Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კვლევების ცენტრის ჟურნალ - "ახალი აზრის" მეორე ნომერი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი შარშან, სექტემბრის ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენ გიამბეთ ჟურნალ "ახალი აზრის" შესახებ, რომელიც "პოლიტიკური კვლევების ცენტრმა" გამოსცა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით.

ახალახანს გამოვიდა ჟურნალის მეორე ნომერი.

რადიომსმენელებს შევახსენებ, რომ ჟურნალ "ახალი აზრის" გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია - "პოლიტიკური კვლევების ცენტრი". ის აერთიანებს ახალგაზრდა ექსპერტებს, პოლიტოლოგებსა და პოლიტიკით დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აკადემიური განათლება მიღებული აქვთ დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ცენტრებში.

ჟურნალს დაემატა ორი ახალი რუბრიკა - "პოლიტიკა" და "სტუმარი". ამ უკანასკნელი რუბრიკის გაჩენა განაპირობა სარედაქციო კოლეგიის მოსაზრებამ - დაუთმოს ჟურნალის ფურცლები განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს. რუბრიკით "სტუმარი" მეორე ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ პარლამენტარ კობა დავითაშვილთან.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ "ახალი აზრის" მეორე ნომრის ყველა სტატია აქტუალობით გამოირჩევა, თუმცა ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით ესადაგება დღევანდელობის პრობლემებს. ერთ-ერთი ასეთია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასპირანტის გიორგი ხელაშვილის სტატია სათაურით - "პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი? კონსტიტუციური სტრუქტურები და დემოკრატიის კონსოლიდაციის პრობლემა".
კარგად მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელ ხანს საქართველოში აქტიურად განიხილება კონსტიტუციური ცვლილებებისა და მასთან დაკავშირებული მინისტრთა კაბინეტის შემოღების თემატიკა. ავტორს ძალიან კარგად აქვს დახასიათებული როგორც საპრეზიდენტი, ისე საპარლამენტო სისტემების დადებითი და უარყოფითი მხარეები, აგრეთვე, დემოკრატიის კონსოლიდაციის პრობლემა. ავტორის პოზიციაზე წარმოდგენის შესაქმნელად გაგაცნობთ სტატიის დასასრულს მოყვანილ მოსაზრებას -ციტატა: რასაკვირველია, დემოკრატიის კონსოლიდაციის პრობლემას ყველგან, მათ შორის საქართველოში, უფრო სერიოზული ფაქტორები განაპირობებს, ვიდრე მმართველობის კონსტიტუციური სტრუქტურა. მიუხედავად ამისა, საპრეზიდენტო სისტემის შეცვლას საპარლამენტო სისტემით,შესაძლოა, დემოკრატიის განვითარების დაჩქარება მოჰყვეს- ციტატის დასასრული.

პანკისისა და კოდორის ხეობის პრობლემებს ეძღვნება დამოუკიდებელი ექსპერტის ვასილ გიორგაძის სტატია, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იყო გამზადებული დასაბეჭდად. მართალია, მას შემდეგ ახალი მოვლენები განვითარდა, მაგრამ როგორც ჟურნალ "ახალი აზრის" რედკოლეგიის წევრი კახა ოქროჯანაშვილი აღნიშნავს: [ოქროჯანაშვილის ხმა] "დღეს ეს სტატია კიდევ უფრო აქტუალური გახდა იმის გამო, რომ კარგად ვიცით, რა ხდება პანკისის ხეობაში, იქ რა ძალები მოქმედებენ კიდევ, რა მღელვარებაა და, მე მგონი, ძალიან საინტერესო და დღევანდელი ვითარებისთვის ძალიან აქტუალური სტატიაა."

ასევე მეტად აქტუალურია "ეკონომიკის" რუბრიკით დაბეჭდილი სტატია სათაურით "კასპიის სანავთობო პროექტები და საქართველოს მომავალი". მისი ავტორია "პოლიტიკური კვლევების ცენტრის" თანამშრომელი ნიკოლოზ ჩიტაძე.

დაბოლოს: მართალია, ჟურნალ "ახალი აზრის" მეორე ნომერი ერთგვარი დაგვიანებით გამოიცა, მაგრამ, როგორც კახა ოქროჯანაშვილი გვამცნობს, სულ მალე გამოვა მესამე ნომერი, რომელიც, მისი თქმით, არანაკლებ საინტერესო იქნება, ვიდრე წინა ორი.
XS
SM
MD
LG