართოება, საექსპორტო პროდუქციის ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება.

გამოკითხვის მიხედვით, ბიზნესისათვის ხელისშემშლელი ფაქტორები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ხელისშემშლელ მიზეზად მეწარმეთა უმრავლესობას ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ინტერესების დაუცველობა, მაღალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფცია მიაჩნია.
მეორე ადგილზე საგადასახადო სისტემის მოუწესრიგებლობა ”გავიდა”, ხოლო მესამე სერიოზულ მიზეზად კონტრაბანდისაგან დაუცველობა, საკრედიტო რესურსების მიუწვდომლობა და ენერგოკრიზისი დაასახელეს.

როგორც ხედავთ, ჩატარებული გამოკითხვის შედეგები არცთუ პოზიტიურ სურათს ქმნის და ნამდვილად იძლევა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული დასკვნების გამოტანის საბაბს.
XS
SM
MD
LG