Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ


გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, უშიშროების საბჭოს წარუდგინა მოხსენება, რომელშიც აღწერილია აფხაზეთის კონფლიქტში სადღეისოდ შექმნილი ვითარება და გამოთქმულია რეკომენდაციები მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია გაეროს მეთვალყურეთა მისიისთვის მანდატის კიდევ ექვსი თვით გაგრძელებას ითვალისწინებს.

ანგარიშში გაეროს გენერალური მდივანი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში წინსვლა შეინიშნება. წინსვლად კი კოფი ანანი თავისი საგანგებო წარმომადგენლის, დიტერ ბოდენის მიერ მხარეთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ დოკუმენტის შემუშავებას მიიჩნევს.

ანგარიშის თანახმად, ბოდენის გეგმა გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ან, სხვაგვარად თუ ვიტყვით, შუამავალი ქვეყნების სრული მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, კოფი ანანი იქვე დასძენს, რომ დოკუმენტისადმი არაერთი პრეტენზია აქვს აფხაზთა მხარეს. ამის მაგალითად ანანს მოჰყავს სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის, ანრი ჯერგენიას კატეგორიული უარი, განიხილოს დოკუმენტი, რომელშიც აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად იქნება მოხსენიებული. არადა, ბოდენის დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთის სტატუსის შესახებ მომავალი მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უნდა ემყარებოდეს.

“და მაინც, – აღნიშნავს გაეროს გენერალური მდივანი – ამ დოკუმენტმა შეიძლება მწვანე შუქი აუნთოს ისეთი მოლაპარაკების დაწყებას, რომლის მსვლელობაში შეთანხმებას თვით კონფლიქტის მონაწილე მხარეები მიაღწევდნენ.” კოფი ანანი მხარეებს მოუწოდებს, ხელიდან არ გაუშვან ხელსაყრელი მომენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას დაადგნენ.

სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთ უმთავრეს შემაფერხებლად გაეროს გენერალური მდივანი კოდორის ხეობაში საქართველოს ჯარის ნაწილების ყოფნას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამით 1994 წელს, მოსკოვში მიღწეული შეთანხმება ირღვევა. კოფი ანანის თქმით, აფხაზთა ხელმძღვანელობა უარს აცხადებს საქართველოს მხარესთან მოლაპარაკების განახლებაზე, ვიდრე ეს უკანასკნელი კოდორის ხეობიდან თავის ჯარს არ გაიყვანს.

მიუხედავად ამისა, ბოლო სამი თვის მანძილზე, თუ ანგარიშს დავუჯერებთ, პოლიტიკურ პროცესებში პროგრესი შეინიშნება. გასულ ზაფხულთან და ადრეულ შემოდგომასთან შედარებით, უფრო მშვიდი ვითარებაა გაეროს მეთვალყურეთა მოქმედების რაიონშიც. გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ 17 იანვარს მიღწეული შეთანხმება კოდორის ხეობიდან საქართველოს ჯარების გაყვანის შესახებ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ანანის თქმით, ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ და სრულად უნდა განხორციელდეს.

ეხება რა გაეროს მისიის საქმიანობას, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისია კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც კონფლიქტის ზონაში სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში, ისე ამ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესში. ამის გათვალისწინებით კოფი ანანი რეკომენდაციას აძლევს გაეროს უშიშროების საბჭოს, კიდევ ექვსი თვით – 2002 წლის 31 ივლისამდე გაუგრძელოს მანდატი გაეროს მეთვალყურეთა მისიას.

გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის სრული ტექსტი იხ. შემდეგ მისამართზე:

http://www.un.org/Docs/sc/reports/2002/88e.pdf
XS
SM
MD
LG