Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბი პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებას ელიან


ბრძანებულების პროექტი, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში შეიმუშავეს, პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებას ისახავს მიზნად.

უფრო ზუსტად იმ ლაფსუსების აღმოფხვრას, რომლებიც სახელმწიფო ქონების დროებით მმართველობაში გადაცემას დაუკავშირდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, აღნიშნული ბრძანებულება სერიოზულ ბარიერებს შეუქმნის იმათ, ვისაც სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების ხელოვნურად გაკოტრება აქვთ ჩაფიქრებული.

დიდი აჟიოტაჟით დაწყებული პრივატიზაცია, რომელიც თითოეული ჩვენგანის მომავალი კეთილდღეობის გარანტი უნდა გამხდარიყო, მომგებიანი მხოლოდ საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლებისთვის აღმოჩნდა. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, რამდენად სწორად წარიმართა საქართველოში პრივატიზაცია და რამდენად კანონიერად მოხდა სახელმწიფო ქონების გასხვისება. ამ პროცესის შედეგებს, ცალკეული პოლიტიკოსები დღეს თავის პოპულისტურ პოლიტიკას არგებენ, საზოგადოებას პრივატიზაციის მავნებლობაზე მოუთხრობენ და პირდებიან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უკანონოდ გასხვისებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას შეეცდებიან. ისინიც და სხვებიც კაპიკებად გაყიდულ სახელმწიფო ქონებას მისტირიან, თუმცა, ეკონომიკური ექსპერტების აზრით, ცნობილი ნულოვანი აუქციონები იძულებითი ნაბიჯი იყო, რამდენადაც სახელმწიფო ქონების უკეთეს პირობებში გაყიდვა მხოლოდ დროული და წესიერი პრივატიზაციის შემთხვევაში შეიძლებოდა მომხდარიყო.

ასე იყო თუ ისე, საქართველოში ჩატარებულ პრივატიზაციას საწარმოთა ამოქმედების ნაცვლად, მათი ხელიდან ხელში გადასვლა მოჰყვა. პირწმინდად წამგებიანი აღმოჩნდა პრეზიდენტის 2000 წლის 17 თებერვლის ბრძანებულებაც, რომელიც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას ეხებოდა. 2000 წლის შედეგების მიხედვით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ 1588 საწარმოთაგან, მოგებაზე მხოლოდ 391 - მა იმუშავა. 996 - მა საწარმომ კი სამეურნეო წელი 151,2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო დარგობრივი სამინისტროებისთვის გადაცემული ქონების უკან დარუნების და ზოგიერთი საწარმოს დეპრივატიზაციის ინიციატივით გამოდის. ამასთან დაკავშირებით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 24 იანვარს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ითქვა, უკვე მომზადებულია "საწარმოთა დეპრივატიზაციის შესახებ" ბრძანებულების პროექტი, რომლის მიხედვით:

[გია გაბრიჩიძის ხმა] "პირველ რიგში უნდა მოხდეს მართვის უფლებით გადაცემული საწარმოების ქონების მართვის სამინისტროსთვის დაბრუნება, რის შემდეგაც მათი მართვა დეპარტამენტებსა და სამსახურებს დაევალება, ხოლო მეორე ეტაპი განხორციელდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების წილისა და აქციების მართვის სრულყოფისთვის".

"რეფორმების საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის" წარმომადგენელი გია გაბრიჩიძე დარწმუნებულია, რომ ეს მექანიზმი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელოვნურად გაკოტრების პროცესს შეაფერხებს.

[გია გაბრიჩიძის ხმა] " ხდება რა, ხდება ძალით გაკოტრება ამა თუ იმ საწარმოსი და შემდეგ მისი კაპიკებად შესყიდვა, ეს კი მოქმედებს ჩემზეც, თქვენზეც და საერთოდ ყველაზე."

ყველას კარგად გვახსოვს, თუ რომელ ობიექტებში ჰქონდა ადგილი ხელოვნურ გაკოტრებას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისინი მაინც შეგვახსენეს:

[ჩართვა] "ყველას კარგად გვახსოვს ზესტაფონის "ფეროში" ატეხილი აჟიოტაჟი, იქ მიდიოდა ქარხნის ხელოვნური დაკნინება. ანალოგიური მოხდა მცხეთაში, "ჭიათურმანგანუმში" და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო უნიათო პოლიტიკის შედეგი, ჩვენ ვთვლით, რომ ახალი ბრძანებულების პროექტი ამ პროცესს გარკვეულ ჩარჩოებში მაინც მოაქცევს."

არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ: "რეფორმების საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი", "თავისუფალი მოძრაობა", "ეკონომიკურ ურთიერთობათა ახალგაზრდული ცენტრი" და "ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფონდი" მხარს უჭერენ ზოგიერთ საწარმოთა დეპრივატიზაციის ინიციატივას. აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დეპრივატიზაციის შემდეგ კვლავ უნდა დაისვას საწარმოთა პრივატიზაციის საკითხი და უკვე დეპრივატიზებული ობიექტების ხელახალი პრივატიზაციის პროცესი მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც უნდა გააკონტროლონ.
XS
SM
MD
LG